ჩვენში საერთო მეტია — დისკუსიების სერია, რომელიც მრავალფეროვნების ისტორიებს უყრის თავს
"თავიდან ძალიან მიჭირდა. მამაჩემს ვუთხარი, სახლში უნდა დავბრუნდე-მეთქი. მან მითხრა, რა უნდა დაბრუნდე, მანდ დარჩი. ძნელია, მაგრამ კარგად იქნება ყველაფერიო. დავრჩი და შვიდი წლის მერე მამაჩემს დიდი მადლობაც გადავუხადე, რადგან დღეს უკვე კარგად ვარ", — იხსენებს წარმოშობით ნიგერიელი ფეხბურთის მწვრთნელი და მსახიობი, ბრაიან იდოუ.
ბრაიანი უკვე 16 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. აქ მას ოჯახიც ჰყავს. ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა, თუმცა, ამბობს, რომ დღეს თავს უკვე კარგად გრძნობს. სირთულეები კი, რასაკვირველია, უცხო ქვეყანაში ცხოვრებას უკავშირდებოდა — იდოუმ ახალგაზრდა ასაკში დატოვა სამშობლო და შორეულ "ჯორჯიაში" გადასახლდა, რომელზეც მაინცდამაინც ბევრი არ სმენოდა.
ბრაიან იდოუ ერთ-ერთი სტუმარი იყო დისკუსიების სერიისა ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას — ჩვენში საერთო მეტია. ეს შეხვედრები სულ ცოტა ხნის წინ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კამპანიის ფარგლებში გაიმართა. მისი მხარდამჭერები ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არიან.
სამ შეხვედრას, რომელსაც სასტუმრო სტამბამ უმასპინძლა, მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე უძღვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების თემატიკა მსგავსი იყო, დისკუსიებმა სრულიად სხვაგვარი მიმართულება მიიღო, რადგან სტუმრების ისტორიები და გამოცდილება განსხვავდებოდა.
"საქართველოში რომ პირველად ჩამოვედი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა მეცხოვრა", — ჰყვება ბრაიანი თავისი ახალი გამოცდილების დასაწყისს, — "პირველივე [ქართველი] ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ საზღვარგარეთ გავიცანი, ქართულად მელაპარაკა. მე არ მესმოდა, მაგრამ ისე თბილად მესაუბრებოდა, რომ მივხვდი, კარგ ადგილას მოვდიოდი".
იდოუს თქმით, ქვეყანაში ჩამოსვლიდან მალევე შეიძინა მეგობრები, რომელთანაც დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს. ურთიერთობებთან ერთად, წლებმა ვერც ბრაიანის დამოკიდებულებები შეცვალა. მეტიც, დღეს თავს ლამის იმერელადაც კი მიიჩნევს და ხუმრობს, ბაჩო გელეიშვილი ვარ სამტრედიიდანო.
თუმცა, როგორც თავადვე იხსენებს, თავიდან ასე ადვილი არ ყოფილა. არც იმას მალავს, რომ ბევრჯერ კონფლიქტიც ჰქონია. მაგრამ, დღეს ამბობს, რომ მაშინ დიდ დაბრკოლებას ენის არცოდნა წარმოადგენდა.
ამატებს, რომ უფროსების დამოკიდებულებები ბავშვების საქციელს განსაზღვრავს, რადგან წინათ თვითონ შეესწრო ასეთ სიტუაციას — როგორ ასწავლიდა მშობელი შვილს სტერეოტიპულ და დისკრიმინაციულ წარმოდგენას, მოგვიანებით კი ბავშვი იმავეს იმეორებდა.
ბრაიანი კი დღეს ყველანაირად ცდილობს, თავის შვილს მსგავსი გამოცდილება თავიდან ააცილოს და ხელი შეუწყოს მისი ინტერესების განვითარებაში.
"მე ყველანაირად დავეხმარები სწავლაში. რომ გაიზრდება, თავადვე აირჩევს, როგორი ცხოვრება უნდა, რომ ჰქონდეს. მაგრამ მე მინდა, რომ კარგად იცხოვროს", — დასძენს იდოუ.
შვილების გამოცდილებაზე უკეთ სასაუბროდ კი შეხვედრა ქართველი ტელემაყურებლისთვის ცნობილ სახესთან, წამყვანთან და მოდელთან, მარიამ სანოგოსთან, შედგა. იგი საფრანგეთში დაიბადა და 2 წლის იყო, დედამ რომ საქართველოში ჩამოიყვანა.
რადგან ეს პერიოდი ქვეყნისთვის მეტად მძიმე სოციოეკომონიკურ პერიოდს დაემთხვა, მარიამს წინათ აინტერესებდა კიდეც, რატომ გადაწყვიტა მისმა მშობელმა აქ ჩამოსვლა. თუმცა, პასუხი მარტივი აღმოჩნდა — იგი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობდა საზღვარგარეთ და დასრულების შემდეგ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. ამის მიუხედავად, სანოგო მაინც აღნიშნავს, რომ "ამ გადმოსახედიდან" საკუთარ თავს საფრანგეთში უკეთ არ ხედავს.
"ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ჩემი იდენტობა და ის, ვინც დღეს ვარ, ჩამოაყალიბა იმ გარემომ, სადაც გავიზარდე — ამ კულტურამ, ამ ადამიანებმა", — ამბობს მარიამი, — "არ მგონია, რომ სხვა შემთხვევაში, ცუდი ვიქნებოდი. მაგრამ, ვფიქრობ, არ ვიქნებოდი ასეთი ძლიერი და გამოცდილი, 'სათბურში' რომ გავზრდილიყავი".
იმისათვის კი, რომ ძლიერი ყოფილიყო, მარიამს ბრაიანის მსგავსად ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა — მით უმეტეს, რომ იგი აქ იზრდებოდა. მოზარდობის ასაკში გამუდმებით დასმულ შეკითხვებსაც შეეგუა, მერე კი მიხვდა, რომ ეს მისი ყოველდღიურობა იყო: ყოველ დღე ახალი რამ უნდა ესწავლა. მაგალითად ის, რომ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიეტანა — უპირველესად კი, გადაჭარბებული ყურადღება მის მიმართ.
განგრძობით და ცოცხალ პროცესად მიაჩნია სანოგოს ტოლერანტობის დამტკიცებაც — უფრო სწორად, საქმით დამტკიცება.
"ქართული ტოლერანტობა უკვე (არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის) ძეგლად მიიჩნევა", — აღნიშნავს მარიამი, — "ძალიან საამაყოა და მეც, როგორც ქართველს, ძალიან მსიამოვნებს ხოლმე. თუმცა, მგონია, მხოლოდ ის, რომ ჩემი დიდი წინაპარი შეიძლება შემწყნარებელი ყოფილიყო, მე ავტომატურად არ მაქცევს ტოლერანტად და ამის თქმის უფლებას არ მაძლევს. ეს ზარმაცობა მგონია. მსგავს ცნებებს ყოველდღიურად დამტკიცება სჭირდებათ, რადგან სწორედ ყოველდღიური ცხოვრებიდან მოდიან".
ყოველდღიური ცხოვრება და ცოცხალი პროცესები კი მომავალი თაობისთვის ბევრ რამეს ცვლის. კითხვაზე, ყველაზე მეტად რა უნდა, რომ თავის შვილს ასწავლოს, მარიამიც ფიქრდება.
"ერთ-ერთი არის საკუთარი თავის პატივისცემა", — ამბობს ტელეწამყვანი, — "ყველაფერი ხომ საკუთარი თავიდან იწყება, მათ შორის, გარემოსთან ურთიერთობა. მსურს, საკუთარი თავის სიყვარულის შემდეგ, გარემოსთან, პრობლემებთან ურთიერთობა ისწავლოს. შეიძლება აქ ცხოვრება და სწავლა არ გადაწყვიტოს, მაგრამ ძალიან მინდა, მისი სამშობლოს სიყვარულიც ვასწავლო. თუმცა, საბოლოოდ, მე რა მინდა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, მას რა ენდომება".
სამშობლოზე ზრუნვა მარიამისთვისაც პრიორიტეტულია, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყანას დიდი ბიძგი და საქმის საყოველთაო მონდომებით კეთება სჭირდება. ამბობს, რომ ოპტიმისტია, თუმცა, "უკიდურესობის" დანახვაც შეუძლია. ამის მიუხედავად, სამომავლოდ საკუთარ თავს საქართველოში ხედავს.
ქვეყნისთვის ბიძგის მიცემასა და საყოველთაო მონდომებით საქმის კეთებაში კი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ღონისძიებების ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. ამასთან, დისკუსიების სერიის ფარგლებში შეხვედრა შედგა სამსახურის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსთან, ქეთი შუბაშვილთან.
ქეთის თქმით, ტოლერანტობასთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას, საერთაშორისო სისტემაში, როგორც წესი, ქვეყნის კანონმდებლობას იღებენ მხედველობაში. იგი დასძენს, რომ საქართველოში ამ კუთხით კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია — განსაკუთრებით, 2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის დამსახურებით. თუმცა, კანონის აღსრულება არცთუ იშვიათად ხდება ხოლმე პრობლემა.
"არახალია, რომ ფურცელზე დაწერილი კანონი პრაქტიკაში ასე კარგად არ გადმოდის", — აღნიშნავს ქეთი, — "ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ასევე საზოგადოებაში კერძო სუბიექტებისა და სხვადასხვა ჯგუფის".
თანასწორობის პრინციპით მოქმედება კი ქეთის აზრით, პასუხისმგებლობაა ფიზიკური პირებისთვისაც. თუმცა, მთავარი რგოლი, რასაკვირველია, ძალაუფლების მქონე ინსტიტუტებს ენიჭებათ. ამიტომ, ქეთის თქმით, ისინი ყოველთვის სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთონ.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე ხაზს უსვამს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულობას. ამ პროცესებში მონაწილეობას ომბუდმსმენის სამსახურიც ცდილობს — მათ შორის, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრით. ქეთის თქმით, მოზარდები თანასწორობის საკითხებით ყოველთვის ინტერესდებიან და შეკითხვებსაც სვამენ.
სახალხო დამცველის სამსახურის მხრიდან საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილი იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კამპანიაში ჩართვაც. ამ კამპანიის დამსახურებით ხომ ადამიანები სულ სხვაგვარად ხედავენ მიგრანტების ისტორიებს, მათ მონაწილეობას ქვეყნის განვითარებაში და სხვა. კამპანიის შესახებ მეტს ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე შეიტყობთ, სადაც ასევე ნახავთ შეხვედრების ჩანაწერებს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იცავს მიგრანტთა უფლებებს, ღირსებას და კეთილდღეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
კომენტარები