ასტრონომებმა ჩვენთან ახლოს მდებარე 2 სუპერდედამიწა აღმოაჩინეს
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ჩვენგან სულ რაღაც 33 სინათლის წლის მანძილზე (დიახ, კოსმოსური მასშტაბებით, ეს მცირე დისტანციად მიიჩნევა) მულტიპლანეტური სისტემა აღმოაჩინა, რომელიც დედამიწასთან ერთ-ერთი ყველაზე ახლომდებარეა.
სისტემის ცენტრში წითელი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავი, სახელად HD 260655-ა განლაგებული, რომლის გარშემოც 2 სუპერდედამიწა გადაადგილდება (დედამიწაზე დიდი, მაგრამ ურანსა და ნეპტუნზე პატარა). ასტრონომები აღნიშნავენ, რომ ასეთი სიახლოვისა და მნათობის სიკაშკაშის გამო, ამ მყარ ციურ სხეულთა ატმოსფეროები (არსებობის შემთხვევაში) დეტალურად შესასწავლად ძალიან ხელსაყრელია.
სპეციალისტებმა ეგზოპლანეტები აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ტელესკოპის TESS მეშვეობით დააფიქსირეს. ეს ობსერვატორია მსგავს ობიექტებს ტრანზიტის მეთოდით ეძებს, ანუ ვარსკვლავთან მათი ჩავლით გამოწვეულ სინათლის პერიოდულ ცვლილებას აკვირდება.
ავტორთა გამოთვლებით, ორივე ციური სხეული საკუთარ ორბიტაზე HD 260655-სთან იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ სიცოცხლისთვის თავსებადი ვერ იქნება. ეს იმიტომ, რომ ერთ-ერთ მათგანზე ტემპერატურა 710 კელვინია, მეორეზე კი — 560 კელვინი, ანუ იქ წარმოუდგენლად ცხელა.
პირველი ეგზოპლანეტის, HD 260655b-ის, ორბიტული პერიოდი 2.8 დღეა. ის დედამიწაზე 1.2-ჯერ დიდია. მისი მეზობელი ობიექტის ზომა კი ჩვენი პლანეტისას 1.5-ჯერ აღემატება და ის მნათობის ირგვლივ გადაადგილებას 5.7 დღეს ანდომებს.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სისტემაში სხვა ციური სხეულებიც იყოს, თუმცა ოდნავ მოშორებით. აღსანიშნავია, რომ ამგვარი მულტიპლანეტური სისტემები სამყაროში მრავლადაა, განსაკუთრებით ზემოხსენებულის მსგავსი პატარა ვარსკვლავების შემთხვევაში. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანი სიცოცხლისთვის თავსებად ზონაშიც მდებარეობდეს.
ავტორებმა კვლევის შედეგები ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები