გაიცანით: "უკბილო გველთევზა" — ჩვენი უძველესი წინაპარი
საუკუნეზე მეტი ხნის წინ, მეცნიერები გაოგნდნენ შოტლანდიის კარიერში აღმოჩენილი უჩვეულო ნამარხით. მკვლევრები ნაშთებს თითქმის 130 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მაგრამ მისი ბოლომდე შესწავლა ვერ ხდებოდა. ახლა, მაღალი რეზოლუციის გამოსახულების გამოყენებით, მეცნიერთა ჯგუფმა საბოლოოდ დაადგინა, რომ ეს იდუმალი თევზი ჩვენი ერთ-ერთი ადრეული წინაპარია. მას სახელად Palaeospondylus gunni ჰქვია.
"ამ არსების ევოლუციურ ხეში დასაყენებლად, ჩონჩხის თითოეული ელემენტის იდენტიფიცირება იყო საჭირო. ამ პატარა თევზის ირგვლივ საიდუმლოებები გაგრძელდა ამდენი ხნის განმავლობაში ორი ფაქტორის გამო: პირველი, ეს მისი მცირე ზომაა, სხეულის სიგრძე მხოლოდ 6 სანტიმეტრია. რაც შეეხება მეორეს, სამწუხარო ფაქტია, რომ გაქვავებამ მკვეთრად შეკუმშა მისი ჩონჩხი და ცალკეული ძვლები დამახინჯებულ მასად გადააქცია, რაც პალეონტოლოგებისთვის ძალიან ცუდია", — განუცხადა ტაცუია ჰირასავამ Live Science-ს. ის იაპონიის ტოკიოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგიის ასოცირებული პროფესორი და ახალი კვლევის წამყვანი ავტორია.
ახალი კვლევის დაწყებამდე მეცნიერებმა იცოდნენ, რომ პალეოსპონდილუსი ცხოვრობდა შუა დევონის ეპოქაში, დაახლოებით 398 მილიონიდან 385 მილიონი წლის წინ. თევზს ჰქონდა კარგად განვითარებული ფარფლები, მაგრამ აკლდა კიდურები. საინტერესოა, რომ მას კბილები აკლია, განსხვავებით ამ დროის ხერხემლიანთა უმეტესობისგან.
თევზის ევოლუციურ ხეზე დაყენების ახალმა მცდელობამ მას მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა. 2004 წელს მკვლევარებმა დამაჯერებლად განაცხადეს ჟურნალში American Scientist, რომ Palaeospondylus იყო პრიმიტიული თევზი. თუმცა, 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჰირასავას მიერ ჟურნალში Zoological Letters, ვარაუდობდა, რომ ამ არსებას ევოლუციურ ჯაჭვში მნიშვნელოვანი როლი უკავია. და აი ერთი წლის შემდეგ, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა ეჭვქვეშ დააყენა მთლიანად თევზის ჯიშის სტატუსი და ამის ნაცვლად შემოგვთავაზა, რომ ეს იყო ხრტილოვანი თევზი, როგორც თანამედროვე ზვიგენები.
"ეს უცნაური არსება აკვირვებს მეცნიერებს 1890 წლის შემდეგ. ის როგორც თავსატეხი ისე გვევლინებოდა, რომლის ამოხსნაც შეუძლებელი იყო", — თქვა კვლევის თანაავტორმა იუ ჟი ჰუმ, კანბერას ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მასალების ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარმა.
მართლაც, დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი, რაზეც პალეონტოლოგები თანხმდებოდნენ, იყო ის, რომ არავინ იცოდა ამ ცხოველის წარმომავლობა.
ცოტა ხნის წინ, ჰირასავამ და ჰუმ, შეიარაღებულებმა მიკროკომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) სკანირების ტექნოლოგიით, შეძლეს პალეოსპონდილუსის ყველაზე მაღალი გარჩევადობის ციფრული გამოსახულების შექმნა. ყველაზე ზუსტი მონაცემების შესაგროვებლად მათ უნდა შეერჩიათ საუკეთესო ნამარხი. 1890 წლიდან მოყოლებული პალეოსპონდილუსის მრავალი ნიმუში იქნა ნაპოვნი, მაგრამ მათი უმეტესობა დაზიანდა — გაქვავებით ან გათხრების შედეგად — რამაც შესაძლოა ხელი შეუწყო კლასიფიკაციაში აქამდე არსებულ შეცდომებს. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ახალი კვლევის ავტორებმა აირჩიეს ნიმუშები, რომლებიც მთლიანად კლდეში იყო ჩასმული.
ამ ნიმუშების სკანირებამ გამოავლინა რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი. ერთი იყო ის, რომ შიდა ყური შედგებოდა რამდენიმე ნახევარწრიული არხისგან, ისევე როგორც თანამედროვე თევზების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების. ავტორების თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამით გარკვეული ევოლუციური დისტანციის დანახვა ხდება პალეოსპონდილუსსა და უფრო პრიმიტიულ თევზებს შორის. მკვლევრებმა ასევე შეძლეს კრანიალური ნიშნების იდენტიფიცირება. ამით პალეოსპონდილუსი იმ ჯგუფში ხვდება, რომელსაც ეწოდება ტეტრაპოდომორფები. აქ არის ყველა ოთხფეხა არსება და მათი უახლოესი ნათესავები. რაც მთავარია, ამ გამორჩეული თვისებების ფილოგენეტიკური ანალიზი ვარაუდობს, რომ პალეოსპონდილი შეიძლება არ იყოს ნებისმიერი ჯიშის ტეტრაპოდომორფი; ეს შეიძლება იყოს ყველა ტეტრაპოდის წინაპარი.
"ჩვენმა ანალიზებმა დაასკვნეს, რომ ეს არსებები ახლო ნათესავები იყვნენ ხერხემლიანებთან, რომლებსაც აქვთ კიდურები", — თქვა ჰირასავამ.
მკვლევართა დასკვნების თანახმად, პალეოსპონდილუსი, სავარაუდოდ, უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული კიდურების მატარებელ ტეტრაპოდებთან, ვიდრე უძველეს სახეობებთან, როგორიცაა ფილტვის თევზები და კოელაკანტები. რას ნიშნავს ეს? ეს გვეუბნება, რომ პალეოსპონდილუსი სწორედ იმ არსებების წინამორბედია, რომლებიც წყლიდან ხმელეთზე პირველად ამოცოცდნენ. მკვლევრების თქმით, ეს "უკბილო გველთევზა" ხმელეთის ბინადრების ერთ-ერთი უძველესი წინაპარია.
ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა, რომელსაც, როგორც მკვლევრები ამბობენ, შემდგომი შესწავლა სჭირდება. კვლევები ამ მხრივ აუცილებლად გაგრძელდება და საინტერესოა თუ რას გავიგებთ ჩვენს უძველეს წინაპარზე.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები