საუდის არაბეთში, მალაიზიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პიქსარის ახალი ანიმაცია Lightyear ლესბოსელი წყვილის კოცნის ჩვენების გამო აიკრძალა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დისნეიმ კოცნის სცენა ამოჭრა, რაც პიქსარის გუნდმა ღია წერილით გააპროტესტა. ამან საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რის შემდეგაც დისნეიმ ანიმაციაში სცენა დააბრუნა.

როგორც ცნობილია, დისნეის ფილმის ჩვენება საუდის არაბეთისთვის არც შეუთავაზებია, რაც ქვეყნის მკაცრი ცენზურითაა განპირობებული. რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, თავდაპირველად ფილმის კინოთეატრებში ჩვენება იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანამ პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტვიტერზე ხალხმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომლის მიხედვითაც, დისნეი და Lightyear ისლამს შეურაცხყოფდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლგბტქ თემების გამო საუდის არაბეთში Doctor Strange in the Multiverse of Madness-ის, Eternals-ისა და West Side Story-ის ჩვენებაც აიკრძალა.

კოცნის გამო ანიმაციურ ფილმს არც მალაიზიაში აჩვენებენ. როგორც ცნობილია, მალაიზიამ დისნეის ფილმის აღნიშნული ნაწილის რედაქტირება სთხოვა, რაზეც დისნეიმ უარი განაცხადა.

Lightyear სათამაშოების ისტორიის პერსონაჟის, ბაზ ლაითიერის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში იმ ცნობილი გმირის რეალურ ისტორიას გავიგებთ, რომლის მიხედვითაც სათამაშოების ისტორიაში ბაზ ლაითიერის სათამაშოა შექმნილი. ფილმში ბაზს ყველასათვის საყვარელი კაპიტანი ამერიკა — კრის ევანსი გაახმოვანებს. Lightyear-ის მსოფლიო პრემიერა 17 ივნისსაა დაგეგმილი.

ნახეთ ტრეილერი:

ამავე თემაზე:

პიქსარი ბაზ ლაითიერის შესახებ ახალ ანიმაციას უშვებს — ნახეთ ტრეილერი