გაიცანით გიორგი გვასალია — ფულბრაიტის სტიპენდიატი და მომავალი აეროკოსმოსური ინჟინერი
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სენატორ უილიამ ფულბრაიტის ინიციატივით, აშშ-ში საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა შეიქმნა. მისი მიზანი განათლების გზით სახელმწიფოებს შორის მშვიდობის დამყარება იყო. პროგრამა დღესაც გრძელდება და მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მოტივირებულ და წარმატებულ სტუდენტს აძლევს საშუალებას, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში, სასურველი მიმართულებით გააგრძელონ.
2014 წელს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობა საქართველოს ბანკმაც დაიწყო, რომლის მხარდაჭერითაც აშშ-ში სასწავლებლად უკვე შვიდი ქართველი სტუდენტი გაემგზავრა. წელს პროგრამის გამარჯვებული აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი გვასალია გახდა, რომელიც Texas A&M University-ში აეროკოსმოსური ინჟინერიის, აეროდინამიკისა და ძრავების სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს ბანკის დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას. ამ სტატიაში გიორგის წარმატების ისტორიას მოგიყვებით.
პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში
"ჩემს განვითარებას ყველაზე მეტად ჩემი მშობლები უწყობდნენ ხელს. მათში ძალიან გამიმართლა. ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს ინტერესებს და მხარს მიჭერდნენ სპორტში, ხელოვნებასა თუ ტექნიკურ საგნებში. ჩემი თავი ბევრი მიმართულებით გამოვცადე და დღეს მხოლოდ ისიც მაბედნიერებს, რომ უკვე წლებია ვიცი, რას მინდა დავუკავშირო ცხოვრება", — ამბობს გიორგი.
ბავშვობაში ყველაზე დიდ დროს ხატვას უთმობდა, ამავდროულად კი ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დადიოდა. როგორც თვითონ გვიყვება, სკოლა ძალიან დაეხმარა განვითარებასა და სასურველი პროფესიის არჩევაში.
ვეკუას სახელობის სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგიმ აგრარულ უნივერსიტეტში მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მიმართულებაზე ჩააბარა. მე-3 კურსზე უნივერსიტეტიდან გერმანიის იულიხის კვლევით ინსტიტუტში ორი თვით საკუთარი პროექტით გაემგზავრა. პროექტის მიზანი ტურბო რეაქტიული მიკრო-ძრავის დაპროექტება იყო. მე-4 კურსზე კომპანია TAM-ში რამდენიმე თვიანი პრაქტიკა გაიარა, სადაც ვერტმფრენ Mi-24-ის გადახრის ავტომატის კაპიტალურ რემონტში იყო ჩართული.
"თავიდან ლექსუსის სერვისცენტრში ტექნიკოსად ვმუშაობდი, შემდეგ კი ყავის ქარხანა მეამას მექანიკური ინჟინერი ვიყავი. შემდეგ ATC-ში (Aerostructure Technologies Cyclone) მოვხვდი. ეს დიდ სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული, რასაც კომპანიაში მუშაობაზე ვერ ვიტყოდი. ATC-ში Boeing 787 Dreamliner-ის პროექტებზე დაახლოებით 2.5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ვინაიდან წარმოების ინჟინერი ვიყავი, ეს პერიოდი ჩემთვის საკმაოდ დატვირთული იყო. დამოუკიდებლად მიწევდა Boeing-ის კვალიფიკაციისთვის წარმოების ხაზის თერმული ექსპერიმენტის PTTP (Part tool thermal profiling) მომზადება. ATC-ში ყოფნის დროს 13 კვალიფიკაციის PTTP-ის გაკეთება მომიწია. ვთვლი, რომ ფულბრაიტის სტიპენდიის მოგებაში ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა".
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აეროკოსმოსური ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა და მაგისტრის ხარისხიც აიღო. ამავე პერიოდში Georgian Composite Technology (GCT) დააარსა, რომლის მიზანიც პროდუქტების ისეთი კომპოზიტური მასალებით დამზადება იყო, როგორიც ნახშირბადის ბოჭკოა.
სტიპენდია და მომავლის მიზნები
გიორგის თქმით, Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება მისთვის არა სპონტანური, არამედ წინასწარ გააზრებული ნაბიჯი იყო. როგორც თვითონ გვიყვება, რაღაც ეტაპზე მიხვდა, რომ უკვე მზად იყო ისეთ ქვეყანაში გაეგრძელებინა სწავლა, რომელიც აეროკოსმოსური ინჟინერიის სფეროში სტუდენტებს საუკეთესო სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს.
"კონკურსში მონაწილეობის დროს ყველაზე სტრესული, გამოცდების ჩაბარების შემდეგ, პასუხის ლოდინი იყო. ემოციურად საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. საბედნიეროდ, ჩემმა მცდელობამ გაამართლა და, ჩემთვის სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან ერთად, სრული დაფინანსებაც მოვიპოვე".
აღსანიშნავია, რომ აეროკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით მიმართულებით ტეხასის უნივერსიტეტში ამერიკის ათეულში შედის. გიორგის სწავლის მთავარი მიმართულება აეროდინამიკა და ძრავები იქნება. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში სტუდენტი უნივერსიტეტის მაღალი სიჩქარის (ზებგერით) წვის კამერის დიზაინის კვლევაშიც ჩაერთვება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეცნიერების გარდა, გიორგის ხელოვნებაც ძალიან უყვარს. იტაცებს მუსიკა, კინო და მოტორსპორტი, რომელსაც დიდი სერიოზულობით ეკიდება.
ბოლოს კი, გიორგი იმასაც ამბობს, რომ ფულბრაიტის პროგრამაში მონაწილეობა მისი პირველი მცდელობა არ იყო და ცხოვრებაში არაერთი მარცხი განუცდია, თუმცა საკუთარი თავის რწმენა არასდროს დაუკარგავს.
"მთავარი გამოწვევაა, დაღლას და უმოტივაციობას არ მისცე საშუალება, გაჩერება გაიძულოს. ამის გადალახვის შემდეგ კი დისციპლინას გამოიმუშავებ, რაც მოტივაციაზე, ინტელექტსა და იღბალზე გაცილებით მნიშვნელოვანია", — აღნიშნავს გიორგი.
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში ჩართვის, ცოდნის გაღრმავების და ამერიკაში სწავლის შესაძლებლობა შენც გაქვს, რადგან სასტიპენდიო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და დასრულდება 2022 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე. დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრე აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს.
კომენტარები