პირველ ივნისს ამერიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით აპრილში დაწყებული ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესი, რომელიც ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ექვსი კვირის განმავლობაში ყველაზე ხმაურიანი საქმე იყო, ჯონი დეპის სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამბერ ჰერდი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს და შესაძლოა, ყველაფერი ამით სულაც არ დამთავრებულა. თუმცა იქამდე გთავაზობთ BBC-ის სტატიის თარგმანს, რომელიც უკვე გამოტანილი განაჩენის შემდგომ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს აზუსტებს:

"ვირჯინიის შტატის ნაფიც მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ორივემ, ჯონი დეპმა და ამბერ ჰერდმა, ერთმანეთს საჯარო განცხადებებში ცილი დასწამეს.

58 წლის დეპს, რომელმაც თავის ყოფილ ცოლს უჩივლა და $50 მილიონი მოითხოვა, თავისი სამივე მოთხოვნა დაუკმაყოფილეს და ზიანის ასანაზღაურებლად მისთვის $10,4 მილიონის გადახდა განისაზღვრა.

36 წლის ჰერდს კი, რომელმაც საპასუხო მოთხოვნა წარადგინა სასამართლოზე და $100 მილიონს ითხოვდა, სამიდან მხოლოდ ერთი პუნქტი დაუკმაყოფილეს და $2 მილიონს მიიღებს.

რადგანაც სასამართლო დარბაზში მიმდინარე დრამა დასრულდა, გავიგოთ, რას უნდა ველოდოთ ამიერიდან.

1. რამდენი უნდა გადაუხადონ ერთმანეთს ჯონი დეპმა და ამბერ ჰერდმა?

ჯონი დეპი სასამართლო პროცესზე.

ფოტო: IM LO SCALZO/POOL/AFP

სამოქალაქო სასამართლოს დადგენილებით, მოსარჩელეებს ერთმანეთის ზარალის ასანაზღაურებლად, მათ შორის ემოციური ზარალის, კონკრეტული ოდენობის თანხის გადახდა დაევალათ.

ზარალის კომპენსაცია (Compensatory damages) ამერიკული სასამართლოს მიერ იმ მიზნით განისაზღვრება, რომ მოსარჩელეს ფაქტობრივი ზიანი აუნაზღაუროს, მათ შორის ისეთი, რომელიც შესაძლოა მომავალში მიადგეს. ხოლო სადამსჯელო კომპენსაცია (Punitive damages ) იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ბრალდებულმა თავის ქმედებაზე პასუხი აგოს და შემდეგ იგივე არ გაიმეოროს.

ნაფიც მსაჯულებმა ამბერ ჰერდს თავდაპირველად ჯონი დეპისთვის ზარალის კომპენსაციის ასანაზღაურებლად $10 მილიონის, ხოლო სადამსჯელო კომპენსაციის სახით კიდევ $5 მილიონის გადახდა დააკისრეს.

თუმცა მოსამართლე პენი აზკარატემ ვირჯინიის შტატის კანონის გათვალისწინებით, სადამსჯელო კომპენსაციის ლიმიტის შესაბამისად, $5-მილიონიანი კომპენსაცია $350,000-მდე შეზღუდა და ჰერდს საბოლოოდ $10,4 მილიონის გადახდა დაევალა.

ამასთანვე ჯონი დეპსაც დაევალა, რომ ამბერ ჰერდს ზარალის კომპენსაციის სახით $2 მილიონი გადაუხადოს: ჰერდი $100 მილიონს ითხოვდა.

2. შეუძლია თუ არა ამბერ ჰერდს განაჩენის გასაჩივრება?

ამბერ ჰერდი სასამართლო პროცესზე.

ფოტო: Reuters

ვირჯინიის შტატის სასამართლოს ნაფიც მსაჯულებმა მეტწილად ჯონი დეპის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და ჩვენებებს დაუჭირეს მხარი.

ნაფიც მსაჯულების შვიდწევრიანმა გუნდმა განაჩენში აღნიშნა, რომ ამბერ ჰერდმა თავის ყოფილ ქმარს მათი ურთიერთობის შესახებ "ცრუ" განცხადებებით ცილი დასწამა. მათ ასევე დააზუსტეს, რომ ჰერდი განცხადებების გავრცელების დროს "წინასწარი განზრახვით", უხეში გაუფრთხილებლობით ან გულგრილობით მოქმედებდა.

ამბერ ჰერდმა სასამართლოში თავისი მოთხოვნების ერთ პუნქტში მაინც მიაღწია წარმატებას: ზარალის ანაზღაურებას იმისთვის, რომ ჯონი დეპის ადვოკატმა 2020 წელს მას "ძალადობის ცრუ ბრალმდებელი" უწოდა.

მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით ჰერდმა მოგვიანებით განაცხადა, რომ "სიტყვებით ვერ აღწერს, იმდენად იმედგაცრუებული და გულგატეხილია".

მას აქვს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული განაჩენი გაასაჩივროს: მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსახიობი აპირებს კიდეც ამას.

თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ახალ მტკიცებულებებს ან ისეთ მნიშვნელოვან მოწმეებს წარადგენს, რომლებსაც შეეძლებათ, უკვე ჩავლილი 6-კვირიანი სასამართლო პროცესის შედეგზე იქონიონ გავლენა.

3. რა ქონებას ფლობენ ჯონი დეპი და ამბერ ჰერდი?

ფოტო: CHRISTINE PETTINGER/GETTY

ჯონი დეპმა ადრეული ასაკიდან მოიხვეჭა სახელი, როგორც მსახიობმა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ კაცად იქცა.

გავრცელებული ინფორმაციით, მარტო კარიბის ზღვის მეკობრეების ფილმებიდან მან $300 მილიონის შემოსავლები მიიღო, თუმცა ამჟამად მისი ქონება დაახლოებით $150 მილიონს შეადგენს.

ამბერ ჰერდი ცნობილი გახდა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა დანიელი გოგო (The Danish Girl) და აქვამენი, თუმცა მან სამსახიობო კარიერის განვითარება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

უცნობია, ზუსტად რამდენია მისი ქონება, თუმცა ცხადია, რომ ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჯონი დეპის შემთხვევაში: სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჰერდის ქონება $8 მილიონს არ აღემატება.

იმის გათვალისწინებით, რომ დეპს მან $10 მილიონზე მეტი უნდა გადაუხადოს, თავად კი მხოლოდ $2 მილიონს მიიღებს, ეს მისი ფინანსური მდგომარეობისთვის შეიძლება დიდი დარტყმა აღმოჩნდეს".