AI ექსპერტის აზრით, ადამიანები მალე ვირტუალურ ბავშვებს გაზრდიან — რას მოგვიტანს ეს
კატრიონა კემპბელი, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი გაერთიანებული სამეფოდან, ფიქრობს, რომ მალე ადამიანები მეტავერსის შიგნით ხელოვნური ინტელექტის მქონე ვირტუალურ ბავშვებს გაზრდიან. ამ ჰიპოთეტურ შთამომავლებს კემპბელი "ტამაგოჩი ბავშვებს" უწოდებს (1990-იან წლებში ტამაგოჩი ვირტუალურ ცხოველ-სათამაშოს ერქვა).
The Telegraph-ის უწყებით, თავის ახალ წიგნში კემპბელი გამოთვამს მოსაზრებას, რომ ვირტუალური ბავშვების ყოლა მოსახლეობის სიჭარბისა და შეზღუდული რესურსების კუთხით მეტად ხელსაყრელი და იაფი ვარიანტი იქნება. მისი აზრით, შესაძლოა, ამან მოსახლეობის სიჭარბის პრობლემა გადაჭრას, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ფენომენი სწორად იქნება მართული.
კემპბელის არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობის ზრდას გარემოზე გამანადგურებელი ზეგავლენა აქვს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ, რამდენიმე ამჟამინდელი პროგნოზის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა 21-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან სწრაფად დაიწყებს შემცირებას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ტექნოლოგიური განვითარების წყალობით დროის გასვლასთან ერთად თანდათანობით შემცირდება გავლენა, რომელიც თითოეული ბავშვის დაბადებას აქვს გარემოზე.
მიუხედავად ამისა, კემპბელი თავის მოსაზრებაში საკმაოდ დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ როცა მეტავერსი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება, AI ბავშვების გაზრდაზე ბევრს ნამდვილად არ ვიორჭოფებთ.
"შესაძლოა, ახლანდელი სიტუაციიდან ვირტუალური ბავშვები დიდი ნახტომი ჩანდეს, მაგრამ 50 წელში ტექნოლოგია იმდენად დაიხვეწება, რომ მეტავერსში არსებული და რეალური ბავშვები ერთმანეთისაგან განურჩეველი იქნებიან", — წერს AI ექსპერტი.
The Telegraph-თან საუბრისას კემპბელმა ისიც განაცხადა, რომ "ტამაგოჩი ბავშვები" არა სრულიად უფასო, არამედ ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება შედარებით მცირე თვიური გადასახადის სანაცვლოდ.
კომენტარები