ჩინელ სამხედრო მეცნიერებს მასკის Starlink-ის სატელიტების განადგურება სურთ
ჟურნალ Modern Defense Technology-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ჩინელი სამხედრო მეცნიერები აცხადებენ, რომ ქვეყანამ ილონ მასკის კომპანიის SpaceX მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებული Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრები უნდა გააუვნებლოს ან გაანადგუროს. ამის მიზეზად ისინი მოსალოდნელ საფრთხეს ასახელებენ, კერძოდ, შიშობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სატელიტებს სამხედრო მიზნით გამოიყენებს.
სპეციალისტები ანტისატელიტური საშუალებების შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ. ამაში იგულისხმება, როგორც აპარატებზე ფიზიკური შეტევისთვის აუცილებელი მოწყობილობები, ასევე, მათ ოპერაციულ სისტემაზე მიმართული მეთოდები. ამასთან, განიხილება საქმეში სადაზვერვო სისტემის ჩართვაც, რომელიც თითოეულ თანამგზავრს გააკონტროლებს.
"მართალია, Starlink სამოქალაქო დანიშნულების პროგრამად მიიჩნევა, რომელიც მოსახლეობას მაღალი სიჩქარის ინტერნეტსერვისით უზრუნველყოფს, თუმცა მას ძლიერი სამხედრო საფუძველი გააჩნია", — ვკითხულობთ სხვა სტატიაში.
მასში ყურადღება გამახვილებულია თანამგზავრთა გასაშვები კოსმოდრომების სამხედრო ბაზებთან სიახლოვესა და აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ SpaceX-ში ჩადებულ ინვესტიციებზე, რომლებიც საბრძოლო აპარატების კომუნიკაციის გაუმჯობესებას უკავშირდება.
"სრულად გაშვების შემდეგ, Starlink-ის სატელიტები შესაძლოა, სადაზვერვო, სანავიგაციო და მეთოდოლოგიურ მოწყობილობებს მიემაგროს და ამ კუთხით აშშ-ის საბრძოლო შესაძლებლობები გაზარდოს", — წერია იმავე სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ნაშრომის ავტორები უპირატესობას თანამგზავრების ფიზიკურ განადგურებას არ ანიჭებენ, რადგან ეს ორბიტულ ნარჩენებს დატოვებს, რაც ჩინეთს (და არა მხოლოდ) მისიების განხორციელებაში შეუშლის ხელს. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ Starlink-ის ხელოვნური თანავარსკვლავედი უკვე 2 500 ერთეულს მოიცავს, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა.
კომენტარები