როგორ შეიცვალა მსოფლიო ომის 100 დღეში
ომის 100 დღეში ვნახეთ, როგორ შეიცვალა რეალობა — რუსეთის უძლეველობის მითი დაიმსხვრა, უკრაინამ შეუპოვრობის მაგალითი აჩვენა, ტრადიციული შაბლონური დიპლომატია ხმამაღალმა და თამამმა განცხადებებმა ჩაანაცვლა, რომელსაც რეალური შედეგები მოჰყვა.
კრემლის პროპაგანდისტული მანქანა საინფორმაიო ომში მარცხდება და ყველა ხედავს იმ სისასტიკეს, რასაც ოკუპანტი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში ჩადის. დაღუპულია ათიათასობით ადამიანი.
იცვლება საერთაშორისო პოლიტიკაც. ნეიტრალური შვეიცარია სანქციებს შეუერთდა, 2-მა ევროპულმა ქვეყანამ NATO-ს წევრობა გადაწყვიტა, ასოცირებული სამეული კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება.
ამ სტატიაში ომის ბოლო 100 დღეზე ვისაუბრებთ და გავიხსენებთ რამდენიმე მოვლენას, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.
Слава Україні და მსოფლიოს ერთიანობა
იმას, რასაც რუსეთმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა, მსოფლიომ მაშინვე დაარქვა თავისი სახელი — ომი. არაერთი ქვეყნის ქალაქში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა უკრაინისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა და დაეგმო რუსეთის ქმედებები. ისინი მიმართავდნენ საკუთარ ხელისუფლებასაც, რომ უკრაინის მხარდასაჭერად შესაბამისი ზომები მიეღოთ.
იყო მასშტაბური აქციები, სიმბოლური პერფორმანსები, არმიის დასახმარებლად გადარიცხული თანხა, მოქალაქეებისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი — მსოფლიომ სოლიდარობის თითქმის ყველა მაგალითი ნახა და Слава Україні (დიდება უკრაინას) უამრავ ქვეყანაში გაჟღერდა.
საპროტესტო აქციები დაიწყო თავად რუსეთშიც, რასაც კრემლმა გამკაცრებული კანონები დაუპირისპირა და მოქალაქეები ბანერზე მხოლოდ "ორი სიტყვის" დაწერისთვის, ლურჯ-ყვითელი ბოტასებისა და ბუშტებისთვისაც კი დაიჭირა.
რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა
დიახ, ნამდვილად ასეა — ამ მაჩვენებლით კრემლმა ირანსაც კი გადაუსწრო. სანქციებს აწესებს აშშ, ევროკავშირი, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და ათეულობით სხვა ქვეყანა.
SWIFT-დან ძირითადი რუსული ფინანსური ინსტიტუტები გათიშეს. ევროკავშირმა ომის 99 დღეს დაამტკიცა სანქციების მე-6 პაკეტი და რუსული ნავთობის 90%-ზე ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ. სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.
შეზღუდვები უწესდებათ რუსეთის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და სხვა უწყებების მინისტრებს, მათ ოჯახის წევრებსა და დაახლოებულ პირებს, ოლოგარქებს. კრემლის მთავარ პროპაგანდისტებს.
ოკუპანტი ქვეყანა მარტო დარჩა
შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ კრემლს ჯერ კიდევ ჰყავს ბელარუსი და რამდენიმე ქვეყანა, ვისი დახმარების იმედიც აქვს, თუმცა ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აგრესორი გარიყა. სანქციების პარალელურად, გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კი მის გარიცხვას მხარი ერთხმად დაუჭირა.
რუს სპორტსმენებს აეკრძალათ საკუთარი ქვეყნის სახელით ტურნირებში მონაწილეობის მიღება. კრემლის დიპლომატები არაერთი ქვეყნიდან გააძევეს. პარალელურად კი რუსეთს მოქალაქეებიც ტოვებენ.
რუსული ბაზრიდან გავიდა თითქმის ყველა გავლენიანი და პრესტიჟული კომპანია. ყველამ ვნახეთ ისტერია, როცა რუსეთი Coca-Cola-სა და McDonald's-ის გარეშე დარჩა. პუტინის თანაშემწეებმა ძალიან კი სცადეს, ეს არ შეემჩნიათ, თუმცა არადამაჯერებლად ჟღერდა ფრაზები, რომ კატლეტებისა და ფუნთუშების წარმოებას თავადაც შეძლებენ ან "ბიძია ვანიას" შექმნიდნენ. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სხვა მიმართულებებიც "გააცოცხლეს" და მოსკვიჩის წარმოების განახლებაზეც დაფიქრდნენ.
მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ინფორმაციით, მსოფლიოში პირველად, ლტოლვილთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 90 მილიონს აღწევდა.
ბოლო მონაცემებით, რუსული აგრესიის გამო უკრაინა 6,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ისინი მეზობელ ქვეყნებში გადადიან. ყველაზე მეტი, 3 627 178 ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო და როგორც ორი ქვეყნის პრეზიდენტი აღნიშნავს, ფაქტობრივად, უკრაინასთან საზღვრები გააუქმა.
უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდეს
რუსეთის ქმედებები უკრაინაში საკანონმდებლო დონეზე რამდენიმე ქვეყანამ უკვე აღიარა გენოციდად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმაც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო.
უკრაინაში ამ დროისათვის სამხედრო დანაშაულისთვის 3 რუსი სამხედრო გაასამართლეს. ხარკოვის რეგიონში სამოქალაქო ტერიტორიების დაბომბვის გამო, ორ რუს სამხედროს 11 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 23 მაისს კი ომის დანაშაულის გამო რუს სამხედროს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
ადამიანური მსხვერპლი და განადგურებული ქალაქები
როდესაც რუსეთის არმიამ კიევის რეგიონიდან უკან დაიხია, გავრცელდა კადრები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა — ქუჩაში მიტოვებული ცხედრები, დახვრეტილი ადამიანები, საერთო სასაფლაოები. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბუჩასა და ირპენზე უფრო მძიმე მდგომარეობაა ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი მარიუპოლში. მარიუპოლის მცველები ქალაქს თითქმის სამი თქვე იცავდნენ — რუსეთმა კი მიწასთან გაასწორა.
ოკუპირებულია ლუგანკისა და დონბასის ნაწილები. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები სევეროდონეცკში მიმდინარეობს, რომლის 80%-ს ოკუპანტები აკონტროლებენ. რთულდება მოსახლეობის ევაკუაცია, რუსეთს უკრაინის მოქალაქეები იძულებით გაყავს ქვეყნიდან.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, აშშ-მ ლენდ-ლიზის აქტი დაამტკიცა
უკრაინა ომის დაწყების პირველივე დღიდან ითხოვს მეტ იარაღს ქვეყნის დასაცავად. თავიდან იყო ზოგიერთი ქვეყნის ყოყმანი და ამ თავშეკავების გასამართლებელი არგუმენტებიც, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. წარსულში გერმანიის წინააღმდეგ და მოკავშირეების დასახმარებლად შექმნილი ლენდ-ლიზის აქტი, აშშ-მ ამჯერად რუსეთის წინააღმდეგ მიიღო.
"ეს კანონმდებლობა საშუალებას მოგვცემს დროულად მივაწოდოთ უკრაინას საჭირო თავდაცვითი აღჭურვილობა პუტინის აგრესიისგან თავის დასაცავად. ეს ასევე არის მკაფიო გზავნილი NATO-ს მოკავშირეებისთვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგან", — თქვა პრეზიდნტმა, ჯო ბაიდენმა დოკუმენტზე ხელის მოწერისას.
NATO-მ ალიანსის წევრ ქვეყნებს უფლება მისცა დამოუკიდებლად, საკუთარი გადაწყვეტილებით, გაეგზავნათ უკრაინისთვის იარაღი. ქვეყნები აქტიურად აწვდიან იარაღს, მათ შორის, მძიმე იარაღის მიწოდებას მხარი გერმანიამაც დაუჭირა.
კიევი მსოფლიო ლიდერების მასპინძელი ქალაქი გახდა
ომში მყოფ ქვეყანაში მთავარი დიპლომატიური შეხვედრები იმართება. კიევს უკვე ესტუმრნენ ბრიტანეთისა და კანადის პრემიერმინისტრები. ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და პირველი ლედი. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერი, საგარეო საქმეთა მინისტრები, საპარლამენტო დელეგაციები.
მაშინ, როცა უკრაინაში აფეთქებების ხმა ისმის, საკუთარი უსაფრთხოების ფასად ჩასული მსოფლიო ლიდერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა მარტო არ არის.
ქვეყნები ალიანსებში გაერთიანების გადაწყვეტილებას იღებენ
რუსეთი თავისი ქმედებების გასამართლებლად ხშირად იმეორებდა, თითქოს ნატოს გაფართოების არიდება სურს, თუმცა სულ სხვა შედეგი მიიღო. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოიყენონ.
ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომაც და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადები შეიტანეს. ქვეყნებმა კითხვარიც შეავსეს — ევროსაბჭო კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს.
უკრაინის პრეზიდენტი "დაბერდა"
"დავბერდი" — სწორედ ასე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Time-ის ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ.
ომის 100 დღეში უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დახმარება მიეღო. მიმართა არაერთ ქვეყანას — ზოგჯერ სოლიდარობისთვის ქუჩებში გამოსულ მოქალაქეებს, საერთაშორისო დღის წესრიგის შემქმნელ პოლიტიკოსებს, ზოგჯერ კი წამყვანი ქვეყნების კანონმდებლებს ჩაერთო დიდ ეკრანებზე და ესაუბრება ქვეყანაზე, რომელიც ახლა მსოფლიოს დემოკრატიის თავისუფლების სადარაჯოზე დგას და დანებებას არ აპირებს.
მუსიკა — ერთიანობის კიდევ ერთი მიზეზი
ვნახეთ რამხელა ძალა აქვს კულტურას — სწორედ უკრაინის ხმამ დაამარცხა რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა და უკრაინისთვის ამღერებულმა ადამიანებმა მსოფლიოს ომზე სიმართლე უთხრეს. Okean Elzy, Boombox ამ და სხვა ჯგუფების სიმღერებმა ყველგან მიაღწია და მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად იქცა.
სიმბოლური იყო ევროვიზიის კონკურსზე უკრაინული ჯგუფის წარმატებაც. შემსრულებლებმა ევროვიზიის სცენიდან მსოფლიოს აზოვსტალისა და მარიუპოლის გადარჩენა სთხოვეს, მოგვიანებით კი აღებული პრიზი გაყიდეს და $900 ათასად ჯარისთვის დრონები შეიძინეს.
მაშინ, როცა ზელენსკის პოლიტიკურ ტრიბუნას თითქმის ყველგან უთმობენ, გრემისა და კანის დაჯილდოების ცერემონიალებიც კი მისი ვიდეოჩართვით გაიხსნა.
და ბოლოს, უკვე ყველამ ვიცით, რა მიმართულებით უნდა გავუშვათ რუსული გემი
"რუსულო სამხედრო გემო, იძი ნა ხ*ი" — კუნძულ ზმეინის მცველების ეს ფრაზა უკრაინელების შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა და ისეთივე სიხშირით გვესმის, როგორც — დიდება უკრაინას, გმირებს დიდება.
კომენტარები