KALUSH ORCHESTRA — 10 საინტერესო ფაქტი ევროვიზიის წლევანდელ გამარჯვებულზე
2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უკრაინის გამარჯვებით დასრულდა. ქვეყნის წარმომადგენელმა ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA-მ ფინალში სიმღერა Stefania შეასრულა და 631 ქულით ევროფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ეს გამარჯვება კონკურსის ისტორიაში ბევრ საინტერესო პრეცედენტს ქმნის, თავად ბენდს კი ასევე გამორჩეული ისტორია აქვს. ამ ისტორიაში არაერთი ისეთი ფაქტია, რომელიც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.
1. ბენდის სახელი უკრაინის ქალაქ კალუშს უკავშირდება
KALUSH ORCHESTRA, რეალურად, ჯერ კიდევ 2019 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის ერთ-ერთი პროექტია. ჯგუფს, უბრალოდ, KALUSH ერქვა, რაც ბენდის თანადამფუძნებლისა და რეპერის, ოლეჰ პსიუკის, მშობლიური ქალაქის სახელია. კალუში ქვეყნის დასავლეთით, ივანო-ფრანკივსკის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქია, თუმცა, ევროვიზიაზე უკრაინული ბენდის გამარჯვებით მისი სახელი უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო.
2. გამარჯვებული სიმღერა Stefania დედასთან ურთიერთობაზეა
KALUSH ORCHESTRA-მ 2022 წლის ევროვიზია სიმღერით Stefania მოიგო. ფოლკისა და რეპის ნაზავი ევროპელი მაყურებლისთვის საინტერესო ნამუშევარი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ტექსტი მთლიანად უკრაინულ ენაზეა, მისი მნიშვნელობაც ყველა ევროფანმა იცოდა — კომპოზიცია დედასთან ურთიერთობას ეძღვნება, სტეფანია კი სწორედ ოლეჰის დედის სახელია. Stefania-ს ტექსტი ნოსტალგიური განწყობის მატარებელია და დედობის სირთულეებზე ჰყვება.
3. სიმღერაში ტრადიციული სლავური იავნანას ტექსტია გამოყენებული
ევროვიზიის სცენაზე სიმღერის შესრულებისას ბენდს დარბაზი მისამღერზე თან ჰყვებოდა. თუმცა, ასევე ყველამ ზეპირად იცოდა სტრიქონი მისამღერამდე — "Люлі люлі люлі". ეს ნაწყვეტი ტრადიციული სლავური იავნანას ტექსტია, რაც სიმღერის ნოსტალგიურ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს — იავნანა ხომ ბავშვობის პერიოდთან ასოცირდება, როცა დედა უსაფრთხოებისა და სიმყუდროვის სიმბოლოა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპოზიციაში ორი ტრადიციული უკრაინული მუსიკალური ინსტრუმენტია გამოყენებული: სოპილკა და ტელენკა.
4. ევროვიზიის ისტორიაში Stefania პირველი გამარჯვებული სიმღერაა, რომელშიც რეპს ვისმენთ
ნოსტალგიური მისამღერის გარდა, სიმღერის დიდი ნაწილი რეპია, რომელსაც პსიუკი ასრულებს. იმის მიუხედავად, რომ ევროვიზიაზე ტენდენციები ხშირად იცვლება და კონკურსი არც ჟანრობრივადაა დავიწროებული, რეპს ევროფესტივალის სცენაზე მაინცდამაინც ხშირად ვერ მოისმენთ. Stefania კი ევროვიზიის 66-წლიან ისტორიაში საერთოდ პირველი რეპ-სიმღერა გახდა, რომელმაც კონკურსზე გაიმარჯვა. ამასთან, ის მთლიანად უკრაინული ტექსტის მქონე პირველი სიმღერაცაა, რომელმაც ევროვიზიაზე ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა.
5. ბენდმა კონკურსის ისტორიაში ტელემაყურებლის ყველაზე დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა
ევროვიზიაზე გამარჯვებულის გამოსავლენად ტელემაყურებლისა და პროფესიონალთა ჟიურის ქულები ჯამდება. მართალია, უკრაინას ჟიურის ქულებით მხოლოდ მეოთხე პოზიცია ერგო, თუმცა, Stefania-მ თითქმის 200-მილიონიანი აუდიტორიის უპრეცედენტო მოწონება დაიმსახურა. სიმღერამ ტელემაყურებლისგან უმაღლესი, 439 ქულა მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ მაყურებელთა ხმებით წლევანდელ ევროვიზიაზე ყველაზე მეტი 468 ქულის მოპოვება იყო შესაძლებელი. ამდენად, უკრაინამ მაქსიმალური შეფასების 93 პროცენტი მოიპოვა. ასეთი წარმატება ევროვიზიაზე სხვა არცერთ მონაწილეს არ ჰქონია.
6. ჯგუფს ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი არ მოუგია
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ KALUSH ORCHESTRA-ს ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი არ მოუგია. ბენდმა ეს მარათონი მეორე ადგილით დაასრულა — იმის მიუხედავად, რომ ისინი უკრაინელი ტელემაყურებლის ფავორიტები გახდნენ ხმების თითქმის 50 პროცენტით, საბოლოო ჯამში, გამარჯვება ვერ შეძლეს. ჯგუფი უკრაინის წარმომადგენლად მხოლოდ მას შემდეგ დასახელდა, რაც შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული, ალინა პაში, წარსულში ყირიმში უკანონოდ მოგზაურობის გამო ევროვიზიიდან მოიხსნა.
7. ომის პერიოდში Stefania-მ სხვა დატვირთვაც შეიძინა
როგორც უკვე ვთქვით, წლევანდელი ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერა დედასთან ურთიერთობასა და მის ნოსტალგიაზეა. კომპოზიცია ბევრად ადრე დაიწერა, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, თუმცა, ომის პერიოდში სიმღერას სხვა მნიშვნელობაც მიეცა — დედებისთვის, რომლებიც საბრძოლველად წასული შვილების შინ დაბრუნებას ელოდებიან.
განსაკუთრებით სიმბოლურია ფრაზა ტექსტიდან: "Ламаними дорогами прийду я завжди до тебе" — "განადგურებული გზებით შენამდე მაინც ყოველთვის მოვალ".
8. უკრაინის ომში ჯგუფის წევრებიც იბრძოდნენ
იმის მიუხედავად, რომ KALUSH ORCHESTRA-ს ევროვიზიაზე გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მცირე ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო, საერთოდ შეძლებდა თუ არა ბენდი კონკურსში მონაწილეობას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ფრონტის ხაზზე საბრძოლველად ჯგუფის ორი წევრიც წავიდა. ამის გამო, აპრილის თვეში დაგეგმილ წინასაკონკურსო პრომოტურში მონაწილეობის მისაღებად ჯგუფის შემადგენლობა მცირედით შეიცვალა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საომარი სიტუაციის გამო ბენდი იტალიაში შეიძლება ვერ ჩასულიყო. ამიტომ, მათ ჰქონდათ საშუალება, კონკურსზე წინასწარ ჩაწერილი ვიდეო გაეგზავნათ. ჩანაწერის გაკეთება უკრაინის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ქალაქში, ლვოვში, იგეგმებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც დასავლეთ უკრაინა რუსეთმა დაბომბა, ევროვიზიის ორგანიზატორებმა KALUSH ORCHESTRA-ს უფლება მისცეს, ჩანაწერის მაგივრად შიდაშესარჩევი კონკურსის ვიდეო გაეგზავნათ.
9. ბენდის ერთ-ერთი წევრი შარშანდელ ევროვიზიაზეც მონაწილეობდა
KALUSH ORCHESTRA-ის ერთ-ერთი წევრი, იჰორ დიდენჩუკი, გასული წლის ევროვიზიაზეც მონაწილეობდა ჯგუფ Go_A-სთან ერთად. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ შარშანდელ კონკურსზეც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა — მაყურებლისგან მეორე უმაღლესი ქულა, 267, დაიმსახურა და, საბოლოო ჯამში, საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.
10. Stefania-მ უკრაინას მესამე გამარჯვება მოუტანა
უკრაინამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უკვე სამჯერ მოიგო. ამდენად, გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ევროფესტივალზე 21-ე საუკუნეში ამდენჯერ გაიმარჯვა. ამასთან, უკრაინა ასევე ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამ საუკუნის სამივე ათწლეულში აქვს ევროვიზია მოგებული.
ევროვიზია უკრაინის სახელით პირველად რუსლანამ მოიგო 2004 წელს, სიმღერით Wild Dances. მოგვიანებით, 2016 წელს, კონკურსის ტრიუმფატორი ჯამალა გახდა, რომელმაც სტოკჰოლმში გამართულ ევროვიზიაზე ყირიმელი თათრების დეპორტაციისა და თავისი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის შესახებ დაწერილი სიმღერა 1944 შეასრულა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამ სიმღერას "პოლიტიკურად" მიიჩნევდა და კონკურსიდან მის მოხსნას ითხოვდა. საინტერესოა ისიც, რომ მომდევნო წელს, როცა ევროვიზიას უკრაინამ უმასპინძლა, რუსეთმა მოისურვა იმ მომღერლის გაგზავნა, ვინც წინათ ოკუპირებულ ყირიმში უკანონოდ იყო ჩასული. ცხადია, იგი კონკურსიდან მოიხსნა. ჯამალამ კი, მოგვიანებით, ბევრჯერ აიმაღლა ხმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. იგი წელსაც აქტიურად ცდილობდა ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას — ჩადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში და სიმღერითა და უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული ამბების მოყოლით ევროპამდე თავისი ხალხის ტკივილის მიტანას ცდილობდა.
კომენტარები