მას შემდეგ, რაც ადამიანი კვდება, დაახლოებით 5 საათის განმავლობაში თვალები, როგორც წესი, სინათლეზე რეაგირებს, თუმცა სხივების მიმართ მგრძნობიარე ფოტორეცეპტორები სხვა უჯრედებთან კავშირის დამყარების უნარს კარგავს, რაც მათ ფუნქციას აბათილებს.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ამის გამოსწორება შეძლეს. მათ დაღუპული დონორის ორგანიზმიდან ამოღებული თვალები ტრანსპორტირებისთვის სპეციალურ სათავსოში ჩადეს, რომელიც მხედველობის ორგანოს ჟანგბადით უზრუნველყოფდა და ნივთიერებების მიმოცვლას უწყობდა ხელს.

ბადურას ელექტრული სტიმულაციის შედეგად, მაკულაში არსებული ფოტორეცეპტორების ბუნებრივი ელექტრული აქტივობა აღდგა. აღსანიშნავია, რომ ეს რეგიონი მხედველობის ცენტრალურ არეზეა პასუხისმგებელი.

"ჩვენ ბადურას შემადგენელ უჯრედებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება მივეცით, როგორც ეს ცოცხალ თვალში ხდება. წინა კვლევებში მეცნიერებმა დონორის თვალებში ელექტრული აქტივობა მხოლოდ მცირედით აღადგინეს, თუმცა ეს მაკულას მიმდებარედ არასდროს მომხდარა, მითუმეტეს ასეთი მასშტაბებით", — ამბობენ ავტორები.

მხედველობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები თაგვებსა და სხვა ცხოველებზე ტარდება, მაგრამ მათ ნაწილს მაკულა საერთოდ არ აქვს, ამიტომ ისინი ადამიანის ანატომიურ თავისებურებებს არ შეესაბამებიან. ზემოხსენებული ახალი მეთოდი კი ამ მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და თვალებზე სხვადასხვა დაავადების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების გზას გვთავაზობს.

მკვლევართა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.