საცხოვრებლის დაჯავშნის გლობალური სისტემა, Airbnb, თავის თანამშრომლებს ნებას რთავს, ნებისმიერი ადგილიდან იმუშაონ იმდენი ხნით, რამდენსაც მოისურვებენ.

კომპანიის განცხადებით, მათთან დასაქმებული ადამიანები შეძლებენ, საქმე შეასრულონ სახლიდან, ოფისიდან ან სხვა ნებისმიერი ადგილიდან, ეს კი მათ ანაზღაურებაზე არ აისახება.

ამ მხრივ, Airbnb-ის გადაწყვეტილება სხვა კომპანიების მიდგომებისგან განსხვავდება. მაგალითად, აშშ-ში გუგლის თანამშრომლებმა, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, შეიძლება უფრო ნაკლები ანაზღაურება მიიღონ.

Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან ჩესკი, რომელმაც თანამშრომლებს სიახლის შესახებ უკვე აცნობა, აცხადებს, რომ მსგავსად მოქნილი სამუშაო პირობები 10 წელიწადში ყველასთვის მისაღები იქნება.

"თუკი ნიჭიერი ადამიანების ძებნას მხოლოდ ოფისების მახლობლად დავიწყებთ, ეს ჩვენთვის დიდად წამგებიანი იქნება", — ამბობს ბრაიანი, — "საუკეთესო ხალხი ყველგან ცხოვრობს, მხოლოდ ერთ ზონაში არაა თავმოყრილი".

კომპანიის ხელმძღვანელი ასევე დასძენს, რომ თანამშრომლები მოგზაურობასა და მუშაობას სექტემბრის შემდეგ, 90 დღის განმავლობაში შეძლებენ ხოლმე.

ამის მიუხედავად, Airbnb-ში დასაქმებულებს რამდენიმეჯერ მაინც მოუწევთ ერთმანეთთან შეხვედრა.

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, Airbnb ადამიანების კავშირით შექმნილი ბიზნესია, ამიტომ გვჯერა, რომ ყველაზე შინაარსიანი ურთიერთობა პირისპირ შეხვედრისას გამოდის", — ამატებს ბრაიანი, — "Zoom შესანიშნავი საშუალებაა ურთიერთობის შესანარჩუნებლად, თუმცა, საუკეთესო გზა მის გასაღრმავებლად ნამდვილად არ არის. ამასთან, ზოგიერთი შემოქმედებითი საქმე და თანამშრომლობა ყველაზე წარმატებული მაშინაა, როცა ერთ ოთახში სრულდება".

ფოტო: Alamy

თუმცა, Airbnb ერთადერთი კომპანია არაა, რომელმაც თანამშრომლებს ხელსაყრელი სამუშაო პირობები ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგაც შესთავაზა. მაგალითად, ტექგიგანტმა Cisco-მ ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში განაცხადა, რომ ათობით ათას თანამშრომელს დისტანციურად მუშაობის საშუალებას განუსაზღვრელი დროით აძლევდა. Microsoft-ში დასაქმებულ პირებს კი სამუშაო დროის თითქმის ნახევარი შეუძლიათ შინ გაატარონ.

ამის საპირწონედ, გუგლმა შარშან ზაფხულს თანამშრომლებს გამომთვლელი შესთავაზა, რომლითაც შეეძლოთ დაეანგარიშებინათ, რა რაოდენობის ანაზღაურებას დაკარგავდნენ სახლიდან მუშაობის შემთხვევაში. ზოგიერთი დასაქმებულისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ოფისიდან შორს ცხოვრობს, ეს მისაღები პირობა აღმოჩნდა.

დისტანციურად მუშაობა დიდი ხანია, ადამიანების მცირე რაოდენობისთვის შესაძლებელი იყო, თუმცა, 2020 წელს დაწყებულმა კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში უამრავ კომპანიას და მილიონობით ადამიანს აიძულა, ოფისები დაეტოვებინათ და საქმე სახლიდან გაეგრძელებინათ. ამის მიუხედავად, თანამშრომლებისთვის ხელსაყრელი პირობების გამო, ზოგიერთმა დამსაქმებელმა დისტანციურად მუშაობის არჩევანი დატოვა.

სხვათა შორის, აქვე შეგვიძლია, შეგახსენოთ, ჩვენ როგორ გადავიტანეთ დისტანციურად მუშაობის პირველი დღე.