ყველას გვახსოვს, დასავლეთმა ჯერ კიდევ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლად" აღიარების შემდეგ დაიწყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება, უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ზეწოლა გაიზარდა. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობდა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამას არ გააკეთებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ეს პოზიცია ამორალურად მიიჩნია. კრიტიკული იყო მოსახლეობაც, თუმცა ამას მმართველი გუნდის რიტორიკა არ შეურბილებია. პირიქით.

უკრაინაში ხშირად აკრიტიკებენ პარტნიორი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებებს და ხაზს უსვამენ, რომ გულდასაწყვეტია. პასუხად ქართული ოცნება უკრაინის სამთავრობო გუნდს უტევს და ტრადიციულად, ნაციონალური მოძრაობასთან კავშირს აბრალებს.

დღეს სამთავრობო გუნდის 10 განცხადებას განვიხილავთ, რომლის თქმასაც, სჯობდა არაფერი ეთქვათ.

1. ღარიბაშვილი: მე მაქვს ჩემი საქმე, ომი უკრაინაში მიმდინარეობს

რუსეთის შეჭრიდან 5 საათის შემდეგ ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ "სამხედრო თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე მიუღებელია". მე-2 დღეს კი ომზე უფრო ვრცლად ისაუბრა — მაშინ გვამცნო, რომ არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს სანქციებში.

პრემიერი იმეორებდა და იმეორებს, რომ საქართველომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მიაღწია "მშვიდობას და სტაბილურობას".

"არავითარი საშიშროება არ გვაქვს, რუსეთთან სიტუაციის დეესკალაცია მოვახერხეთ", — ეუბნებოდა ის საზოგადოებას 25 თებერვალს.

ამ განცხადებების ფონზე, ალბათ, გასაგებიცაა, რატომ ვერ დაინახა რაიმე საჭიროება, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე მისულიყო. მაშინ ოპონენტების მისამართით ჩვეული რიტორიკა გამოიყენა და თქვა, რომ "უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა უსარგებლო ხმაური", როცა უკრაინაში არსებული სიტუაციის ფონზე, პარლამენტში იბარებენ.

სწორედ ამ დღეს გამოიყენა ფრაზა, რომლითაც "განგვიმარტა", რომ ომი არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაშია.

მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს

ირაკლი ღარიბაშვილი

გეგონათ, სულ ეს იყო? იმავე დღეს უკრაინაში არჩასვლის მიზეზი ჩაკეტილი საჰაერო სივრცით "ახსნა". ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ომის დროს უკრაინაში მატარებლით თუ სხვა გზებთ ჩასვლა მოახერხხეს ევროკომისიის, ევროპული საბჭოს, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ბრიტანეთის და ბულგარეთის პრემიერმინისტრებმა და მრავალმა სხვამ.

პრემიერის მსგავსი მიდგომა საზოგადოების ნაწილმა სამარცხვინოდ მიიჩნია. ხალხმა სოციალურ ქსელებში პოსტებით და აქციებზე ბანერებით დაიწყო იმის დემონსტრირება, რომ მთავრობა მათ აზრს არ გამოხატავს და მხარს უჭერენ უკრაინას.

ფოტო: მარიამ ქავთარაძე/On.ge

ფოტო: მარიამ ქავთარაძე/On.ge

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, კრემლის მთავარ პროპაგანდისტს, მარგარიტა სიმონიანს სანქციებზე ღარიბაშვილის განცხადება ნამდვილად მოეწონა.

პრემიერის პოზიციის გასაჯაროებისა და რუსთაველზე გამართული აქციების შემდეგ, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვითხრა: "არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესები".

თუმცა, ღარიბაშვილი ამაზე არ შეჩერებულა. მოგვიანებით მან კიდევ ერთხელ გვითხრა, სად არის ომი, ამჯერადაც პრობლემური ფორმულირებით: "ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში".

2. ღარიბაშვილი: ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება

ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ღარიბაშვილი ფიქრობდა, რომ პუტინთან რაიმე სახის დიპლომატია იმუშავებდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გამოსავალი არ იყო. ამის ფონზე კი უკრაინის ხელისუფლება ყოველ დღე ითხოვდა და ითხოვს მეტი იარაღის მიწოდებას.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა დასავლეთს სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებდა, რუსეთი კი ისტორიაში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა. ამ დროს, 28 თებერვალს საქართველოს პრემიერი სანქციებს სკეპტიკურად უყურებდა.

ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? ომობს უკრაინის ჯარი

ირაკლი ღარიბაშვილი

სანქციების არდაწესების მიზეზად პრემიერმა "ეროვნული ინტერესები" დაასახელა. მისი აზრით, "ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არ არის".

ანუ რას მთხოვენ? რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება, ეს ყველაფერი, შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას. დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ ფულის გადმორიცხავს, თუ გავურთულებთ მათ ფინანსურ ოპერაციებს

ირაკლი ღარიბაშვილი

ამის შემდეგ იყო უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ოთხენოვანი, მათ შორის ქართულად დაწერილი ტვიტი, რომლითაც ღარიბაშვილს სთხოვდა უკრაინაში მიმავალი მოხალისეები არ დაებრკოლებინა; სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებები და კონსულტაციებისთვის გაწვეული ელჩი.

აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ამდენ ენაზე ნათქვამიც არ შეისმინა, ამიტომ მეორე დღეს, პირველ მარტს უფრო გასაგებად, პირდაპირი უკრაინის პრეზიდენტის ტრიბუნიდან უთხრეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და მოხალისეებისთვის ხელის შეშლა გახდა.

პრემიერმინისტრის განცხადებების ფონზე, ხალხი ყოველ საღამოს მასშტაბური აქციებით ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მეგობარი ქვეყნის პრობლემები ჩვენთვის სულერთი არაა. თუმცა, ქართული ოცნება მაინც არ გაჩერებულა.

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

ვინ იდგა ზელენსკისა და შმიგალის ტვიტების უკან?!

"ტვიტი, რომელიც არის ქართულად ბევრ ეჭვებს მიჩენს, მაქვს მოსაზრება, საიდან შეიძლება მოდიოდეს" — ეს მაშინ ჯერ კიდევ მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის კრიტიკის პასუხად თქვა.

არა მხოლოდ შმიგალის, ზელენსკის ტვიტიც არ გამოიყურებოდა ქართული ოცნებისთვის გუნდის წევრებისთვის სანდოდ.

"არა მგონია, რომ ზელენსკის სცხელოდა ტვიტისთვის და ამ განცხადებისთვის", — ეს ფრაზა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. კობახიძეს მაშინ არ უთქვამს, ვის ხედავდა ამ ტვიტების უკან, თუმცა სხვა დროს არაერთხელ დააბრალა ნაციონალურ მოძრაობას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებები და კრიტიკული ტონი. ელჩის გაწვევას კი ალოგიკური უწოდა.

"ძალიან უცნაური მოცემულობა, რომ ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში ოპოზიციაში, არიან უკრაინაში ხელისუფლებაში", — ამბობდა ის 25 მარტს.

3. საგარეო საქმეთა სამინისტრო: თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის დროშის ფერებში გავანათეთ

ზელენსკის კრიტიკისა და ელჩის გაწვევის შემდეგ, პირველ მარტს საქართველოს მთავრობამ თავის მართლება დაიწყო და გადაწყვიტა ჩამოეთვალა, რა გაუკეთა უკრაინას. პოსტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, სადაც პუნქტებად ჩამოწერა მათი გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც სულ ექვსი იყო — მათ შორის მოხვდა ანძისა და მოედნის განათებაც.

ასევე, ერთი პუნქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშის აღმართვა იყო. სალომე ზურაბიშვილმა ეს პოსტი გააზიარა და დააწერა, რომ "პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ მის მკაფიო განცხადებებში".

ეს არ არის ერთადერთი პოსტი, რომელიც სამთავრობო გვერდებზე ელჩის გაწვევის შემდეგ გამოქვეყნდა. მალევე მთავრობის ფეისბუქზე დაიდო ვიდეო და ტექსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ". პოსტში მთავრობა ამტკიცებდა, რომ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ მოხალისეების უკრაინაში წასვლას იწუნებდნენ და იმეორებდნენ, რომ ეს "აღქმულია, როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა".

აქვე მოკლედ: რა არ გააკეთა საქართველომ

მთავრობა ბევრს საუბრობს, თუ როგორ უჭერს მხარს უკრაინას საერთაშორისო დონეზე. ხშირად არასწორი ინტერპრეტაციით ამბობს იმასაც, რამდენი ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება ქვეყნიდან. მაგრამ დუმს იმაზე, რას არ უკეთებს უკრაინას, ამიტომ აქვე განვიხილოთ. იმ ფონზე, როცა თითქმის მთელი მსოფლიოს ზელენსკის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას უთმობს, ქართული ოცნება არ დათანხმდა ოპოზიციის ინიციატივას პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტი ჩაერთოთ. მამუკა მდინარაძემ 3 მიზეზი დაასახელა:

  • მისი თქმით, ეს უხერხულობას ქმნის, როდესაც უკრაინის ელჩი გაწვეულია;
  • მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა ოპოზიციის არცერთ ინიციატივას არ შეხედოს სერიოზულად;
  • მათივე აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ორ მთავრობას შორის და ოპოზიციის დასაგეგმი არ არის.

4. რიჟვაძე: უნდა კითხოთ ამ დარგის ექსპერტებს

გგონიათ, რომ ყველასთვის ცხადია, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? აღმოჩნდა, რომ არა. 7 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე რიჟვაძემ ამ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და ჟურნალისტები გადაამისამართა.

ეს უნდა კითხოთ ამ დარგის ექსპერტებს... მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას... საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ

თორნიკე რიჟვაძე

ყველაფერი ამით არ დასრულებულა, ორი დღის შემდეგ რიჟვაძემ დაწერა, რომ მისი აზრით, "შესაბამისი პასუხი" გასცა ჟურნალისტის "რიტორიკულ-პროვოკაციულ" კითხვას. საკმაოდ ვრცელი პოსტის მიუხედავად, მან არც ამჯერად თქვა, ვინ დაიწყო ომი და ტექსტის დიდი ნაწილი ოპონენტების კრიტიკას დაუთმო.

მხოლოდ 20 დღის გასვლისა და კვლავ მედიის კითხვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს თქვა: "რუსეთის ფედერაციამ დაიწყო, იცოდით ალბათ თავიდანვე".

5. ოხანაშვილი: ადეიშვილი და ლორთქიფანიძე, ალბათ, ასწავლიან, რაც არა მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება

6 აპრილს ჟურნალისტმა ოხანაშვილს ჰკითხა, როგორც გამოვიყურებით საერთაშორისო პარტნიორებთან მაშინ, როცა ზელენსკიმ 19 ქვეყნის პარლამენტს მიმართა, ხოლო საქართველოში უარი მიიღო. დეპუტატმა თქვა, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა უკრაინის მხარდასაჭერად და საუბარი ენმ-ს "შუამავლობაზე" დაიწყო.

"კარგად თუ დაეხმარებიან, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ, ასწავლიან, რაც არა მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყო, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში", — თქვა მან.

ამ განცხადებამ განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია არამხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინას ისევ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას აძახებდნენ, არამედ იმიტომ, რომ უკვე გავრცელებული იყო ბუჩაში ქუჩაში დახოცილთა კადრები, რომლებზეც რუსეთი ამბობდა, რომ ცხედრები უკრაინელებმა დააწყეს.

ოხანაშვილმა ჯერ თქვა, რომ მისი განცხადება "მიზანმიმართულად, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი" და ნაციონალური მოძრაობისა და "პარტიული ტელევიზიების ბინძურ ცილისწამების კამპანიაა". თუმცა, ამჯერად მედიასა და ოპოზიციაზე დაბრალებამ არ გაამართლა, რის შემდეგაც, 7 აპრილს დეპუტატმა ბოდიში მოუხადა მათ ვინც, მისი "გამონათქვამი ბუჩას ობიექტური აღქმით დაუკავშირა".

6. ღარიბაშვილი: ომში უკრაინა დაიჩაგრა და დაისაჯა

ვინც ფიქრობდით, რომ პრემიერმინისტრის განცხადება ამ ჩამონათვალში აღარ შეგხვდებოდათ, შეცდით. 3 აპრილს ღარიბაშვილმა გაიმეორა ის, რასაც თურმე, ჯერ კიდევ 25 თებერვალს გვეუბნებოდა.

სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის

ირაკლი ღარიბაშვილი

საზოგადოებამ და ოპოზიციამ პრემიერი ისევ გააკრიტიკა, კობახიძემ კი ისევ გაამართლა. მისი აზრით, ამ ფრაზას ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა.

"რა თქმა უნდა, ის რაც ხორციელდება რუსეთის მხრიდან უკრაინელების მიმართ არის დასჯის აქტი. მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და შეიძლება იყოს უსამართლოც", — თქვა მან.

7. წულუკიანი: ზელენსკი ბომბების ქვეშაა, უარს ვამბობ კომენტარზე, მაგრამ მშვიდობის დროც მოვა

პირველ მარტს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თითქოს არაფერი თქვა, მაგრამ მაინც მოახერხა, რომ უკრაინის ხელისუფლება შეფარულად გაეკრიტიკებინა და გაეფრთხილებინა, რომ სამომავლოდ უარესს იტყვის. ეს საქციელი კი ქართულ ტრადიციების პატივისცემით ახსნა.

დღეს ბატონი ზელენსკი არის ბომბების ქვეშ მდგარი პრეზიდენტი, ამიტომაც მე... ქართული ტრადიცია ასე მოითხოვს, მის განცხადებებზე, წარსულ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის, ომის შემდეგ, ამჟამინდელ მთავრობის შეფასებებზე ჩვენი ქვეყნის, მე უარს ვამბობ რამე ტიპის კომენტარზე

თეა წულუკიანი

მოგვიანებით, 5 აპრილს კი უკრაინის ხელისუფლებას, კოლეგების მსგავსად, ენმ-სთან კავშირზე მიუთითა. წულუკიანმა თქვა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა "საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა". შეგახსენებთ, ამას წინ უძღოდა უკრაინის დაზვერვის განცხადება, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც მთავრობა უწყობს ხელს.

აღსანიშნია ისიც, რომ ეს მთელი მმართველი გუნდის პოზიცია იყო. მდინარაძემაც "გაქცეულ კრიმინალები" ახსენა და უკრაინასთან მეგობრობას "ცალმხრივი" დაარქვა, კობახიძემ კი დაზვერვის განცხადებას ალოგიკური უწოდა და ისევ ნაციონალური მოძრაობის როლზე ისაუბრა.

8. პაპუაშვილი: საკითხების განუმარტებლობის ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს

ფოტო: უკრაინის რადა / Facebook

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უკრაინელი კოლეგის მიწვევა ბუჩაში ვიზიტზე "არასათანადოდ" ჩანდა მაშინ, როცა ადგილი ჰქონდა "დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას".

ამავე განცხადებაში მან მიგვანიშნა, რომ არ ესიამოვნათ, როცა ზელენსკიმ, ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნა. მეტიც მან თქვა, რომ ისურვებდა "უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს".

"ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას", — ამბობდა პაპუაშვილი.

რადას თავმჯდომარემ დაინტერესდა არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას. შემდეგ იყო არაერთი განცხადება, კრიტიკა და ბრალდება, თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, პაპუაშვილმა გადაიფიქრა და საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა. როგორც გვითხრეს, ეს გადაწყვეტილება პაპუაშვილისა და სტეფანჩუკის ონლაინშეხვედრაზე მიიღეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

9. ხელაშვილი: ერთი მხრივ, უკრაინის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი იგებენ ომს და მეორე მხრივ, ხავსს ეჭიდებიან

თითქოს შეხვედრამ ყველაფერი გამოასწორა და საქართველო და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია. თუმცა აღმოჩნდა, რომ არა. დაძაბულობა მხოლოდ რამდენიმე დღით შერბილდა და ქვეყნებს შორის ისევ კრიტიკული რიტორიკა გაგრძელდა.

27 აპრილს ქართული ოცნების დეპუტატმა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ მათი პოზიციაა მძიმე მდგომარეობის დროს უკრაინის ხელისუფლება "შეძლებისდაგვარად, არ აკრიტიკონ". თუმცა, იქვე დაამატა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოწოდებებია.

ერთი მხრივ, უკრაინელები აცხადებენ, ხელმძღვანელობა, რომ ისინი იგებენ ომს და მეორე მხრივ, ისინი, გარკვეულწილად, ასეთ ხავსს ეჭიდებიან იმისთვის, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ცოტა ამით შვება მიადგეს

გიორგი ხელაშვილი

აღსანიშნია ისიც, რომ არესტოვიჩის განცხადებები არაერთხელ გახდა კრიტიკის სამიზნე არამხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ საზოგადოების ნაწილის მხრიდან. ისევე, როგორც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობაზე საუბარი.

10. ზარქუა: პოდოლიაკი ჩვეულებრივი ვიგინდარაა

არესტოვიჩი არ არის ერთადერთი უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში, ვინც ქართული ოცნების წევრებს არ მოსწონთ. მათი კრიტიკის თავდაპირველი სამიზნე დავით არახამია იყო, მოგვიანებით კი მიხაილო პოდოლიაკზე გადაინაცვლეს.

3 მაისს, ამერიკის ხმასთან ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ისაუბრა, როგორ აფასებს საქართველოს პოზიციას მიმდინარე ომში. პოდოლიაკის თქმით, საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს და არ იკავებს მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას. მან ახსენა ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც და თქვა, რომ უკვირს, როგორ ჰყავს ქართველს ხალხს მსგავსი ოლიგარქი.

ამას ქართული ოცნების მხრიდან პოდოლიაკი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები მოყვა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მას არსება, ხოლო დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ვიგინდარა უწოდა.

ვინ ეკითხება პოდოლიაკს? რას წარმოადგენს? ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხდა იქ ხელისუფლებაში, ისიც და კიდევ ბევრი სხვაც.

ირაკლი ზარქუა

კალაძის აზრით, ის "შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში". საერთოდაც, მან ჟურნალისტებს "თხოვა" ნახონ, ვინ არის პოდოლიაკი და "რა ცხოვრებით უცხოვრია". კიდევ ერთმა დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა პოდოლიაკს ურჩია, "თავიანთ საქმეს მიხედონ".

ზოგადად, ქართული ოცნება ბევრ "რჩევას აძლევს" უკრაინის ხელისუფლებას. მაგალითად, ზარქუამ ზელენსკის ურჩია, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას.


დასასრულს უნდა ვთქვათ ისიც, რომ მმართველი გუნდი უკვე 2 თვეა გვიმეორებს, რომ "აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეული იქნას სამხედრო კონფლიქტში". მათი აზრით, კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ენმ-ის მიერ, რომელსაც "მრავლად ჰყავს წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში". მათთან ერთად ამ ნარატივს იმეორებენ პროსახელისუფლებო და პრორუსული ტროლებიც და ქვეყანაში ანტიუკრაინულ და კრემლისტურ განწყობებს აღვივებენ.