რამდენ ხანს უნდა იძინონ ადამიანებმა შუახნის ასაკიდან ხანდაზმულობამდე? — კვლევა
თითოეული ჩვენგანი ყოველწლიურად ძილში საშუალოდ 3 000 საათს ატარებს. ეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მესამედია, რაც, ერთი შეხედვით, შესაძლოა, გაფლანგულ დროდ მოგვეჩვენოს. სინამდვილეში კი ძილი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია.
ასაკის მატებასთან ერთად, ძილის მახასიათებლების ცვლილება აღინიშნება, ამიტომ იმის ცოდნა, თუ რამდენ ხანსაა სასურველი ამ მდგომარეობაში ყოფნა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, საჭირო და აუცილებელიც კია. სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლა გადაწყვიტეს კემბრიჯისა და ფუდანის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა.
ასევე, იხილეთ: რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში — მეცნიერება სიზმრებზე
მათ 38-დან 73 წლამდე ასაკის 498 277 ცდისპირის მონაცემები გამოიკვლიეს. კერძოდ, ძილის ხანგრძლივობა, ზოგადი მდგომარეობა, გენეტიკური ინფორმაცია, ტვინის გამოსახულებები და სხვა. შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურად დაახლოებით 7 საათის განმავლობაში სტაბილურად და შეფერხების გარეშე ეძინათ, გონება უკეთ უმუშავებდათ, მენტალურად უფრო ჯანმრთელები იყვნენ და საერთო ჯამშიც კარგად გრძნობდნენ თავს.
ზედმეტი ან ნაკლები ძილი სპეციალისტებმა მეხსიერების პრობლემებთან, გონებრივი უნარების დაქვეითებასთან და ტვინის ზოგიერთი რეგიონის მოცულობის ცვლილებასთან დააკავშირეს. ამის მიუხედავად, უშუალო მიზეზ-შედეგობრიობა არ გამოუვლენიათ. მათი აზრით, ამის უკან შესაძლოა, ღრმა ძილის ფაზის დარღვევა იმალებოდეს, რომელიც დემენციასთან მიმართებაში აქამდეც განუხილავთ.
ასევე, იხილეთ: რას ამბობს ძილის მეცნიერება პარანორმალურ შეგრძნებებზე?
უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული კვლევა საკმაოდ მასშტაბურია, მაგრამ გარკვეულწილად ცდისპირთა მონაყოლს ეფუძნება. შესაბამისად, მცირე უზუსტობები გამორიცხული არაა. მეცნიერები მომავალში უფრო სიღრმისეული ანალიზის გაკეთებას გეგმავენ.
კომენტარები