რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში — მეცნიერება სიზმრებზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

სიზმარი როგორც კინო

სიზმარი რაღაცით უცნაურ ფილმს ჰგავს, რომელსაც ყოველ ღამე ვუყურებთ. რეჟისორი ზოგჯერ ჭკუიდან გადადის და ისეთ სიუჟეტს ავითარებს, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელია. გარდა სიუჟეტის ჩახლართულობისა და რიგ შემთხვევებში აბსურულობისა, ფილმში ძირითადად მთავარ როლს ჩვენ, სიზმრის "მნახველები" ვასრულებთ. თუმცა, არის ერთი პრობლემა, კლასიკური კინოსგან განსხვავებით, ჩვენ სიუჟეტი ნაკლებად გვამახსოვრდება და ძირითადად მხოლოდ ფრაგმენტებით დაკმაყოფილება გვიწევს. რაც მთავარია, სიზმრები ფაილებად ვერ ინახება და მათი უმეტესობა უბრალოდ იშლება.

ალბათ ამიტომაც არის რომ ადამიანები ვიღებთ ფილმებს, ვწერთ წიგნებს, ვიგონებთ და ვდგამთ სხვადსხვა სცენებს. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც სიზმრებს ბოლომდე ვაკონტროლებთ, ვიწერთ მათ, ვინახავთ, განმეორებით ვუყურებთ, ვაზიარებთ და რაც მთავარია, სიუჟეტსაც კი წარვმართავთ. ნეირომეცნერებისა და ტექნოლგიების განვითარებასთან ერთად, ეს ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს, თუმცა მანამდე კიდევ ბევრი დროა. კაცობრიობას ძილისა და სიზმრების ფანტასმაგორული სამყარო ჯერ კიდევ ახლოდან გასაცნობი და შესასწავლი აქვს.

მაშ ასე, როგორც უკვე მიხვდებოდით, სტატიაში სიზმრებზე ვისაუბრებ და მიმოვიხილავ ძირითად თემებს რაც ამ ფენომენზე ვიცით. ერთი სიტყვით, ვეცდებით გავიგოთ რატომ ვნახულობთ სიზმრებს და რისი თქმა შეუძლია ამაზე მეცნიერებას.

სიზმრების ანტიკურობა

როდესაც გვიჩნდება შეკითხვა "რას ნიშნავს ჩემი სიზმარი?", უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის ინტერესია, რომლითაც პირველი ადამიანებიც იყვნენ გატაცებული. ძალიან საინტერესოა როგორ სიზმრებს ნახულობდნენ პირველყოფილი ადამიანები და რა ახსნები ჰქონდა ამას პრეისტორიულ სამყაროში. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოქვაბულის კედლებზე პირველი ნახატები სწორედ სიზმრებით იყო ინსპირირებული. წარმოიდგინეთ პირველყოფილი ადამიანი, რომელიც ძილში სიზმარს ნახულობს და ამ ინფორმაციის დაკარგვის შიშით მას კედლებზე "გადმოსცემს". თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია და ამის არც დამადასტურებელი და არც უარმყოფელი გაგვაჩნია რაიმე.

სხვა საკითხია ანტიკური ცივილიზაციები და კულტურები. საბედნიეროდ ჩვენ მათ ხედვებზე და წარმოდგენებზე ბევრი რამ ვიცით, მათ შორის იმაზე თუ როგორ უყურებდნენ და აღიქვამდნენ სიზმრებს. ძველად ადამიანები სიზმარს ძირითადად მაინც სულის თავგადასავლად მიიჩნევდნენ. ადამიანი იძინებდა, სხეული ისვენებდა, ხოლო სული სამოგზაუროდ მიეშურებოდა. სწორედ ასეთი ფანტაზიიდან აღმოცენდა სიზმრების მეტაფიზიკა, შესაბამისად სიზმრების წინასწარმეტყველებასთან და ღვთაებრივ ნიშნებთან დაკავშირება მოხდა.

წარსულში ადამიანები სიზმრების მიხედვით ცდილობდნენ განესაზღვრათ წარმატებით ინადირებდნენ თუ არა, როდის იყო უკეთესი ომის წამოწყება, სად ჯობდა დასახლება, ვისი შეყვარება შეიძლებოდა და სხვა მრავალი რაც საბოლოოდ ადამიანების ცხოვრებას რეალურ დროსა და სივრცეში განსაზღვრავდა. სიზმრების მიხედვით შელოცვები და წინასწარმეტყველება გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში.

ძველ ეგვიპტეში სიზმრების სამყარო ცოცხალთა მიწასა და მკვდრების სამფლობელოს შორის გადებული ხიდი იყო. ბუნებრივია ამ ხიდზე მოგზუარობისას უამრავ არამიწიერ არსებას შეხვდებოდი, მათ შორის ღვთაებებსა და წინაპრების სულებს. სიზმრები ამ სამყაროებს შორის კომუნიკაციის შეზღუდული, მაგრამ მაინც საჭირო და მნიშვნელოვანი საშუალება იყო. სწორედ ძველი ეგვიპტური სიზმრების წიგნი არის სიზმრების ინტერპრეტაციის უძველესი სახელმძღვანელო, რომელიც 3 000 წლის წინ შეიქმნა.

სიზმრები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ძველ საბერძნეთსა და რომში. მათ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ იმდროინდელ სოციალურ, ფილოსოფიურ, რელიგიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაშიც, ისინი განიხილებოდა როგორც მომავლის ნიშნები, როგორც ინდივიდის ცხოვრებაში, ისე მთლიანად საზოგადოებებისთვის.

პლატონთან როგორც დახუჭული თვალია მოწყვეტილი სინათლეს, ასევეა სული თავის თავში ჩაკეტილი. მიუხედავად ამისა, სული გარემოსგან ბოლომდე ვერ იზოლირდება. გამოდის, რომ სიზმარი სულის ყველაზე დაბალ ლტოლვით ნაწილს უკავშირდება, რა დროსაც ისეთი სურვილები შეიძლება გამოვიდეს სააშკარაოზე რომელიც სიფხიზლეში დათრგუნულია. დიახ, არ გეჩვენებათ, ეს ფროიდისეული სიზმრის აღქმის კარზე მიკაკუნებას ჰგავს, მაგრამ ეს მხოლოდ კარზე კაკუნია და რა თქმა უნდა, პლატონთან არაცნობიერის მომენტი ნაკლებადაა წამოწეული. საბოლოოდ პლატონი ასკვნიდა, რომ კარგი კაცი სიზმარში ხედავს იმას, რასაც ცუდი სიფხიზლეში აკეთებს.

პლატონის შემდეგ არისტოტელე კიდევ უფრო მიწაზე დაეშვა. მისი სიზმრებთან დაკავშირებული მსჯელობა უფრო პრაქტიკულია, გამოცდილებებიდან გამომდინარეობს და ფსიქიკურ განცდად აღიქმება. თუ პლატონის წარმოდგენები ფროიდის არაცნობიერის და სიზმრების თანაკვეთას მოგვაგონებს, არისტოტელეს ნააზრევმა უფრო ნეირომეცნიერებების დაკვირვებები შეიძლება გაგვახსენოს. არისტოტელეს სწამდა, რომ ტვინს ორგანიზმის ტემპერატურის დაწევა შეუძლია. როდესაც მისგან წამოსული სიგრილე სულის ცენტრალურ ორგანომდე, ანუ გულამდე აღწევდა, ჩვენ ვიძინებდით. საბოლოოდ ეს იწვევდა შეგრძნებათა აქტივობის მკვეთრ შესუსტებას. შედეგად ჩნდება "ილუზორული" წარმოდგენები, რაც სიზმრის სახით ვლინდება. არისტოტელე ფიქრობდა, რომ სიზმრად ნანახი სინამდვილედ აღიქმება, რადგან ტვინის კრიტიკულობა დაქვეითებულია და თან გარე სამყაროსთანაც კავშირი არაა მთლიანად გაწყვეტილი. და რაც მას ყველაზე მეტად აკავშირებს თანამედროვე ნეირომეცნიერებთან ისაა, რომ მისთვის სიზმარში ზებუნებრივი და ღვთაებრივი არაფერი იყო. მისთვის სიზმრები წარმოდგენათა შემთხვევითი კომბინაციებია.

ანტიკური სამყაროს გავლენით და ზოგადად იმ მისტიკურობით რაც სიზმრებს თან ახლავს, სიზმრების მეტაფიზიკის განსაკუთრებით სწამდათ შუა საუკუნეებში. შესაბამისად, ეს ის პერიოდი იყო რა დროსა სიზმარს ყველანაირი ინტერპრეტაცია შეიძლებოდა მისცემოდა. მაგალითად, უცნაური სიზმრის სიუჟეტის სხვისთვის განდობას თქვენი ცეცხლზე შეხრუკვაც შეიძლება გამოეწვია.

სიზმრების ფსიქოლოგია

სიზმარს შეიძლება ჰქონდეს ორგვარი ახსნა, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგისაა და ბიოლოგიის ბოლომდე ერთმანეთისგან გამიჯვნა სრული აბსურდია, სიზმრებს ეს ორი დარგი სხვადასხვა პრიზმიდან იკვლევს.

ფსიქოლოგიისა და სიზმრების თანაკვეთა ძირითადად ზიგმუნდ ფროიდით დაიწყო. ფროიდის მონოგრაფია "სიზმრის ახსნა", რომელიც 1900 წელს გამოიცა, მისი ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია ფსიქოანალიზის დარგში. აქ ფროიდმა ჩამოაყალიბა მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. ნაშრომში დიდი ადგილი უკავია სიზმრების ფარული შინაარსის განმარტებას. ის რის კარზეც პლატონი და ბევრი სხვა მოაზროვნე აკაკუნებდა, სწორედ არაცნობიერი იყო. თუმცა, ფროიდამდე ეს კარი პირველად ვერავინ შეაღო.

ფროიდმა აღმოაჩინა, რომ კარის იქით ცნობიერისთვის და პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი მისწრაფებები და სურვილებია, რომლებიც ადამიანის ქცევას განაპირობებს. მან გვითხრა, რომ ძილის დროს ცნობიერის კონტროლი შედარებით სუსტდება, ამიტომ სიზმრები ცოცხლებსა და მკვდრებს შორის გადებული ხიდი კი არა, ცნობიერსა და არაცნობიერს შორის გაბმული ვიწრო ძაფია. ფროიდს მიაჩნდა, რომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. ასეთ დროს შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამებოდეს ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია.

ერთი სიტყვით, ფროიდმა მიიჩნია, რომ სიზმრები ჩვენი არაცნობიერის გასაღებია. და ერთი პატარა მსგავსება პლატონთან, სიზმრები საზოგადოებისთვის მიუღებელი სურვილების და მისწრაფებების დაკმაყოფილების საშუალებაა, ერთგვარი ესკაპიზმი.

როდესაც ვსაუბრობთ ფსიქოლოგიაზე და სიზმრებზე მნიშვნელოვანია იუნგის ფაქტორიც. იუნგი ეთანხმებოდა ფროიდს იმაში, რომ სიზმრები ფანჯარაა, საიდანაც არაცნობიერში შეხედვა შეიძლება. ის ფროიდს არც იმაში ეწინააღმდეგებოდა, რომ სიზმრები შეიძლება ყოფილიყო რეტროპერსპექტივა და ბავშვობაში მომხდარი მოვლენების ანარეკლი, თუმცა, იუნგი აკრიტიკებდა ფროიდს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი კონკრეტული პიროვნების სიზმრის მხოლოდ ობიექტურ და გარეგან ასპექტებს აქცევდა ყურადღებას.

იუნგსა და ფროიდს შორის განხეთქილება აქ დაიწყო. იუნგს მიაჩნდა, რომ სიზმრებში ასახულია როგორც პერსონალური, ასევე კოლექტიური არაცნობიერი. ის ამისთვის არქეტიპებს იშველიებდა. იუნგთან არქეტიპები უნივერსალური პროტოტიპებია, რომლებიც ჩვენს ქცევას განსაზღვრავენ. იუნგთან მნიშვნელოვანი იყო წინაპრის, ადგილისა და კონკრეტული ეპოქის ფაქტორი. საბოლოოდ, იუნგმა დაასკვნა, რომ კონკრეტული ერთი კულტურის პირმშოებისთვის კოლექტიური არაცნობიერი არის საერთო. არქეტიპებიც სიზმრების, ფანტაზიებისა და ჰალუცინაციების სახით ვლინდებიან.

ფროიდისა და იუნგის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. მეცნიერებამ ადამიანის ტვინის შესწავლის მხრივ წინ წაიწია და ის რაზეც ადრე მხოლოდ თეორიულად შეგვეძლო საუბარი, ახლა ნაწილობრივ დაკვირვებადი და შესწავლადია.

რა არის სიზმარი

ბევრი რამ არის ცნობილი ძილის როლის შესახებ მეტაბოლიზმის, არტერიული წნევის, ტვინის ფუნქციისა და ჯანმრთელობის სხვა ასპექტების რეგულირებაში. მიუხედავად ამისა, ძილზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ამის ფონზე, მკვლევარებისთვის უფრო რთულია სიზმრების როლის ახსნა. სიზმრებს ყველა ვხედავთ, მიუხედავად იმისა გვახსოვს ის თუ არა. სიზმრის ფენომენი დღემდე ბოლომდე ამოუხსნელია და ის კვლავ უამრავ საიდუმლოს მალავს.

ასევე: ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში

დღეს მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიზმრები ძირითადად ავტობიოგრაფიული აზრებია, რომლებიც დაფუძნებულია თქვენს ბოლოდროინდელ საქმიანობაზე, ფიქრზე ან თქვენს ცხოვრებაში არსებულ სხვა საკითხებზე. ფსიქოლოგების უმეტესობა კი გეტყვით, რომ სიზმარები ადამიანის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს და ჩვენი ქვეცნობიერი ასე "ცდილობს", დროდადრო შეგვატყობინოს რაღაც მნიშვნელოვანი.

მართლაც, როგორც უკვე ვახსენე, სიზმარს შეიძლება ჰქონდეს ორგვარი ახსნა, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური.

მაქსიმალურად რომ გავამარტივოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიზმრები ამბებისა და სურათების ერთობლიობაა, რომლებსაც ჩვენი გონება ძილის დროს ქმნის. თუმცა, როგორც უკვე თავში ვახსენე, ამ "ეკრანიზაციას" ჩვენი ცნობიერი ძირითადად ვერ აკონტროლებს. შესაბამისად, სიზმარი შეიძლება იყოს ძალიან რეალური, რაც გაგვაბედნიერებს, დაგვამწუხრებს ან შეგვაშინებს. ზოგჯერ სიზმრები გაუგებარი და დამაბნეველია.

სიზმრის აზრზე მეცნიერები დღესაც კამათობენ. თუ ამ თემაზე მომუშავე მკვლევრებს მოუსმენთ, შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიიღოთ. ზოგმა შეიძლება გითხრათ, რომ სიზმარს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია და ის მძინარე ტვინის აბსურდული აქტივობაა, სხვები კი გეტყვიან, რომ ის ჩვენი მენტალური, ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის ანარეკლია.

დღეს არსებულ ცოდნას თუ შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგიერთი სიზმარი ტვინს დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების აღქმასა და გადამუშავებაში ეხმარება, ზოგიერთი კი ტვინის ფიზიოლოგიური აქტივობის ნაყოფია.

არსებობს თეორიები, რის მიხედვითაც, სიზმარი ეს უსიამოვნო ინფორმაციისა და არასაჭირო მეხსიერების მოცილების პროცესია, რა დროსაც ტვინში მნიშვნელოვანი მონაცემი მუშავდება.

როდის ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს

ბუნებრივია სიზმრებს ძილის დროს ვხედავთ, თუმცა, ესეც, როგორც თავად სიზმრები არ არის ერთფეროვანი და სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება. ჩვენ ვიცით, რომ ძილი გარეგნულად ხასიათდება შედარებითი უმოძრაობით, რა დროსაც დათრგუნულია/შეცვლილია ცნობიერის აქტივობა, თუმცა ის პერიოდულად აქტიურდება სიზმრის დროს.

მეცნიერები ძილს ოთხ ეტაპად ყოფენ, მაგრამ სიზმარი ყველაზე მეტად REM ფაზასთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს ტვინის აქტივობა მატულობს და უახლოვდება იმ დონეს, როგორიც სიფხილზისას გვაქვს. ითვლება, რომ ძილის ეს ეტაპი აუცილებელია კოგნიტური ფუნქციებისთვის, როგორიცაა მეხსიერება, სწავლა და კრეატიულობა. ეს პერიოდი ასევე ცნობილია ყველაზე ნათელი სიზმრებით, რაც აიხსნება ტვინის აქტივობის მნიშვნელოვანი მატებით. სიზმრები შეიძლება ვნახოთ ძილის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ ისინი შედარებით ინტენსიურია სწორედ ბოლო ეტაპზე.

REM ასევე დესინქრონიზებული, პარადოქსული ძილის ფაზადაც მოიხსენიება, რადგან ამ დროს ადამიანში სიფხიზლისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც შეიმჩნევა. ძილის ამ ფაზაში ჩაძინებული ორგანიზმი ყოველ 90 წუთში შედის. საინტერესოა ისიც, რომ ტვინის ისეთ უბნებს, როგორიცაა ქერქი და ლიმბური სისტემა, REM ფაზის პერიოდში შედარებით მეტი სისხლი მიეწოდება.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიზმრებს სწრაფი ძილის ფაზაში ვხედავთ, მაშინ, როდესაც ჩვენი ტვინი ყველაზე აქტიურია. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი ყოველ ღამით, სულ მცირე, 4-5 სიზმარს ხედავს.

სიზმრების ბიოლოგია და დანიშნულება

სხვადასხვა კვლევებით გამოვლინდა, რომ არსებობს სიზმრები, რომლებიც ყველას გვესიზმრება. დიახ, ბატონო იუნგ, მათ ჩვენი ინსტინქტები, კულტურული იდენტობა, წინაპრებისა და პირადი გამოცდილება განაპირობებს. ცნობილი ექსპერტი სიზმრების სფეროში, პატრიცია გარფილდი, მათ "უნივერსალურ სიზმრებს" უწოდებს და ამბობს, რომ მართალია ამ სახის სიზმრები ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად ხედავს მათ, მაგრამ ფუძე მაინც ერთია. ეს ნიშნავს, რომ უნივერსალური სიზმრები კაცობრიობასავით ძველია და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

და მაინც, რა არის სიზმრების ბიოლოგია და მათი დანიშნულება? მეცნიერები რამდენიმე შესაძლო მიზეზს ასახელებენ, კერძოდ, ესენი შეიძლება იყოს: მეხსიერების კონსოლიდაცია, ემოციების დამუშავება, ჩვენი ღრმა სურვილების გამოხატვა და პოტენციურ საფრთხეებთან დაპირისპირების პრაქტიკა.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

სიზმრები, როგორც მეხსიერების დამხმარე საშუალებებიმკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიზმარი გვეხმარება ჩვენი მეხსიერების კონსოლიდაციაში და გაანალიზებაში (როგორიცაა უნარები და ჩვევები) და ეს ერთგვარი წინასწარი ვარჯიშია. ერთი ფართოდ გავრცელებული თეორია სიზმრების მიზნის შესახებ არის ის, რომ ისინი გვეხმარება შეინახოთ მნიშვნელოვანი მოგონებები და გვათავისუფლებს უმნიშვნელო მოგონებებისგან. ეს საბოლოოდ რთული აზრების და გრძნობების დალაგებისთვისაა საჭირო.

სიზმარი როგორც პოტენციურ საფრთხეებთან დაპირისპირების პრაქტიკაკვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დროს ტვინის აქტივობა იზრდება იმ ადგილებში, რომლებიც არეგულირებენ ემოციებს, რაც ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას და ემოციურ სტაბილურობას. ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ამ პროცესს ემოციების დარეგულირებაში დაგვეხმაროს, არის ამიგდალაში. სწორედ ამიგდალაა ის უბანი, რომელიც ყველაზე აქტიურია სიზმრის დროს. თავის ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია შიშის რეაქციაზე. ეს არის ის, რაც აკონტროლებს თქვენს რეაქციას, როდესაც ხვდებით აღქმულ საფრთხეს, როგორიცაა სტრესული სიტუაცია. ამ დაკვირვებიდან გამომდინარე მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ტვინისთვის საშუალება, რათა მოემზადოს საფრთხესთან გამკლავებისთვის.

და ნუ დავივიწყებთ მუზას, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ საუკეთესო იდეები სწორედ სიზმრისას მოსდის. ლოგიკურ ფილტრს, რომელსაც ვიყენებთ სიფხიზლეში, შეუძლია შეზღუდოს შემოქმედებითი ნაკადი, სიზმარში კი ჩვენს აზრებსა და იდეებს ნაკლები შეზღუდვები აქვთ.

რატომ გვავიწყდება სიზმრები

კვლევების მიხედვით, 10 წელს გადაცილებული ადამიანები ღამის განმავლობაში ზოგჯერ 6 სიზმარსაც კი ხედავენ, მაგრამ გაღვიძებისას ცოტა თუ ახსოვთ. სტატისტიკა გვეუბნება, რომ გაღვიძებისას სიზმრის დაახლოებით 95% არ გვახსოვს.

მეცნიერები სიზმრების იოლად დავიწყების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ სიზმრები არ გვავიწყდება, უბრალოდ მათზე წვდომა არ გვაქვს მაგრამ ისინი ჩვენს მეხსიერებაში ილექება და საჭირო დროს გვახსენებს თავს. ამ თეორიით შეიძლება აიხსნას ისიც, რომ დავიწყებული სიზმარი რაიმე ფაქტთან დაკავშირებით მოულოდნელად მოგვაგონდება ხოლმე. ეს სულაც შეიძლება დეჟავიუს ეფექტი იყოს. ის რაც ოდესღაც სიზმარში ნახეთ და მივიწყებული გაქვთ, მასზე მიმსგავსებული შეიძლება ცხოვრებაში გადაგხდეთ. ამ დროს ვერ იხსენებთ ზუსტად სიზმარს, მაგრამ გაქვთ შეგრძნება, რომ მსგავსი რაღაცა თქვენს ცხოვრებაში უკვე მოხდა.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, ყველა სიზმარს რომ ვიმახსოვრებდეთ, რეალური და სიზმრისეული მეხსიერების ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან გაგვიჭირდებოდა. შეიძლება ამ მხრივ ჩვენზე ევოლუციამ იზრუნა და ჩვენი ტვინები სიზმრების დასავიწყებლად მიმართა. წარმოიდგინეთ სიზმრები ზუსტად ისე რომ გამახსოვრდებოდეთ როგორც თქვენი "ფხიზელი" ცხოვრების ეპიზოდები. მაშინ რომელი იქნებოდა რეალობა და რომელი სიზმარი?

ევოლუცია ვახსენე და აი რას ამბობს ამაზე ტვინზე დაკვირვებები. სიზმრების რთულად დამახსოვრების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ტვინის ქიმიკატი, რომელიც დაკავშირებულია მეხსიერებასთან — ნორეპინეფრინი — და ტვინის ელექტრული აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს გახსენებას, ყველაზე დაბალ დონეზეა, როცა გვძინავს. ცნობისთვის, თუ სიზმარს ნახულობთ და ამ დროს არ გაიღვიძებთ, ვერ შეძლებთ მის გახსენებას. სიზმრები, რომლებიც გვახსოვს, არის ის, რასაც გაღვიძებისას ვხედავდით.

უკვე ვახსენე, რომ სიზმრებს ძირითადად სწრაფი ძილის (REM) დროს ვხედავთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც სწრაფი ძილის დროს აღვიძებენ, სიზმარი კარგად ახსოვთ. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ გაღვიძებულებს ნაწილობრივ შეუძლიათ სიზმრის აღდგენა. ათი წუთის შემდეგ გაღვიძებულთა უმეტესობას სიზმარზე ინფორმაცია ფაქტიურად ბოლომდე ეკარგებათ.

შესაბამისად, ღრმა ძილში სიზმარი ნაკლებად გვამახსვრდება. ამაში დამნაშავე კვლავ ნორეპინეფრინის ნაკლებობაა. ეს ჰორმონი სხეულსა და გონებას მოქმედებისკენ უბიძგებს და, ბუნებრივია, ღრმა ძილის დროს ორგანიზმში მისი დონე ჩვეულებრივზე დაბალია.

არსებობენ "ბედნიერები", რომლებსაც სიზმარი ჩვეულებრივზე ბევრად კარგად ამახსოვრდებათ. თუმცა, სამწუხაროდ ეს მათ დარღვევად უბრუნდებათ. შესაბამისად, რეალურად მომხდარისა და სიზმარში ნანახი მოვლენების ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ. ეს მათ ცხოვრებაში დისკომფორტს უქმნის და ასეთ დარღვევას ნარკოლეფსია ეწოდება.

ცხოველებიც ხედავენ სიზმრებს?

დიდი ხანი მიიჩნეოდა, რომ სიზმრებს მხოლოდ ადამიანები ხედავდნენ. თუმცა, 1950-იანი წლებიდან მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკმაოდ დამაჯერებელი, თუმცა არაპირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ბევრი სხვა ძუძუმწოვარი და ფრინველი ნამდვილად ხედავს სიზმარს.

ადამიანებში REM ძილის იდენტიფიცირების შემდეგ, მეცნიერებმა მალევე დაიწყეს მისი შესწავლა ცხოველებში. თითქმის ყველა ძუძუმწოვარი და ფრინველი, რომლებიც შესწავლილია — ძაღლებიდან და კატებიდან დაწყებული, ქვეწარმავლებით დამთავრებული — როგორც ჩანს, თვალის სწრაფი მოძრაობის ამ ეტაპზე გადადის.

მთავარი რაც ცხოველების სიზმრებზე მიუთითებს შემდეგია: ძილის ამ ეტაპზე ცხოველების ტვინში ელექტრული აქტივობის ნიმუშები ადამიანების ნიმუშების მსგავსია. ასე რომ, თუ ეს ნიმუშები ადამიანების სიზმრებს აღნიშნავს, მაშინ სიზმარს ცხოველებიც ხედავენ.

შემოვიტანოთ მეტი ემპირიულობა! 2015 წელს ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველები ნამდვილად ხედავენ სიზმრებს. კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ლაბორატორიულ ვირთხებს ძილის წინ საკვებს უჩვენებენ, უკვე ძილის პროცესში მათ ტვინში გარკვეული ნეირონები განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა მოიპოვონ საკვები.

ასე რომ, როგორც ჩანს, ადამიანი არ არის ერთადერთი არსება, რომელიც სიზმრითაა პრივილეგირებული.

ლუციდური სიზმრები

და აი ისიც, ლუციდური სიზმრები! ფართო გაგებით ლუციდური სიზმარია სიზმარი, რა დროსაც იცი რომ გძინავს. კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი სიზმრები აძლიერებს აქტივობას ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ჩვეულებრივ მშვიდია ძილის დროს.

ლუციდური სიზმარი არის ტვინის მდგომარეობა REM ძილსა და სიფხიზლეს შორის. მკვლევრებმა ზუსტად არ იციან რატომ და როგორ ჩნდება მსგავსი სიზმრები, მაგრამ კვლევები მიუთითებს, რომ ტვინის პრეფრონტალური და პარიეტალური რეგიონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ასეთ დროს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების დაახლოებით 50%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც განუცდია ლუციდური სიზმარი და მხოლოდ 10%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ მათ მსგავსი სიზმრები თვეში ორჯერ ან მეტჯერ უნახავთ.

ლუციდური სიზმრების "სპეციალისტებს" ნაწილობრივ თავისი სიზმრების კონტროლი შეუძლიათ, რა დროსაც ისინი სიზმრის სცენარს მართავენ. ასეთი სიზმრები რაღაცით ვირტუალურ რეალობასა და ჰიპერრეალისტურ ვიდეო თამაშებს ჰგავს, სადაც შემოქმედი თავად მოქმედი პერსონაჟი შეიძლება იყოს. თეორიულად მსგავსი სიზმრების მართვა უდიდესი პოტენციალის მქონეა და მისი გამოყენება ყველაფრისთვის შეიძლება.

საინტერესოა, რომ მკვლევრებმა ძლიერი კავშირი აღმოაჩინეს ლუციდურ სიზმარსა და წარმოსახვით აზროვნებას შორის. კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი სიზმრების მნახველები უკეთ ასრულებენ შემოქმედებით ამოცანებს.

და მაინც, რას გვეუბნება ეს ყველაფერი? გავთამამდები და ვიტყვი, რომ სიზმარი შეიძლება ბევრად მეტი იყოს ვიდრე ეს ჩვენს წინაპრებს ეგონათ. კი, მათ ის მომავლის წინასწარმეტყველად და ღვთაებრივი არსებების სავანედ მიაჩნდათ, მაგრამ სიზმრებმა შეიძლება სრულიად ახალი სამყაროები გააჩინონ. წარმოიდგინეთ არც თუ ისე შორეული მომავალი, სადაც იმპლანტებითა და ნეიროტრანსმიტერების გამოყენებით ჩვენ სიზმრების შემოქმედები ვხდებით. ლუციდური სიზმრები ყველასთვის ხელმისაწვოდმია და ყველას თავისი სამყარო უჩნდება, სადაც ყველაფერს ისე განაგებს როგორც მოესურვება. და როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, თუ ამ ყველაფრის ჩაწერას და ვიზუალიზაციას შევძლებთ, როგორი იქნება მაშინ ხელოვნება? მეტიც, როგორი იქნება ჩვენი "ფხიზელი" სამყარო, სადაც ბევრ რამეში შეზღუდულები ვართ და ამის საწინააღმდეგოდ სიზმრებში ყველაფერი შეგვეძლება?

ბევრს მიაჩნია, რომ მომავალი ვირტუალური სამყაროებისაა, სადაც ადამიანები სულ უფრო მეტ დროს გაატარებენ, მაგრამ მომავალი შეიძლება ლუციდური სიზმრების იყოს.

როგორ? თუ სიზმარში სამყაროს ისევე აღვიქვამთ, როგორც ამას "სიფხიზლეში" ვშვრებით, მაშინ რომელი იქნება სიზმარი? უფრო ზუსტად, რომელს ავირჩევთ უსაზღვრო შესაძლებლობებს თუ შეზღუდულ "რეალობას", რომლის რეალურობაში დღესაც ბევრი არაა დარწმუნებული?

ეს ის შეკითხვებია რაზეც დრო, მეცნიერება და ადამიანის ტვინის შესაძლებლობების შესწავლა გვიპასუხებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ