მეცნიერებმა შექმნეს ფერმენტი, რომელიც პლასტმასას რამდენიმე საათში შლის
მეცნიერებმა ფერმენტი შექმნეს, რომელსაც შეუძლია, პლასტმასას კომპონენტები, ათწლეულების ნაცვლად, სულ რამდენიმე საათში დაშალოს. ავტორთა განცხადებით, შესაძლოა, იგი პლასტმასით დაბინძურებული ადგილების გასასუფთავებლადაც კი გამოვიყენოთ. კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
ამ ფერმენტმა ტესტებში პოლიმერ პოლიეთილენ ტერეფტალათისაგან (PET) დამზადებული პროდუქტები ერთ კვირაში დაშალა, ზოგ შემთხვევაში კი 24 საათში. საგულისხმოა, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ამ მასალების სათანადოდ დაშლას საუკუნეებიც კი სჭირდება.
გასათვალისწინებელია, რომ თავად PET არაერთი პროდუქტის შეფუთვაში გვხვდება, ტექსტილი იქნება ეს თუ სხვადასხვა სასმლის ბოთლები. მიჩნეულია, რომ მისი ნარჩენები გლობალური დაბინძურების 12%-ს შეადგენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მსოფლიოში პლასტმასის 10 პროცენტიც კი არ არის გადამუშავებული.
მეცნიერთა გუნდმა ენზიმს "FAST-PETase" — ფუნქციური, აქტიური, სტაბილური და ტოლერანტული PETase (PET-ის დამშლელი ფერმენტი) — უწოდა. მათ ფერმენტი ბუნებრივი PETase-ისგან შექმნეს, რომელიც ბაქტერიას PET პლასტმასას დაშლის საშუალებას აძლევს. შემდეგ იგი მანქანური სწავლების გამოყენებით შეცვალეს, რათა ხუთი მუტაცია გამოეწვიათ, რომელთა საშუალებითაც სხვადასხვა გარემოში ენზიმი პლასტმასას უფრო სწრაფად დაშლიდა.
როდესაც ახლად შექმნილმა ფერმენტმა საქმე შეასრულა და პლასტმასა საბაზისო მოლეკულურ ერთეულებამდე დაშალა (დეპოლიმერიზაცია), მეცნიერებმა შეამოწმეს, შეძლებდნენ თუ არა ქიმიური პროცესების საშუალებით თავდაპირველი პოლიმერის აღდგენას (რეპოლიმერიზაცია), რათა პლასტმასის ახალი პროდუქტები შეექმნათ.
FAST-PETase-ის კვლევის ფარგლებში 51 სხვადასხვა პლასტმასის კონტეინერი, ხუთი სხვადასხვა პოლიესტერული ცილა, PET-ისაგან დამზადებული ქსოვილები და წყლის ბოთლები შეისწავლეს. ყველა ამ პროდუქტზე ტესტირებისას ენზიმმა თავისი ეფექტურობა 50°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე დაადასტურა.
მეცნიერების თქმით, FAST-PETase გაცილებით იაფია, მისი ინდუსტრიულ დონეზე დანერგვა კი ძალიან რთული არ არის. გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად პლასტმასის დასაშლელად მას ძირითადად ნაგავსაყრელზე ისვრიან, სადაც იგი ძალიან ნელა იხრწნება, სხვა შემთხვევაში კი წვავენ, რაც ძვირია, ბევრ ენერგიას საჭიროებს და ატმოსფეროს გამონაბოლქვით აბინძურებს. ცხადია, ამგვარ მოცემულობაში მეტად ეფექტური გამოსავალია საჭირო, ხოლო იმას, თუ რამდენად იქნება ეს FAST-PETase, მხოლოდ დრო თუ გვიჩვენებს.
კომენტარები