უცნაური გზები, რომლებსაც ვიქტორიანელები ფლირტისთვის იყენებდნენ
ხელოვნების ნაკლებად ცნობილმა ფორმამ ბრიტანულ არისტოკრატიას საშუალება მისცა, გვერდი აევლო ნორმებისთვის და ხუმრობები და ორაზროვანი შეტყობინებები ერთი შეხედვით უმანკო სურათებში დაემალა. BBC-ის ჟურნალისტი, ჰოლი უილიამსი მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანეთში გავრცელებულ ფლირტის მეთოდებზე გვიყვება.
თუ ტერმინ "კოლაჟს" საძიებო სისტემაში ჩაწერთ, Tate-ის ვებსაიტი გაცნობებთ, რომ ესაა ახალი ნამუშევრის შესაქმნელად ამოჭრა-ჩაწებების მეთოდი, რომელიც "მე-20 საუკუნის დამდეგს მხატვრების ტექნიკას წარმოადგენდა". ზოგადად, კოლაჟის გამოგონება პიკასოსა და ბრაკის დამსახურებად მიიჩნევა. პიკასოს გადაწყვეტილება, გასანთლული ქსოვილი ჩაეწებებინა ნახატში, ნატურმორტი გატეხილი სკამით (1912), ავანგარდისტული ხელოვნების აღმავლობის საწყის წერტილად მიიჩნევა.
როდესაც ამგვარ შერეულ ნამუშევრებს ფოტოებიც დაემატა, შედეგი განსაკუთრებით მახვილგონივრული, დივერსიული და ზოგჯერ გამორჩეულად თამამიც კი აღმოჩნდა. ეს ნათლად იკვეთება დადაისტი ჰანა ჰოხის, სიურრეალისტი მაქს ერნსტის, რევოლუციონერი საბჭოთა მხატვრების ალექსანდრე როდჩენკოსა და ვარვარა სტეპანოვას, ბრიტანელი პოპარტისტების რიჩარდ ჰამილტონის და პიტერ ბლეიკისა და, ასევე, ლინდერ სტერლინგის პანკურ კოლაჟებში.
ასეთ ამბავს ჰყვება მე-20 საუკუნის ხელოვნების ტენდენციების განვითარების ისტორია. მაგრამ სინამდვილეში კუბისტებს, დადაისტებსა და სიურრეალისტებს ამ ინოვაციაში რეალურად წინ ვიქტორიანული საზოგადოების მაღალი კლასის ქალები უსწრებდნენ.
დაახლოებით 1860 წელს ბრიტანეთი cartes de visite-ს სახელით ცნობილმა, პატარა ფოტოგრაფიულმა სავიზიტო ბარათებმა მოიცვა. მათზე მფლობელების დადგმული ფოტოპორტრეტები იყო გამოსახული. ბარათების გაცვლა ეტიკეტის ნაწილი გახდა და შორეული ნაცნობებიც კი ერთმანეთის გამოსახულებებს დიდი ენთუზიაზმით აგროვებდნენ თავიანთი ალბომებისთვის.
ამ სპეციალურ ალბომებში ფოტოკოლაჟების შექმნა — სავიზიტო ბარათებიდან დეტალების ამოჭრა და მათი აკვარელით შესრულებულ ფონზე გადატანა ხშირად სულელური, სიურრეალისტური ან თუნდაც გამომწვევი ეფექტით — ბრიტანული არისტოკრატიის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ მოდური საქმიანობა გახდა. სადილის შემდეგ სასტუმრო ოთახებში ერთმანეთის ალბომებით აღფრთოვანება დროის სასიამოვნოდ გატარების პოპულარულ საშუალებად იქცა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვიქტორიანული ფოტოკოლაჟის ხელოვნება ფოტოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის მკვლევრებს შორის სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. მაგალითად, 2009 წელს ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში ელიზაბეტ სიგელის მიერ კურირებული გამოფენის ფარგლებში მისივე წიგნი, თამაში სურათებით, გამოიცა. თუმცა ამ ისტორიული ალბომების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ბრიტანეთის სოფლის სახლებში იმალება და ხელოვნებათმცოდნეების მიერ დოკუმენტირებული არ არის. შედეგად, ეს მომხიბლავი ტენდენცია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.
ამის მრავალი მიზეზი არსებობს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი ის ფაქტია, რომ ადამიანები — ძირითადად (თუმცა, არა ყოველთვის) ქალები — ფოტოკოლაჟებს უფრო მეტად საკუთარი სოციალური ჯგუფის გასართობად ამზადებდნენ, ვიდრე გალერეებში გამოსაფენად. ფოტოკოლაჟი ერთგვარ მიღწევად ითვლებოდა და არა — სახვით ხელოვნებად.
"ფერწერა, აკვარელით ხატვა, მელნით მუშაობა და ქაღალდის ჭრა იმგვარი უნარები იყო, რომლებსაც მაღალი წრის, საშუალო ფენის წარმომადგენელ ახალგაზრდა ქალებს გარკვეულ დონეზე შეასწავლიდნენ", — გვიყვება პატრიცია დი ბელო, ბირკბეკის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფოტოგრაფიის თეორიის პროფესორი, — "მაგრამ ნებისმიერ სხვა ადგილას ამ უნარების ათვისება შეუძლებელი იყო". ფერწერის მსგავსად, ფოტოკოლაჟი ამ ქალებისთვის მხოლოდ ჰობი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, ზოგიერთი ალბომის შემთხვევაში მათში ჩადებული ძალისხმევა და დროითი რესურსი იმაზე მეტყველებს, რომ ეს საქმიანობა მათთვის შემოქმედებითობის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენდა.
მიუხედავად ამისა, ალბომის შექმნის "მიღწევად" ჩათვლაც თავისთავად მნიშვნელოვანი იყო. ამით განისაზღვრებოდა სოციალური — და არა შემოქმედებითი — უნარი, რადგან ალბომები მეტყველებდა იმაზე, თუ რამდენად კარგი სტუმარი ან მასპინძელი იყავი. დი ბელო აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც დედოფალმა ვიქტორიამ მეჯლისები გააუქმა და სამეფო კარის ცეკვები შეზღუდა (სერიოზული და პატივსაცემი მონარქის ხატის შესაქმნელად), "ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც ჰქონდათ ალბომები — იქნებოდა ის აკვარელით თუ ფოტოებით შესრულებული — აღიარებას იმსახურებდნენ, რადგან ისინი სამეფო კარს გასართობს სთავაზობდნენ. ეს კი მათ სოციალურ სტატუსს უზრუნველყოფდა".
არ არსებობს წყაროები, რომლებიც დეტალურად ასახავდა, თუ რას ფიქრობდნენ ადამიანები კონკრეტულ ფოტოკოლაჟების ალბომზე. თუმცა, ისინი საზიარო გართობის ფუნქციას ითავსებდა, რაც უდავოდ გახდა იმის მიზეზი, რომ გამორჩეული და შთამბეჭდავი ალბომებიც შეიქმნა. ალბომების ნაწილი, უბრალოდ, ფოტოების ლამაზად გაფორმებას გვთავაზობს. თუმცა ზოგიერთი მათგანი მახვილგონივრულობით, მოულოდნელობის ეფექტით და ეშმაკური განზრახვის ქონითაც გამოირჩევა.
ამოჭრილი ფიგურები ამ ალბომებში ჩაწებებულია მისაღები ოთახების ან პეიზაჟების ფონზე. თუმცა, გვხვდება უფრო მდიდარი წარმოსახვის მაგალითები, როცა ფიგურები ცირკის ილეთების შემსრულებლებს, ზღვაში დაკარგულებს, ჩიტის ბუდეში მოხვედრილებს, ობობას ქსელში გაბმულებს ან მწნილის ქილაში დამწყვდეულ ადამიანებსაც კი განასახიერებენ. ამოჭრილ თავებს იხვების ან მაიმუნების სხეულებზე ათავსებდნენ, სამეფო კარის მასხარის საჟონგლიორო ბურთებად ან ჩიბუხიდან გამოსულ კვამლად გამოხატავდნენ. ეს ნიმუშები აღმაფრთოვანებელია და, ამასთანავე, ხშირად უცნაურიც.
"ალბომების რაღაც სახით გაფორმება საკმაოდ გავრცელებული ფენომენი იყო", — გვიხსნის ხელოვნებათმცოდნე მარტა ვაისი, — "მაგრამ გაცილებით რთულია ისეთი ალბომების აღმოჩენა, რომლებშიც უფრო შემოქმედებითი, უცნაური და სიურრეალისტური ტიპის კოლაჟები გვხვდება".
ყველაზე გამორჩეული ალბომები შემოქმედის კრეატიულობით ან იუმორით დამთვალიერებლის გაოცებას ისახავდა მიზნად. ბევრი მათგანი შეიცავს სიტყვებით თამაშს, ხუმრობებსა და კოდირებულ შეტყობინებებს, რაც გვაძლევს საშუალებას, ჩავწვდეთ ამ ალბომის სოციალურ ფუნქციას: ის იძლეოდა შესაძლებლობას, კაცებსა და ქალებს ერთად ეხალისათ და ეცინათ. დი ბელო ვარაუდობს, რომ ეს ფლირტის გზაც კი იყო — როგორც თავისი შიგთავსით, ისე იმ გარემოებით, რომ ალბომის დასათვალიერებლად კაცსა და ქალს ერთმანეთთან ახლოს დაჯდომის საბაბი ეძლეოდათ.
ინსტა-კოლაჟები
ფოტოგრაფია ხელოვნების ჯერ კიდევ ახლად განვითარებული დარგი იყო, როდესაც ალბომები მოდური გახდა. სწორედ ხელმისაწვდომი, მასობრივი წარმოების ფოტოების ზრდამ განავითარა მათი შეგროვებისა და ნაცნობებისთვის ჩვენების მხიარული პროცესი. "ალბომები იმ დროის სოციალურ მედიად შეიძლება ჩავთვალოთ", — აღნიშნავს დი ბელო. ბარათების კოლექციების ქონა სტატუსზე ისევე მიანიშნებდა, როგორც დღეს — Facebook-ის ან Instagram-ის მეგობრების თუ მიმდევრების რაოდენობა.
თუმცა შენ ასევე შეგეძლო, რომ ცნობილი ადამიანების — მათ შორის სამეფო ოჯახის წევრების — სავიზიტო ბარათებიც შეგეძინა. ადამიანის გამოსახულების ალბომში ჩართვა შეიძლებოდა ყოფილიყო იმის ნიშანი, რომ პირადად იცნობდით მას ან იმისაც, რომ მათ ფოტოში ფული გადაიხადეთ — ეს ბუნდოვანება კი სასიამოვნო ინტრიგების წყაროდაც იქცეოდა ხოლმე.
ამის კიდევ ერთი შედეგი იყო ის, რომ სულ მალე უბრალოდ ბარათების ჩვენებამ აქტუალობა დაკარგა და ფოტოკოლაჟების დამზადება იქცა იმ გზად, რომელმაც ახალ საფეხურზე აიყვანა ამ ახლა უკვე მასობრივად წარმოებული და ფართოდ ხელმისაწვდომი ნივთების დატვირთვა. მხოლოდ ფუფუნებაში მყოფ ქალებს თუ ექნებოდათ თავისუფალი დრო, აკვარელით მუშაობის უნარები და რესურსები, რათა ასეთი ალბომები დაემზადებინათ — სავიზიტო ბარათები შედარებით ხელმისაწვდომი კი იყო, მაგრამ მათი გასართობად დაჭრა მაინც ძვირ სიამოვნებად მიიჩნეოდა (ყველასთვის, გარდა შეძლებულებისა).
"როდესაც ფოტოგრაფია ინდუსტრიულ დონეზე უფრო და უფრო ფართოდ გავრცელდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, მისი ინკლუზიურობის აღდგენის საშუალებაც გაჩნდა", — განმარტავს ვაისი, — "შეძლებულმა ფენამ მასობრივად წარმოებული რაღაც აიღო და ხელით გადაამუშავა. ეს ნიშნავდა მანქანით წარმოებული ნივთის ისე გარდაქმნას, რომ მასში ხელსაქმის ელემენტები დამატებულიყო".
ფოტოკოლაჟები ნამდვილად აძლევდა მფლობელებს საშუალებას, ეჩვენებინათ საკუთარი სოციალური სტატუსი, მიღწევები, ცოდნა და საზოგადოებრივი კავშირები. ამას ისინი არა მხოლოდ იმის დემონსტრირებით აღწევდნენ, თუ ვისი ფოტოები ჰქონდათ, არამედ იმითაც, თუ რამდენად თამამად შეეძლოთ კონკრეტული ადამიანის გამოსახულებით თამაში. დი ბელოს თანახმად, ზოგიერთი კოლაჟი ფლირტის შემცველი, საკმაოდ თამამი და გამომწვევიც კია, რაც არღვევს ვიქტორიანული წესიერების შესახებ ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს.
ამ მხრივ დი ბელოს ფავორიტი ნიმუში დეპუტატ სერ ედმუნდ ფილმერის ცოლის, ლედი ფილმერის ალბომში მოიპოვება. ერთი შეხედვით, მასზე ყველაფერი ძალიან რესპექტაბელურად გამოიყურება — ესაა მისაღები ოთახის სცენა, რომელშიც ლედი ფილმერი თავისი ფოტოკოლაჟის ალბომით არის წარმოდგენილი (ამგვარი თვითრეფერენსულობა კოლაჟებისთვის დამახასიათებელი იყო. მაგალითად, ფრენსის ელიზაბეტ ბრის კოლაჟში ჩასმული ჰქონდა მინიატიურული ალბომი, რომლის გადაფურცვლაც კი იყო შესაძლებელი). დამსწრეთა შორის უელსის პრინციცაა, მაგრამ ასევე ნაჩვენებია ლედი ფილმერის ქმარი და ძმა. აი, მისი დების ამოჭრილი სახეები კი კედლებზე დაკიდებულ პორტრეტებად არიან ქცეულნი.
მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ უელსის პრინცი ცნობილი მექალთანე იყო და მას და ლედი ფილმერს საეჭვო მიმოწერა ჰქონდათ. ისინი გამუდმებით უგზავნიდნენ ერთმანეთს ფოტოებს (გასაოცარია, რომ ისინი ამისთვის იმ პირად წერილებს იყენებდნენ, რომლებსაც პრინცი და თავად სერ ფილმერი წერდნენ ერთმანეთს — უტიფრობაც ასეთი უნდა!).
"უელსის პრინცი ცდილობდა ლედი ფილმერის კეთილგანწყობის მოპოვებას და ამ მიზნით თითქმის ყოველდღე უგზავნიდა თავის ფოტოებს", — აღნიშნავს დი ბელო, — "ჩვენ ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ლედი ფილმერის ერთ-ერთ შვილს ოჯახში დედოფალას ეძახდნენ. დადიოდა ჭორები, რომ ის ლედი ფილმერს უელსის პრინცისგან ჰყავდა".
ასეთი ჭორების არსებობის ცოდნა სრულად ცვლის გამოსახულების მნიშვნელობას. მოულოდნელად, ძალიან შესამჩნევი ხდება, რომ ლედი ფილმერი ისე პოზირებს, რომ პრინცს უყურებდეს მაშინ, როცა მისი ქმარი ვერაფერს ამჩნევს.
თუმცა, სურათი იმდენად მკაფიოდ მაინც არ გადმოსცემს ამ ფარულს აზრს, რომ რაიმე პრობლემა გამოეწვია. "უბრალო ნაცნობს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ უელსის პრინცი ავტორის სამეგობრო წრეს ეკუთვნოდა", — ხაზს უსვამს დი ბელო, — "მაგრამ ვითარებაში გათვითცნობიერებულს გასართობი ჭორების წამოწყება შეეძლო — ან თუნდაც ეეჭვიანა იმის გამო, რომ ლედი თავის კავშირს ასე ასაჯაროებდა".
დი ბელო ასევე მიუთითებს ხალხით სავსე მწნილის ქილის ფოტოკოლაჟის ფარულ შინაარსზე. ჩვენთვის უცნობია მათ შორის არსებული ზუსტი ურთიერთობები. მაგრამ დი ბელოს განმარტებით, ბოთლის ეტიკეტი — შერეული მწნილები და კაცებისა და ქალების ერთმანეთში შერევა გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებს ერთობ უხერხულ სიტუაციაში ჰქონდათ თავი ამოყოფილი.
მოხერხებულად ფლირტის უნარი, როგორც ჩანს, ვიქტორიანულ ეპოქაში დაფასებული იყო. ეს დი ბელომ ეტიკეტის წიგნების, სალონის თამაშებისა და ვიქტორიანული მხატვრული ლიტერატურის კვლევის შედეგად აღმოაჩინა. "მსუბუქი ფლირტი სოციალურ ინტერაქციას სახალისოს ხდიდა, მაგრამ ეს უფრო შორს არ უნდა წასულიყო. საჭიროდ ითვლებოდა მკაფიო საზღვრების შენარჩუნება. თუმცა ზოგიერთ წრეს, როგორც ჩანს, დასაშვებად მიაჩნდა ამ საზღვრების გადაკვეთა... ასე რომ, სტუმრის მიერ იმის ამოცნობა, რეალურად ხდებოდა თუ არა ფოტოკოლაჟებში ასახული მოვლენები, გართობის ნაწილს წარმოადგენდა!"
ფოტოკოლაჟის ხელოვნებამ ქალებს ფლირტის საკმაოდ უსაფრთხო გზა უჩვენა — ეს ნელი და შრომატევადი ხელსაქმე იყო, ამიტომ შეუძლებელი გახლდათ, რაიმე წამოგცდენოდა ან წინდაუხედავად მოქცეულიყავი. ქალებს — ძირითადად, მათ, ვისაც ფლირტში შორს შეტოპვის საფასურის გადახდა შეეძლო — ჰქონდათ გარკვეული კონტროლი და ძალაუფლება იმაზე, თუ რა დოზით შეიტანდნენ თავიანთ კოლაჟებში ინტრიგას.
თუმცა, ზოგიერთი მათგანი გასაოცრად პირდაპირია. ლედი ფილმერის კიდევ ერთი კოლაჟი გვიჩვენებს მელაზე ნადირობის სცენას: მელა თავად ლედი ფილმერია, ხოლო ძაღლებს, რომლებსაც მისი მონადირება სურთ, კაცების თავები აქვთ. ამ დროს მისი ქმარი ცხენზე ამხედრების ნაცვლად, ფეხზე დგას და სასოწარკვეთილი ცდილობს ძაღლების მოგერიებას.
"ეს ლამის ღიად ფემინისტური სურათია", — ამბობს დი ბელო, — "ერთი მხრივ, ის აჩვენებს, რომ კაცები მის გამოჭერას ცდილობენ, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ დაიჭერენ, ქალს შთანთქავენ კიდეც. ეს სახალისოა, თუმცა მალევე უფიქრდები: ღმერთო ჩემო, ეს რეალურად ძალიან შემაშფოთებელია. ის ჭკვიანია, მაგრამ დიდ რისკზე მიდის".
კაცებიც აკეთებდნენ ფოტოკოლაჟებს. თუმცა, როგორც ჩანს, მათი ალბომები, ძირითადად, აღწერდა იმას, თუ რას საქმიანობდნენ ან რით იყვნენ დაინტერესებულნი და ნაკლებად ემსახურებოდა სოციალურ მიზნებს. "კაცების ალბომები დაკავშირებულია მათ საჯარო იდენტობასთან: აქ წარმოდგენილია მათ მიერ მონახულებული ადგილები, მოგზაურობების ისტორიები და თუნდაც ხიდები, რომლებზეც მუშაობდნენ", — აღნიშნავს დი ბელო. მაგალითად, რისკიანი კაპიტალისტის, სერ ედუარდ ბლაუნტის კუთვნილი ალბომი მოიცავს სამხედრო და საქმიანი ჩაცმულობის მქონე კაცების სავიზიტო ბარათებს ან პეიზაჟის კადრებს, რომლებზეც ნაჩვენებია კოლონიალური სავაჭრო პორტები და კაცთათვის განკუთვნილი დასვენების გზები (მათ შორის დოღი და სროლა). ეს იმაზე მეტყველებს, რომ ალბომი მისთვის თვითრეკლამის საშუალება იყო და პოტენციურ კლიენტებზე შთაბეჭდილების მოხდენას ემსახურებოდა.
ვაისი დასძენს, რომ ფოტოკოლაჟები ფართო კულტურული ტენდენციების კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ — ზოგიერთი გამორჩეულად ლამაზი კოლაჟი ასახავს პოპულარულ ზღაპრებს ან იღებს შთაგონებას ჯონ ტენიელის ფანტასტიკური ილუსტრაციებიდან, რომლებითაც წიგნი, ელისი საოცრებათა ქვეყანაში, გაფორმდა. თუმცა, ტენიელი ასევე მუშაობდა კარიკატურისტად სატირულ ჟურნალში, Punch. მართლაც, კარიკატურებსა და განსაკუთრებით კაცების მიერ შექმნილ ფოტოკოლაჟებს შორის მსგავსება მარტივად შესამჩნევია. "მე მინახავს მხიარული ფოტოკოლაჟის მაგალითები, რომლებიც მხოლოდ კაცთა სოციალური კლუბის კონტექსტშია შექმნილი — მათში დახატულ სხეულებზე ფოტოებიდან ამოჭრილი თავები ისეა მოთავსებული, რომ კარიკატურის სტილს მოგვაგონებს", — აღნიშნავს ვაისი.
ერთი შეხედვით, ვიქტორიანული ფოტოები და აკვარელით შესრულებული სცენები თანამედროვე ადამიანისთვის განსაკუთრებით უცნაურად შეიძლება გამოიყურებოდეს. მაგრამ უფრო ახლო დაკვირვებისას აღმოჩენილი გაბედული შეხამებები და ეშმაკური იუმორი ვიქტორიანული მაღალი საზოგადოების შესახებ შექმნილი ვიწრო წარმოდგენების შეცვლაში გვეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ მე-20 საუკუნის ავანგარდისტული მხატვრებისთვის დამახასიათებელი რევოლუციური ენთუზიაზმი და მიზანდასახულობა, ვიქტორიანელი ავტორები მაინც ითვისებდნენ თავიანთი დროის უახლეს ტექნოლოგიას. ისინი მას გამომგონებლური, ახლებური მნიშვნელობებით იყენებდნენ — იქნებოდა ეს ფლირტი, საკუთარი თავის წარმოჩენა თუ სოციალური კავშირების განმტკიცება. მაგრამ ეს კოლაჟები, ამავდროულად, სიამოვნების, გართობის და, შესაძლოა, შოკის ან შეშფოთების გამოწვევასაც კი ემსახურებოდნენ. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების ეს დარგი ნამდვილად პროგრესული იყო.
კომენტარები