უკრაინელები 3D მოდელირების ტექნოლოგიით არტეფაქტებს ასკანერებენ, რათა კულტურული მემკვიდრეობა დაიცვან
უკრაინელებმა ამჟამინდელ პრობლემებს თანამედროვე გამოსავალი მოუძებნეს — ისინი 3D მოდელირების ტექნოლოგიას იყენებენ და ქანდაკებებსა თუ საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა არტეფაქტებს სარეზერვო ასლებს უღებენ. უწყვეტი რუსული აგრესიიდან გამომდინარე, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა დიდ საფრთხეშია, ეს კი მოსახლეობას მის შემონახვაში დაეხმარება.
პროექტი, სახელად Backup Ukraine, აპლიკაცია Polycam-ს იყენებს. წამოწყებას რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაცია ხელმძღვანელობს, მათ შორის UNESCO, დანიური Blue Shield Danmark-ი, კომპანია Vice Media Group-ი და უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმი.
"ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მოსპობა ხალხის ეროვნული იდენტობის განადგურების უსწრაფესი გზაა", — ნათქვამია პროექტის ვებსაიტზე — "გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და უნიკალურ ეროვნულ იდენტობას არასამართლიანად გმობს, ქვეყნის ისტორიის განადგურების საკითხს განსაკუთრებული სერიოზულობით ვუდგებით".
წამოწყების მიზანი კულტურული მნიშვნელობის ნებისმიერი საგნის სკანირებაში მდგომარეობს. კომპანია აქტიურად ცდილობს მოიძიოს მოხალისეები, რომლებიც სმარტფონებისა და Polycam აპლიკაციის გამოყენებით საგნებს სამ-განზომილებიან რეკონსტრუქციებად გარდაქმნიან. უკრაინელებისათვის აპლიკაცია ამჟამად უფასოა.
"გვსურს, ახალი ტექნოლოგია უკრაინის მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდეს, რათა გადაიღონ და 3D ფორმატში სამუდამოდ შემოინახონ ყველაფერი, რასაც კულტურული მნიშვნელობის მქონედ ჩათვლიან", — ნათქვამია ვებსაიტზე.
Polycam თანახმაა, ჰოსტინგის მომსახურება მინიმუმ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გასწიოს, გამოსახულებებს კი ამ ბმულზე იხილავთ. ამ დროისათვის ადგილობრივებმა უკვე არაერთი სახის ობიექტი დაასკანერეს — რუსული ტანკებით დაწყებული, Jenga-ს სათამაშო კოშკებით დასრულებული.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ქუჩებში გადაადგილება ახლა ძალიან სახიფათოა, კომპანია მონაწილეებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და ურჩევს, კომენდანტის საათი დაიცვან და გამოსახულებები კონფლიქტის ზონებში არ გადაიღონ.
კომენტარები