10 რამ, რაც გოცირიძეებმა ოჯახზე გვასწავლეს
უკვე ათ წელზე მეტია, რაც გოცირიძეები ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცნენ. პოპულარული ქართული სატირულ-სოციალური სერიალის, ჩცდ-ის, გამოგონილი პერსონაჟების ოჯახი ერთგვარი სარკეა საზოგადოებაში გამოვლენილი და ხშირად დამალული პრობლემებისა. ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ მათ მაგალითზე ოჯახის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ.
სტატია შეიცავს სპოილერებს ჩცდ-ის განვლილი სეზონებიდან.
1. ოჯახის წევრებს საყვარელი საქმე უნდა ჰქონდეთ
გოცირიძეების გაცნობისას უპირველესად იმას ვიგებთ, რომ ეს მეტ-ნაკლებად ტიპური ქართული ოჯახია, სადაც ქალს მხოლოდ დიასახლისის და ეგრეთ წოდებული შინ მყოფი დედის (Stay-at-Home mom) როლი აქვს მორგებული. მაგრამ მალევე იმასაც ვიგებთ, რომ ეს მთლად ნინას არჩევანი არ ყოფილა — მეტიც, პერსონაჟი, რომელსაც სამედიცინო განათლება აქვს მიღებული, იხსენებს, რომ ცოტა ხნით მუშაობდა, მაგრამ, მოგვიანებით, თავი დაანება. ასე მოხდა მაშინაც, როცა სტომატოლოგიურ კლინიკაში დაიწყო მუშაობა. ორივე შემთხვევაში სამსახურის დატოვების მიზეზი ოჯახიდან ზეწოლა იყო — ნაწილობრივ "უდედოდ" დარჩენილი ბავშვების მოთხოვნილებები, უფრო მეტად კი ქმრის გამუდმებული პროტესტი. ალბათ ისიც გახსოვთ, რომ დათო ნინას უმუშევრობისას სამსახურს სულ ჰპირდებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა მუშაობის დაწყება სამივეჯერ (მოგვიანებით, სამინისტროში) დამოუკიდებლად მოახერხა. სერიალის ალბათ ყველაზე ჯანსაღად მოაზროვნე პერსონაჟი, თინა, ერთხელ ამბობს, რომ დათოც მოძალადეა და, შეუძლებელია, ამ შეფასებას არ დაეთანხმო. მით უმეტეს, რომ საქმე მოვალეობების არათანაბარ განაწილებასაც ეხება.
2. მოვალეობები თანაბრად უნდა იყოს განაწილებული
როგორც უკვე ვთქვით, ნინამ პირველ ორ სამსახურს თავი ოჯახისგან ზეწოლის გამო დაანება. ეგ კი არა, მოგვიანებით, როცა ვხედავთ, რომ სამინისტროში ყოფნა პერსონაჟს სიამოვნებას ანიჭებს და სამსახურიც უყვარს, შინ დაბრუნებულს იმდენი საქმე ხვდება გასაკეთებელი, რომ, ფაქტობრივად, "მეორე ცვლაში" იწყებს მუშაობას. ამის მიუხედავად, სამსახურისთვის თავის დანებებაზე მაინც არ ფიქრობს; აი, დათო კი, კვლავ პასიურ-აგრესიული ტონით მოუწოდებს, რომ მუშაობას შეეშვას და "ბავშვებს და სახლს" მიხედოს. რეალურად, მაშინ, როცა დათოს მოვალეობების, მათ შორის მშობლის ვალდებულებების, თანაბრად განაწილებაზე მიუთითებენ, იგი თავდაცვით პოზიციაში დგება და წუწუნს იწყებს, რომ საქმეები თავზე საყრელად აქვს. ამის მიუხედავად, ახალი ურთიერთობისთვის დრო მაინც გამონახა...
3. ქორწინებაში დაწყებული სხვა ურთიერთობა ყველაფერს ცვლის
სერიალის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი დათოს და ნათიას ურთიერთობის დაწყებაა. ამ ყველაფერს მოჰყვა სცენარის პროგნოზირებადი განვითარება — ჩხუბი, დაშორება, შერიგება... რადგან გოცირიძეებზე ვსაუბრობთ, ქორწინებაში დაწყებული სხვა ურთიერთობის შედეგებიც ამ ოჯახის მაგალითზე უნდა განვიხილოთ, თუმცა, პარალელის გასავლებად ქეთის და ზაზას სიტუაციის მოშველიებაც შეგვიძლია. თუმცა, "ქალის ღალატსა" და "კაცის ღალატს" შორის საზოგადოებრივი მიდგომების განსხვავება იმდენად აშკარაა, რომ ამაზე საუბარი ალბათ არც ღირს. მნიშვნელოვანი აქ მხოლოდ ნინას პერსონაჟის ცვლილებაა — სერიალის მესამე სეზონის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად ხალისიანი პერსონაჟი ხდება უფრო ცინიკური, პასიურ-აგრესიული (მათ შორის შვილების მიმართ) და რაც მთავარია, მასში ჩნდება უნდობლობა, რომელიც ოჯახური "იდილიის" თავზემოთ ყოველთვის დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული. ნინას ეს თვისებები ყოველ მომდევნო სეზონში უფრო ძლიერდება, რაც მხოლოდ დათოსთან ურთიერთობაზე როდი აისახება.
4. ბავშვების ინტერესები გვერდზე ჩაჩოჩებული არ უნდა იყოს
გოცირიძეების ოჯახში თითქმის არცერთხელ არ გვინახავს, რომ მნიშვნელოვანი ან პრობლემური საკითხის გადაჭრისას, მათ შორის, როცა ეს ბავშვებს ეხებოდა, პატარების ინტერესებიც გათვალისწინებულიყო. სულ ჩვეულებრივ თემაზეც კი — ძაღლის დატოვება-არდატოვებაზე, ბავშვების სურვილები უკომპრომისოდაა გვერდზე ჩაჩოჩებული და მშობლებზე უკეთ თინაც კი ახერხებს იმის ახსნას, რატომ ვერ დარჩება პატარა ცუგა მათ ბინაში.
5. შვილები "ჯაჭვის" როლს არ უნდა ასრულებდნენ
თუმცა, ბავშვების ინტერესების მხედველობაში არმიღება მხოლოდ ძაღლის დატოვების საკითხის განხილვისას არ იკვეთება. სპეცსეზონის — ჩცდ კარანტინში — ერთ-ერთ სერიაში ნინა ამბობს, რომ დათომ "ამდენი შვილიც იმიტომ გააჩენინა", რომ წასასვლელი აღარსად ჰქონოდა. ესეც კვლავ ტიპური მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ბავშვებს ურთიერთობის გაფუჭებაზე პასუხისმგებლობა დააკისრონ. ამით შეიძლება ასევე აიხსნას, რატომ არის ნინა გულგრილი ბავშვების პრობლემების მიმართაც; ალბათ ქვეცნობიერად მაინც ხედავს მათში მისთვის აშკარად არასასურველ ადამიანთან დამაკავშირებელ ჯაჭვს. დაშორებების შემდეგაც შერიგების უმთავრესი მიზეზი ხომ ბავშვებია. თუმცა, ამ დროს, როგორც წესი, ავიწყდებათ, რომ სტრესული გარემო ოჯახში მშობლების განქორწინებაზე არანაკლებ ცუდ გავლენას ახდენს შვილების მენტალურ კეთილდღეობაზე.
6. თანაგრძნობა ოჯახში უნდა იპოვო
ყველაზე თვალშისაცემი დანაკლისი გოცირიძეების ოჯახში თანაგრძნობაა, რომელიც შვილებისთვის მოზარდობის ასაკში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში ბავშვებს უამრავი გამოწვევა ხვდებათ ხოლმე და მათთან გამკლავებას ხშირად იმის გამო ვერ ახერხებენ, რომ მშობლებთან გულწრფელად ვერ საუბრობენ და მათგან არც თანაგანცდას მოელიან. ეს გამოჩნდა ორივე უფროსი შვილის მაგალითზე — ჯეკო რამდენჯერმე გახდა ბულინგის მსხვერპლი, თუმცა, ვერცერთ შემთხვევაში შეძლო, მშობლებთან გულღიად ესაუბრა და მათგან დახმარება მიეღო. როცა გულწრფელობა ამჯობინა და ნინამ და დათომ მისი მარიკუნასთან დაშორების შესახებ შეიტყვეს, ისინი ამ შემთხვევაშიც არაადეკვატურად მოიქცნენ და ამბავი, შედეგების შეფასების გარეშე, მასწავლებელს გაუმხილეს. მსგავსად მოხდა მაშინაც, როცა ტასოს სკოლაში ქურდობა ბრალდებოდა — მშობლებმა ყველაფერი დაიჯერეს საკუთარი შვილის სიმართლის გარდა.
7. პირადი სივრცე მნიშვნელოვანია
კიდევ ერთ, ასევე ტიპურ, პრობლემას, რომელსაც გოცირიძეებთან ვხედავთ, პირადი სივრცის არქონაა. ეს გამოიხატება როგორც წევრების, ასევე მთლიანად ოჯახის მაგალითზე. სხვა თუ არაფერი, იმას მაინც ვამჩნევთ, რომ მანანას გამუდმებულ ჩარევებს ნინას და დათოს ურთიერთობაში კარგი არაფერი მოაქვს. სხვა საკითხია, რომ მანანა ოჯახში სიტუაციას სუბიექტურად აფასებს — იზიარებს დათოს პოზიციას ნინას მუშაობასთან დაკავშირებით და საკუთარ შვილს ღალატის შემდეგ არცთუ გულწრფელი გამტყუნების მიუხედავად უჭერს მხარს. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. პირადი სივრცე დარღვეული აქვთ ოჯახის წევრებსაც — ეს კარგად ჩანს მაშინ, როცა ნინა მკურნალობისას კაცს უმეგობრდება. ამ უკამათოდ მეგობრული ურთიერთობის დამალვის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ დათო ნინას (არარსებულ) პირად სივრცეში სხვა კაცის, თუნდაც პოტენციურად კონკურენტის, გამოჩენას არ დაუშვებს.
8. გარშემომყოფების აზრი კი საერთოდ არაა მნიშვნელოვანი
თუმცა, გოცირიძეებს პირად სივრცეს არა მხოლოდ ოჯახის ახლობლები, სრულიად უცხო ადამიანებიც ურღვევენ — ნებსით თუ უნებლიეთ. თვალნათლივ ჩანს, რომ დათოც და ნინაც, მშობლების სტანდარტური დამოკიდებულების მსგავსად, მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარშემომყოფების აზრს. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ტასომ მეგობრებთან ერთად მიუსაფარი ცხოველების დახმარება გადაწყვიტა. მშობლებმა იგი გაამტყუნეს არა იმიტომ, რომ მისი საქციელი მიიჩნიეს მიუღებლად, არამედ, რადგან ეს საზოგადოებისგან მიუღებლად ჩათვალეს. ხოლო როცა დაინახეს, რომ მათთვის უცხო ადამიანები ტასოს წამოწყებას მეტ-ნაკლებად დადებითად შეხვდნენ, თავიანთი შვილისადმი დამოკიდებულება შეცვალეს. მსგავსი სიტუაციები კი არა მხოლოდ ქართული ოჯახებისთვისაა ნაცნობი — გარშემომყოფების (მოსალოდნელი) აზრის გამო, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ შვილების მიღება.
9. ნათესავებთან ურთიერთობისას ზღვარი უნდა დაიცვა
თუმცა, შეგვიძლია, რიგითი ქართული ოჯახის ტრადიციულ მახასიათებლად მივიჩნიოთ ნათესავების შიდა საქმეებში ჩარევა. მართალია, ამას ხშირად ამართლებენ "კეთილისმსურველი" ახლობლების განზრახვებით, მაგრამ გოცირიძეების მაგალითზეც ვნახეთ, თუ რა მოსდევს ზღვარის მოშლას — როგორ იქცევა ბაქარი მათი ცხოვრების განმკარგველად. ეს თავისუფლების დათმობის ხელშეკრულებას ჰგავს — ბინის ყიდვის და ნინას მკურნალობის ხარჯების დაფარვის სანაცვლოდ ბაქარი განსაზღვრავს იმასაც კი, ვინ უნდა იმუშაოს და ვინ — არა. ეს გროტესკული სურათი ასახავს მისუსტებად, მაგრამ მაინც არსებულ ტენდენციას, როცა ოჯახის მეგობრად მიჩნეული ახლობლები საკუთარ თავს აძლევენ უფლებას, სხვების ცხოვრებაში უბოდიშოდ შეიჭრან.
10. ყველაფერი ბავშვების მომავალზე აისახება
დაბოლოს, თუკი გაზრდილი ტასოსა და ჯეკოს მაგალითზე რამეში დავრწმუნდით, უმთავრესად იმაში, რომ ოჯახში განვითარებული მოვლენები, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც, გავრცელებული შეხედულებით, ბავშვებს მალე ავიწყდებათ, ხშირად სამუდამო "დაღს" ასვამს მათ ცხოვრებას მომავალში. განუვითარებელი ან ცუდად განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები, "ცუდ წრეში" აღმოჩენისგან დაუცველობა და პირად ცხოვრებაში წარმოქმნილ სირთულეებთან ვერგამკლავება — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ზიანის, რაც ნინასთან და დათოსთან გატარებულმა წლებმა ტასოს და ჯეკოს მოუტანეს.
კომენტარები