პლუტონზე ყინულოვანი ვულკანები აღმოაჩინეს — მსგავს პირობებში შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს
NASA-ს ზონდმა New Horizons, რომელიც კოსმოსში 2006 წელს გაუშვეს, ჯუჯა პლანეტა პლუტონს მრავალი დეტალური ფოტო გადაუღო. მათი ანალიზით დადგინდა, რომ ციურ სხეულზე მდებარე 2 შემაღლებული ადგილი სინამდვილეში ყინულოვანი ვულკანია, თითოეულის მახლობლად არსებული არეალი კი სწორედ მათი გვიანდელი ამოფრქვევის შედეგადაა ფორმირებული.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული კრიოვულკანები, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ აქტიურია. ასევე, არაა გამორიცხული, რომ გარკვეულწილად თხევადი წყალი იქ მიწისქვეშ მიედინებოდეს ან ადრე ედინა. ამისთვის იმაზე მეტი სითბოა საჭირო, ვიდრე მეცნიერები პლუტონს აქამდე მიაწერდნენ. რაც ყველაზე საინტერესოა, მსგავს პირობებში შესაძლოა, სიცოცხლეც კი არსებობდეს.
ზემოხსენებული ვულკანები რაიტ მონსი და პიკარდ მონსი გახლავთ. პირველი მათგანის სიმაღლე 4-5 კილომეტრამდეა, სიგანე კი 150 კილომეტრს შეადგენს, ხოლო მეორის ზომა 7 და 250 კილომეტრია. თითოეული წარმონაქმნის მწვერვალზე უზარმაზარი ჩაღრმავებებია, ამოფრქვევის შემდგომი კოლაფსით გამოწვეული. მიმდებარე რეგიონი უსწორმასწორო, ტალღოვანი ზედაპირითაც გამოირჩევა და მთელ მზის სისტემაში უნიკალურია.
იქ კრატერების სიმცირე შეიმჩნევა, რაც მიანიშნებს, რომ ეს არეალი გეოლოგიურად ახლად ფორმირებულია და 1-2 მილიარდ წელზე ადრე არ უნდა ჩამოყალიბებულიყო. ზოგი ადგილის ასაკი 200 მილიონ წელსაც კი ჩამოუვარდება.
პლუტონის კრიოვულკანების მექანიზმი დედამიწის ვულკანებისგან დიდად არ განსხვავდება. ამ ციური სხეულისთვის დამახასიათებელი დაბალი ტემპერატურის გამო მათი შიგთავსი ასე თუ ისე დენადი უნდა იყოს, ანუ არა სრულად გაყინული. სხვაგვარად ის მაგმის მსგავსად გადაადგილებას, ზედაპირზე ამოსვლასა და გამყარებას ვერ შეძლებდა.
რაც შეეხება ჯუჯა პლანეტის შიდა სითბოს, ის, სავარაუდოდ, რადიოგენურია —რადიოაქტიური ელემენტების დაშლის შედეგად გამოყოფილი. ამ ფენომენს დედამიწაზეც ვაწყდებით. ჩვენგან განსხვავებით, იქ ფილების ტექტონიკა არაა, თუმცა ერთგვარი ნასხლეტები მაინც ფორმირდება.
პლუტონის კრიოვულკანიზმის შესახებ მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამაა უცნობი. ისინი იმედოვნებენ რომ მომავალში მეტს შეიტყობენ.
ავტორების ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები