რატომ ვტირით და რას გვეუბნება ამაზე მეცნიერება

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა გატირებს?!

"ამხელა კაცი ხარ, რა გატირებს — ნუ ტირი, არ გრცხვენია — ძლიერი ადამიანები არ ტირიან!“ — ეს ფრაზები ალბათ ერთხელ მაინც გაგიგიათ, შეიძლება უშუალოდ თქვენთვისაც უთქვამთ. ხშირად ტირილი სისუსტედ აღიქმება, მისი დემონსტრირება კი სირცხვილად. თუმცა, მოდი ნაადრევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ და მანამ სანამ კიდევ ერთ "ატირებულს" ვაჟკაცობაზე მივუთითებდეთ, ვინმე ტარიელი და ეს ნაწყვეტი გავიხსენოთ: "ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა". გეცნობათ? ბუნებრივია ამ მოყმესთან მისვლასა და ტირილის გამო მის შერცხვენას ბევრი ვეღარ გაბედავდა.

პირველი რაც ტირილზე და ზოგადად ცრემლების ღვრაზე შეგვიძლია ვთქვათ, ეს ბუნებრივი პროცესია. ცრემლი სხვა ცხოველებსაც აქვთ, მაგრამ ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომლისთვისაც ეს ემოციასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ესა თუ ის ცხოველი სევდის დროს ტირის, მაგრამ კვლევებით ეს არ დასტურდება. ადრე არსებობდა მოსაზრება, რომ მკვდრის "დატირება" სპილოებსაც შეუძლიათ, თუმცა თანამედროვე კვლევებით არც ეს დასტურდება.

ჩნდება შეკითხვა, რატომ ვტირით, რაში სჭირდება ეს ჩვენს ორგანიზმს და რა პასუხი აქვს ამაზე მეცნიერებას? არსებობს ტირილის, უფრო ზუსტად ცრემლის ფიზიკური და ემოციური ფაქტორები. ფიზიკური ფაქტორი შეიძლება იყოს თვალში ჭუჭყის მოხვედრა, ხოლო ემოციური სიხარული ან მწუხარება. ამასთან, ცრემლი მიზეზი შეიძლება ფიზიკურ ტკივილსაც მოჰყვეს, რა დროსაც ჩვენი ორგანიზმი ტკივილის შემცირებას ცდილობს. შესაბამისად, ცრემლის, ან გინდაც ტირილის მიზეზი ბევრი მოვლენა შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ არსებობს ცრემლის რამდენიმე ტიპი და ისინი თავისი სპეციფიკით ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

ცრემლის ტიპები

პირველი რაც ცრემლზე უნდა ვიცოდეთ, ეს ისაა, რომ მისი სამი ტიპი არსებობს. შესაბამისად, მათი შემადგენლობა და დანიშნულება განსხვავდება. ერთ შემთხვევაში ცრემლი თვალს სიმშრალისგან იცავს, მეორე შემთხვევაში დაბინძურებისგან, მესამე კი ემოციური ფონის თანმხლებია და როგორც ქვემოთ უფრო კარგად გავიგებთ, მას ერთგვარი თერაპიული ეფექტიც აქვს. მაშ ასე, განვიხილოთ ისინი სათითაოდ:

ბაზალური — პირველი ბაზალური, ანუ ძირითადი ცრემლია, მათ საცრემლე ჯირკვლებია მუდმივად აწარმოებენ. დიახ, რაღაც გაგებით ჩვენ ცრემლი სულ გვაქვს. ეს ცრემლი ცილებით გამდიდრებული ანტიბაქტერიული სითხეცაა, რის ხარჯზეც თვალის ტენიანობას ვინარჩუნებთ. ბაზალური ცრემლი თვალის ყოველი დახამხამებისას გამოგვეყოფა და ის ჩვენს თვალს ფუნქციონირებაში ეხმარება. სწორედ ამ საშუალებით თვალის მემბრანები გამოშრმობისგანაა დაცული. საბოლოოდ, ეს პროცესი უკეთ დანახვაში გვეხმარება, რადგან მემბრანის გამოშრობა და გამოსახულების გადღაბნა ერთმანეთთან მეგობრობენ.

რეფლექსური — არსებობს რეფლექსური ცრემლი, რომელიც ჩნდება ყველასთვის კარგად ცნობილი ხახვისგან. ხახვის გარდა მსგავსი ცრემლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ქარი, კვამლი და სხვა ფაქტორები. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომლის თვალიც ასეთ გამაღიზიანებელს არ შეხვედრია. რისთვის მოგვდის ამ დროს ცრემლი? ესეც ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად ხდება. მსგავსი სახის ცრემლი ერთგვარი ამორეცხვის ფუნქციას ასრულებს და ამით თვალს გამაღიზიანებლისგან იცავს. შესაბამისად, რეფლექსური ცრემლები ჩვენი ნამდვილი დამცველები არიან.

ემოციური — დაბოლოს, ემოციური! ეს სწორედ ის ცრემლია რითაც ადამიანი სხვა ბიოლოგიური არსებებისგან განსხვავდება. უფრო კონკრეტულად, ადამიანები ემოციების მოწოლისას, იქნება ეს ბედნიერებისა თუ უბედურების, გამოვყოფთ ცრემლს. აღსანიშნავია, რომ ასეთ ცრემლში სტრესის ჰორმონის ბევრად მეტი შემცველობაა, ვიდრე სხვა ტიპის ცრემლებში. ძლიერი ემოციური ფონის დროს ჩვენ უფრო მოწყვლადი ვხდებით, რა დროსაც მსგავსი ჰორმონების ჩვენგან გამოყოფა დამშვიდებაში გვეხმარება. ამიტომ, "იტირე, მოგეშვება", უადგილო გამონათქვამი ნამდვილად არ არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასეცაა. ასეთი ცრემლი თერაპიულ როლს ასრულებს.

თუმცა, როდესაც ტირილის ფენომენზე ვსაუბრობთ, ევოლუციის სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, მაგალითად კომუნიკაცია. ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ ვერბალური კომუნიკაციის გამოყენებამდე ჩვენი წინაპრები ემოციის გამოხატვას სწორედ ტირილით და ცრემლებით ახერხებდნენ. ამ თეორიას გვერდს ის ფაქტიც უმაგრებს, რომ რეალურად დღეს ჩვილები სწორედ ამას შვრებიან, მათ საუბარი არ შეუძლიათ და ამიტომ ტირილს ჩვენთან კომუნიკაციისთვის იყენებენ. მეტიც, ბავშვების ტირილი მრავალფეროვანია და სამი ტიპისაა: საბაზისო, გაბრაზებისა და ტკივილის.

რისგან შედგება ცრემლი და როგორ წარმოიქმნება ის

ცრემლი არ შედგება მხოლოდ მარილის, წყლის და ცხიმისგან. სითხე, რომელისგანაც ჩვენი ცრემლი შედგება შეიცავს წყალს ტენიანობისთვის და ზეთებს ლუბრიკაციისთვისა და სითხის აორთქლების თავიდან ასაცილებლად. ცრემლები ასევე შეიცავს ლორწოვან მასალას, რათა ის თანაბრად გავრცელდეს თვალების ზედაპირზე. ეს მასალა შეიცავს ანტისხეულებს და სპეციალურ ცილებს ინფექციის მიმართ მდგრადობისთვის. მეტიც, თვალის უჯრედებს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები სწორედ ცრემლით გადაცემა, რადგან თვალებში სისხლძარღვები არ არის.

სწორედ ამიტომ, თვალის ზედა ქუთოთოები ყოველდღიურად საცრემლე ჯირკვალში ძალიან დიდი რაოდენობით სითხეს აგროვებენ. ყოველ თვალის დახამხამებაში ეს სითხე თვალში იღვრება. როდესაც ცრემლი წარმოიქმნება საცრემლე ჯირკვალიდან, რომელიც თვალსა და ქუთუთოს შორისაა, თქვენ თვალს სპონტანურად ახამხამებთ და ამით ცრემლს ავრცელებთ თვალში.

რაც შეეხება ტვინს, არსებობს მისი სპეციალური ზონა, რომელიც აკონტროლებს თქვენს ემოციებს. ეს ლიმბური სისტემაა (კონკრეტულდ ჰიპოთალამუსი), რომელიც მჭიდროდ არის ჩართული თქვენს ავტონომიურ ნერვულ სისტემაში. ეს სისტემა, ნეიროტრანსმიტერის მეშვეობით, რომელსაც აცეტილქოლინი ჰქვია, აკონტროლებს საცრემლე ჯირკვლებს. ის შედგება პატარა მოლეკულასგან, რომელიც ასტიმულირებს ცრემლის წარმოებას. ცილის სტიმულირებას კი თქვენი ემოციური ფონი ახდენს და ჰოი საოცრებავ, თქვენ ტირიხართ.

ტირილის ბენეფიტები

როგორც სტატიის თავში უკვე აღვნიშნე, ბევრისთვის ტირილი სისუსტესთან ასოცირდება, ამიტომ ხშირად ადამიანები მისგან თავს იკავებენ. რეალურად, ტირილს ბევრი ბენეფიტი აქვს და მისგან თავის შეკავებით ბევრ რამეს ვკარგავთ.

კვლევების თანახმად, 10-დან 9 ადამიანი ტრილის შემდეგ შვებას გრძნობს, ეს ამცირებს სტრესს და ეხმარება სხეულს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. კვლევის მიხედვით, როდესაც ტირიხართ, თქვენი სხეული გამოყოფს ენდორფინებს და ოქსიტოცინს. ეს ბუნებრივი ქიმიური მესენჯერები ხელს უწყობენ ემოციური სტრესის შემსუბუქებას და ფიზიკურ ტკივილსაც ამცირებენ. მკვლევარების თანახმად, ემოციური ცრემლები ამ ნივთიერებების გამოთავისუფლებით ადამიანებს თავს კარგად აგრძნობინებენ. ამას შეუძლია შეამსუბუქოს როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ტკივილი. ოქსიტოცინი და ენდორფინები ტკივილის შემცირების გარდა განწყობის გაუმჯობესებისთვისაცაა. მეტიც, ეს ნივთიერებები ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლებია, შესაბამისად, ტირილის დროს არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ფიზიკური ტკივილიც სუსტდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტირილი არის საკუთარი თავის დამამშვიდებელი ქცევა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს თავისთავად გააჩნია.

2014 წლის კვლევის თანახმად, ტირილს შესაძლოა მყისიერი თვით-დამშვიდების ეფექტი ჰქონდეს, ტირილი ააქტიურებს პარასიმპატიკურ ნერვულ სისტემას, რაც ადამიანს განტვირთვაში ეხმარება. ამასთან, როდესაც ტირილის მიზეზი სტრესია, ცრემლები სტრესის ჰორმონებს და სხვა ნივთიერებებსაც გამოჰყოფენ. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ტირილი სხეულში ამ ნივთიერებების ოდენობას ამცირებს, რაც სტრესის შემცირებასაც იწვევს. გინახავთ, ტირილის შემდეგ თვალცრემლიანი ღიმილი? კი, ეს სწორედ ზემოთ ხსენებული მიზეზების გამოა.

ემოციური ცრემლის გარდა, როგორც უკვე ვახსენე ცრემლს ბაქტერიების განადგურება და თვალის დასუფთავება შეუძლია. ამის მიზეზი ცრემლის შემადგენლობაში ფლუიდ ლისოზიმის არსებობაა, რომელსაც იმდენად ძლიერი ანტიმიკრობული ეფექტი აქვს, რომ ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიის მიერ განვითარებული რისკების შემცირებაც კი შეუძლია. მაგალითად, როდესაც თვალში მტვერი შეგეპარებათ, უმალვე აქტიურდება თვალის დამცავი ფუნქცია და ცრემლების სახით გამოდევნის მავნე ნივთიერებებს.

ტირილის სქესი

მეცნიერების მიერ ჩატარებული ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ საშუალოდ ქალები უფრო ხშირად ტირიან, ვიდრე კაცები. ფსიქოლოგმა უილიამ ფრეიმ კვლევებით დაადგინა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები თვეში საშუალოდ 5,3-ჯერ ტირიან, როდესაც მამრობითი სქესი მხოლოდ 1,3-ჯერ. საინტერესოა, რომ განსხვავებულია თავად ტირილის ხანგრძლივობაც. ქალები საშუალოდ 5-6 წუთს ტირიან, კაცები კი 2-3 წუთს.

ერთი შეხედვით სახეზე დიდი სხვაობაა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს გენდერული დიქოტომია სათავეს ბავშვობიდან იღებს და ის აღზრდასთანაა დაკავშირებული. ამის კარგი მაგალითია ჩვილების ტირილი: ჩვენ ვიცით, რომ მცირე ასაკში ბავშვის სქესის მიუხედავად ტირილი ნორმალურ რეაქციად ითვლება. კვლევები (თუ საერთოდ სჭირდება ამას კვლევა) აჩვენებს, რომ საშუალოდ ყველა პატარა ერთნაირად ტირის და ასეთ ასაკში სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ეს აჩენს ლოგიკურ აზრს, რომ სქესს შორის ტირილის განსხვავება ბიოლოგიასთან ნაკლებადაა დაკავშირებული და ის კულტურულ ფაქტორებზეა აღმოცენებული.

ლოგიკურია, არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი არ იბადება იმ აზრით, რომ მან არ უნდა იტიროს. ყველა ბავშვს, იქნება ეს ბიჭი თუ გოგო, აქვს თანდაყოლილი უნარი, ტირილის, რათა საბაზისო საჭიროებები დაიკმაყოფილოს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები სწავლობენ, რომელ ემოციას რა ჰქვია და ვის შეუძლია ტირილი და ვის "არ უხდება" ეს.

საინტერესოა, რომ იგივე ფაქტორი მოქმედებს ქვეყნებზე და მათ მოსახლეობაზე. კვლევების მიხედვით, იქ, სადაც საზოგადოება "ცრემლებისადმი" უფრო ტოლერანტულია, ადამიანები შედარებით ხშირად ტირიან. გარდა ამისა, მკვლევარმა ად ვინგერჰუტსმა, რომელმაც ტირილის საკითხს წლები დაუთმო აღმოაჩინა, რომ ტირილი მდიდარ ქვეყნებში უფრო ხშირი მოვლენაა. მან ისიც ივარაუდა, რომ განვითარება რაღაც დოზით ადამიანებში ემოციურ ჩაკეტილობას ხსნის და ისინი თავიანთ გრძნობებს ცრემლებით უფრო თავისუფლად გამოხატავენ.

თუმცა, არსებობენ მკვლევრები, რომლებიც ტირილის სიხშირეს ბიოლოგიურ ფაქტორებსაც აბრალებენ. მაგალითად, ქალებს, როგორც წესი, აქვთ უფრო მეტი ჰორმონი, რომელსაც პროლაქტინი ჰქვია. ეს მიიჩნევა, რომ ტირილის ხელშემწყობი შეიძლება იყოს. მეორე მხრივ, კაცებს აქვთ ტესტოსტერონის მაღალი დონე, ვიდრე ქალებს. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ჰორმონი ტირილს უფრო ართულებს. თუმცა, ეს ფაქტორები ძირითადად უფრო ვარაუდებია და ისინი ბოლომდე დადასტურებული არ არის.

იტირე რამდენიც გჭირდება

როგორც ვხედავთ, ცრემლი ადამიანისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ტირილს, რომელიც ემოციურ ფონზე ხდება, ესეც ნორმალური ადამიანური რეაქციაა, რასაც ჯანმრთელობის და სოციალური სარგებლის მომტანი არაერთი თვისება აქვს. ტირილი დაწყნარების, ემოციებისგან განმუხტვისა და ზოგჯერ სოციუმში გამოხატვის საშუალებაცაა. შესაბამისად, თუ ტირით, ეს არც სირცხვილია და არც სისუსტის ნიშანი.

სიძლიერე რეალობის დანახვაა და არა მისგან გაქცევა. ტირილს არ უნდა გავექცეთ, ისევე როგორც საკუთარ ბიოლოგიას. შესაბამისად, რასაც არ უნდა ამბობდნენ თქვენს გარშემო სხვები, ტირილი თუ ცრემლები ემსახურება მიზანს, რომელიც ორგანიზმის ჯანსაღად ფუნქციონირებაა და ბუნებას ის თქვენი საჯაროდ შერცხვენისთვის არ შეუქმნია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ