ჩვენს სამყაროს შესაძლოა, ორეული ჰყავდეს, რომელშიც დრო პირუკუ გადის
მეცნიერთა მიერ შემოთავაზებული თეორიის თანახმად, ჩვენს სამყაროს შესაძლოა, ორეული ჰყავდეს, რომელიც დიდი აფეთქების "მიღმაა" და იქ დრო პირუკუ გადის.
ფიზიკაში 3 ფუნდამენტური სიმეტრიაა ცნობილი, იგივე CPT სიმეტრია: მუხტის (C) —ურთიერთმქმედი ნაწილაკების მუხტების გაცვლის შემთხვევაში, თავად ურთიერთქმედება იგივე რჩება; შესაბამისობის (P) — სივრცული კოორდინატების შეცვლისას, მაინც იმავე სარკულ გამოსახულებას ვიღებთ; დროის (T) — დროის წაღმა და უკუღმა მსვლელობა ერთნაირია.
ახალ ნაშრომში, რომელიც სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი, მკვლევრები აცხადებენ, რომ შეგვიძლია ამ სიმეტირიათა ერთობლიობა არა მხოლოდ გარკვეულ ურთიერთქმედებებზე, არამედ მთლიან კოსმოსზე განვავრცოთ.
ამას "ანტისამყარომდე" მივყავართ, რომელიც საკუთარ ორეულს აბალანსებს. და თუ ეს მართლაც ასეა, რას ვიღებთ შედეგად?
პირველ რიგში, ამგვარი სამყარო ბუნებრივად ფართოვდება და ნაწილაკებით ივსება, რაც ინფლაციის პროცესს არ საჭიროებს (იხილეთ სტატია: პირველად იყო ინფლაცია — როგორ გაჩნდა სამყარო და რა მოხდა დიდ აფეთქებამდე). მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციას ბევრი რამ ადასტურებს, მისი საერთო სურათი მაინც საგრძნობლად ბუნდოვანია და ალტერნატიული დაშვებების შემოტანის საშუალებას იძლევა.
მეორე საკითხი ნეიტრინოს ეხება, მსუბუქ ნაწილაკს, რომელიც 3 სახით გვხვდება: ელექტრონული, მიუონური და ტაუონური. ყველა მათგანი მარცხნივ ბრუნავს, ხოლო დანარჩენი ნაწილაკები — ორივე მხარეს. შესაბამისად, ფიზიკოსები სხვაგვარი ნეიტრინოს არსებობას განიხილავენ. ჩვენი სამყაროს ტყუპისცალში სწორედ მსგავსი ერთი სახეობა მაინც უნდა არსებობდეს, რომელიც გრავიტაციის "ენაზე საუბრობს", თუმცა მათი ფიზიკური ექსპერიმენტებით გამოვლენა გაგვიჭირდება. ჩამოთვლილი მახასიათებლების გათვალისწინებით კი სრულიად შესაძლებელია, რომ ისინი არც მეტი, არც ნაკლები, ბნელ მატერიას ქმნიდნენ.
ასევე, იხილეთ: სამყაროს წარმოშობის თეორიები: შუმერებიდან დიდ აფეთქებამდე
ავტორები ვარაუდობენ, რომ სამივე ტიპის ნეიტრინო მაიორანული უნდა იყოს, ანუ საკუთარი თავის ანტინაწილაკი (შედარებისთვის, მაგალითად, ჩვეულებრივი ელექტრონების საპირისპიროდ, პოზიტრონებს ასახელებენ), მათგან ერთს კი მასა არ უნდა გააჩნდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ოდესმე ამ ნაწილაკების მასას გამოიკვლევენ და "შავ ცხვარს" მიაგნებენ, სამყაროს სიმეტრიულობის იდეა უფრო სარწმუნო გახდება.
დაბოლოს, ასეთ კოსმოსში გამორიცხულია ინფლაცია, რომელმაც დრო-სივრცე გრავიტაციული ტალღებით "შეარყია". თუ ამგვარი პირველადი ტალღების კვალს ვერ მივაკვლევთ, ესეც სარკული მოდელის სისწორეზე მიუთითებს.
კომენტარები