სამყაროს წარმოშობის თეორიები: შუმერებიდან დიდ აფეთქებამდე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

"თავდაპირველად, ის მბრუნავი ნისლივით იყო. თანდათან ცივი და სველი ელემენტი შედედდა ღრუბელსა თუ ნისლში გახვეულ მიწის სველ ცენტრალურ მასად. ცხელი და მშრალი გარდაისახა ცეცხლის სფეროდ, რომელიც ყოველივე ამას გარს შემოერტყა და ბრუნვის პროცესში დაიშალა ცეცხლის რგოლებად, რომელთა შორის დარჩენილი სივრცეც სფეროს შიგნიდან ამოზიდულმა მუქმა ნისლმა შეავსო. ასე დაიბადნენ მზე, მთვარე და ვარსკვლავები"

პრეისტორიული დიდი აფეთქება

რა არის ის რაშიც ვცხოვრობთ და როგორ შეიქმნა? — ეს შეკითხვა ადამიანს გაჩენის მომენტიდან გაუჩნდებოდა. შეკითხვის ჩასახვის მომენტში ჩვენი უძველესი წინაპრები ტექნოლოგიებით არ იყვნენ შეიარაღებულნი, მათ ჯერ არც კომპლექსური ცივილიზაციები უმაგრებდათ ზურგს, შესაბამისად ბუნებრივია თუ ვიტყვით, რომ სამყაროს წარმოშობის პირველი "ახსნები" პრიმიტიული იქნებოდა და ის სამწუხაროდ პრეისტორიულმა პერიოდმა შთანთქა.

დღეს ჩვენ გვაქვს მეცნიერება, ბიბლიოთეკები და ცოდნა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანში "კოლექტიურმა გონმა" გაიღვიძა, რომელიც მიუხედავად უდიდესი პროგრესისა კვლავ იგივე ფუნდამენტურ შეკითხვას სვამს — რა არის ის რაშიც ვცხოვრობთ და როგორ შეიქმნა? უძველესი წინაპრებისგან განსხვავებით ახლა ბევრად მეტი ინფორმაცია გვაქვს და რაც მთავარია, აღმოჩენილია მთავარი ინსტრუმენტი — ექსპერიმენტი. სწორედ ექსპერიმენტით და კვლევით ადამიანმა შეძლო წინსვლა, ეს პროგრესის მთავარი ფორმულაა, რის გარეშეც ჩვენ ყოველთვის ერთ წერტილზე ვიქნებოდით, არ იარსებებდა არც ისტორია და შესაბამისად ყველა და ყველაფერი პრეისტორიულ ბურუსში დარჩებოდა.

თუმცა, ის რაც ისტორიას ვერ შემორჩა ჩვენში ნაწილობრივ ახლაც ცოცხლობს. მაგალითად, კარლ სეიგანი თავის წიგნში "კოსმოსი" წარმოიდგენს უძველეს ადამიანს, რომელიც ფიზიოლოგიურად ზუსტად ჩვენნაირია, მაგრამ ის იმ პერიოდის ტყვეა, როდესაც ცეცხლის გამოყენებაც არ იციან.

"ჩვენ ასეთივე გონიერები და ცნობისმოყვარეები ვიყავით, ვმონაწილეობდით სოციალურ ცხოვრებაში, ვამყარებდით სექსუალურ ურთიერთობებს, მაგრამ აღმოჩენები ჯერ არ გაგვეკეთებინა. როგორი იქნებოდა მაშინ ჩვენი წინაპრების ცხოვრება, რას ფიქრობდნენ ისინი სამყაროს წარმოშობაზე და ვარსკვლავებზე?", — აინტერესებს კარლ სეიგანს და ის გვიყვება პრეისტორიულ ადამიანზე, რომლმაც ცაზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალით დაიწყო.

წიგნში გამოგონილი ეს პერსიონაჟი საბოლოოდ მიდის დაშვებამდე, რომ ცაში სხვა უფრო ძლევამოსილი მონადირეები არიან, ხოლო ვარსკვლავები მათი დანთებული კოცონია. ამის ფონზე, თუ გადავხედავთ ისტორიას, ვარსკვლავური კოცონისა და ძლევამოსილი არსებების მეტაფორები თითქმის ყველა კულტურაში საბოლოოდ უფრო აღმატებულმა იდეამ ჩაანაცვლა.

"დროსთან ერთად ცაში მცხოვრები არსებები უფრო აღმატებულნი გახდნენ და ღმერთებად იქცნენ", — ამბობს კარლ სეიგანი.

და მართლაც, არსებებს ეტაპობრივად სხვადასხვა სახელები მიენიჭათ, გაუჩნდათ ოჯახები, ნათესავები და რაც მთავარია, დაეკისრათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სწორედ ისინი გახდნენ სამყაროს წარმოშობის "ორგანიზატორები".

სამყაროს წარმოშობის უძველესი ისტორია

"ნა-არინი მარტო იყო სივრცეში, როგორც ღრუბელი, რომელიც სიცარიელეში ტივტივებს. მას არ ეძინა, რადგან ძილი არ იყო; მას არ შიოდა, რადგან ჯერ შიმშილი არ იყო. ასე სუფევდა იგი ძალიან დიდხანს, სანამ ერთი აზრი არ ეწვია. მან საკუთარ თავს უთხრა: მე ერთ რამეს შევქმნი", — მაიანას ხალხის მითი — "კოსმოსი".

ყველა კულტურაში არსებობს ლეგენდა, რომელიც აღწერს სამყაროს შექმნამდე და შემდეგ უშუალოდ მისი შექმნის პროცესს.

კარლ სეიგანის მიერ წარმოდგენილი პრეისტორიული ადამიანის შემდეგ ათასობით წელი გავიდა, ადამიანებმა ისწავლეს ცეცხლის გამოყენება, მოიშინაურეს ცხოველები, მიწათმოქმედებაზე გადავიდნენ და პატარა ტომები, სადაც ყველა ყველას იცნობდა, ნელ-ნელა დიდ ქალაქებად იქცა. გაჩნდა კულტურები, უამრავმა ადამიანმა სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარა, რამაც საბოლოოდ დამწერლობისა და სხვა ინოვაციური გამოგონებების საჭიროება გააჩინა. ძველი წელთაღრიცხვით მესამე-მეოთხე ათასწლეულებში შუმერების ცივილიზაცია დომინირებდა. სწორედ მათ მიაწერენ დამწერლობის წარმოშობას, რამაც ამ უძველესი ადამიანების ფიქრები და წარმოდგენები ნაწილობრივ შემოგვინახა.

დამწერლობის პარალელურად ბუნებრივია შუმერებს სამყაროს წარმოშობის იდე იტაცებდათ. ისინი აქტიურად იყვნენ დაინტერესებული ასტრონომიით, აკვირდებოდნენ ცას და ცდილობდნენ გაერკვიათ თუ საიდან მოვიდა ეს ყველაფერი. ისინი მზის მოძრაობასაც განსაზღვრავდნენ და სწავლობდნენ მას.

თუმცა, აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარსულში ასტრონომია განიხილებოდა როგორც საფუძველი, რომელზედაც ასტროლოგიას შეეძლო ფუნქციონირება. უძველესი კულტურები ხშირად ამ ორ მიდგომას შორის მკაფიო ხაზს არ სვამდა და მათ ერთობად აღიქვამდა. მაგალითად, ძველ ბაბილონში, არ იყო ცალკეული როლები ასტრონომისთვის და ასტროლოგისთვის. ის ვინც ახდენდა ციური მოვლენების რეალურ პროგნოზირებას (მზის დაბნელებას და ა.შ.) ასევე სწავლობდა ამ მოვლენების ინდივიდებზე "ზემოქმედებას".

ასევე: ასტრონომია და ასტროლოგია — როგორია მათი ისტორია და რატომ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში

და მაინც, რას გეტყოდათ თავმომწონე შუმერი, მისთვის სამყაროს წარმოშობის შესახებ რომ გეკითხათ? აი ისიც: "თავდაპირველად იყო მხოლოდ პირველქმნილი ოკეანე. მასში ჩაისახა ცის თაღი და ბრტყელი დედამიწა. ცის თაღი ანმა, ზეცის ღვთაებამ დაისაკუთრა, ხოლო მიწა — ენლილმა, დედამიწის ღმერთმა. მათ შუაში წარმოიშვა "ატმოსფერო", რომელშიც ცის მანათობელი სხეულები; მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები გაჩნდა".

შესაძლოა, ჩვენი თავმომწონე შუმერის "თეორია" ზედმეტად უცნაურად გეჩვენოთ, მაგრამ თუ დავაკვირდებით თანამედროვე რელიგიებს, ბევრი მათგანი სამყაროს წარმოშობას დიდად განსხვავებულად არ უყურებს. განსხვავება ძირითადად ღვთაებების სახელებსა და მათ ცნობადობაშია.

მნიშვნელოვანია ბაბილონური სკოლაც. აქ გაჩენილმა ახალმა საკულტო ეპოსმა სამყაროს შექმნის შესახებ განამტკიცა წარმოდგენა სამყაროს შემქმნელ ღვთაებაზე და ქალაქ ბაბილონზე, როგორც მსოფლიოს კოსმოლოგიურ და თეოლოგიურ ცენტრზე. ბაბილონი სახელწოდებით (ბაბილონი ნიშნავს ღვთის კარიბჭეს) თავს უკვე როგორც მსოფლიოს ცენტრს ისე წარმოადგენდა. ის იყო მიწიერისა და ზეციურის სინთეზის ადგილი. ამ კონცეფციამ განხორციელება ჰპოვა ე.წ. მსოფლიოს ბაბილონურ რუკაზე. მასზე დედამიწა წარმოდგენილია, როგორც ოკეანეში მოცურავე მრგვალი დისკო, ცენტრში ქალაქი ბაბილონია მართკუთხედის ფორმაში.

როგორც ჩანს, ადამიანის ეგოცენტრიზმი სამყაროს წარმოშობის თეორიებში ოდითგანვე ჩასახლდა და მასთან ერთად ვითარდებოდა, მანამ, სანამ ის რაციონალურმა აზრმა და მეცნიერებამ არ გამოდევნა. თუმცა, აქამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო დარჩენილი, დროსთან ერთად ბაბილონისგან თავად დედამიწა ჩამოყალიბდა სამყაროს ცენტრად და მთელი სივრცე თავის გარშემო დაატრიალა.

სამყაროს გაჩენის "ახსნებს" ქრონოლოგიურად თუ მივყვებით ბაბილონელების შემდეგ ყველაზე დიდ ინტერესს ძველი ბერძნები იწვევენ.

რაციონალური აზროვნების გარიჟრაჟი — სამყაროს წარმოშობა ძველ საბერძნეთში

შეიძლება ითქვას, რაციონალური აზროვნება, როგორც წმინდად მაგიურ ან თეოლოგიურ ახსნათა აღიარების დაპირისპირებული მცდელობა, სამყაროს პრობლემათა მხოლოდ გონებით გადაწყვეტა, დაიწყო ძვ.წ. VI საუკუნეში, მცირე აზიის სანაპიროზე, იონიის აყვავებულ სავაჭრო ქალაქში. იონიის, ანუ მელიტის, სკოლის წარმომადგენილია თალესი, ანაქსიმანდრე და ანაქსიმინე. მათ, ერთ-ერთმა პირველებმა, დაისახეს მიზანი, გაეგოთ თუ რისგან შედგებოდა სამყარო და როგორ წარმოიშვა ის.

მთავარი გარდამტეხი რაც თალესს შეგვიძლია მივაწეროთ (მას ზოგჯერ პირველ ფილოსოფოსსაც უწოდებენ) არის თეზისი, რომ ყველაფერს საფუძვლად უბრალო ფიზიკური წესები უდევს. ის ყველაფრის საწყისად არა ღვთაებრივ ძალას თუ მისტიკურ განგებას ეძებდა, არამედ მატერიას მიიჩნევდა ასეთად. თალესის აზრით, საწყისი ელემენტი, რისგანაც ყველაფერი შეიქმნა, წყალი უნდა ყოფილიყო. ფილოსოფოსი იმასაც უშვებდა, რომ ვარსკვლავები შეიძლება სხვა სამყაროები ყოფილიყო. მიიჩნევა, რომ მან ეგვიპტეშიც იმოგზაურა, ხოლო იქ ნასწავლით ძვ.წ. 585 წელს მზის დაბნელებაც განსაზღვრა. თუ თალესი პირველი იყო, რომელმაც რაციონალური აზროვნებისკენ გზის გაკვლევა დაიწყო, ანაქსიმანდრე მისი საქმის გამგრძელებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

"თავდაპირველად, ის მბრუნავი ნისლივით იყო. თანდათან ცივი და სველი ელემენტი შედედდა ღრუბელსა თუ ნისლში გახვეულ მიწის სველ ცენტრალურ მასად. ცხელი და მშრალი გარდაისახა ცეცხლის სფეროდ, რომელიც ყოველივე ამას გარს შემოერტყა და ბრუნვის პროცესში დაიშალა ცეცხლის რგოლებად, რომელთა შორის დარჩენილი სივრცეც სფეროს შიგნიდან ამოზიდულმა მუქმა ნისლმა შეავსო. ასე დაიბადნენ მზე, მთვარე და ვარსკვლავები", — ამტკიცებდა ანაქსიმანდრე.

რა თქმა უნდა, დღევანდელი გადმოსახედიდან ანაქსიმანდრესეული "დიდი აფეთქება" პრიმიტიულად ჟღერს, მაგრამ ის ძალიან საინტერესოა, რადგან თავის თავში ფიზიკური მოვლენების მიერ გაჩენილ სამყაროზე საუბრობს და არა ღვთაებაზე, რომელმაც მოიწყინა და სამყაროს არსებობა დაუშვა. ანაქსიმანდრე უფრო მეტსაც ბედავს და ის ნაწილობრივ დარვინსაც "წინასწარმეტყველებს":

"სიცოცხლე პირველად სწორედ ამ დროს აღმოცენდა; ეს მოხდა თბილ ტალახში, შლამში. ამიტომ, პირველი ცხოველები თევზისებრნი იყვნენ და ეკლოვანი ან ქერცლოვანი გარსი ესხათ. ამათგან წარმოიშვა ხმელეთის ცხოველთა ყველა სახეობა, მათ შორის ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში რომელიღაც ჯიშის თევზისგანაა განვითარებული", — ამბობს ის და ამით ევოლუციის თეორიას ააანონსებს. ეს ყველაფერი ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე ხდება.

ანაქსიმანდრესთან შემოდის თეზისი, რის მიხედვით არა მარტო სამყარო გაჩნდა უშუალო მოვლენებზე დაქვემდებარებით, არამედ თავად სიცოცხლეც მსგავსი პროცესების ნაწილია. მეტიც, მასთან სიცოცხლე არ არის სტატიკური, ის ფორმებისგან შედგება და იცვლება.

ეს ყველაფერი დიდი პროგრესის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინ კაცობრიობამ ჯერ კიდევ არ იცოდა და ბოლომდე ვერ აფასებდა პროგრესის მთავარ ფორმულას — ცდასა და კვლევებს. იონელი ფილოსოფოსები კვლევებს და ცდებს ისე სკეპტიკურად არ უყურებდნენ, როგორც ამას ბერძენი ფილოსოფოსების ახალმა თაობამ შეხედა. პლატონის თანამედროვეები, ისევე როგორც თავად პლატონი ექსპერიმენტების ჩატარებას დიდად ღირსეულ საქმედ არ მიიჩნევდნენ, მიაჩანდათ რა, რომ "კოსმოსის შემეცენბა ფიქრითაა შესაძლებელი". ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სწორედ აქ დაიწყო მიძინების პერიოდი, რამაც მეცნიერება, კვლევები და ექსპერიმენტები დიდი ხნით ერთ ადგილას გაყინა. გამოღვიძება მაინც გარდაუვალი იყო და საბოლოოდ მეცნიერებამ მე-16 საუკუნიდან კვლავ გაიღვიძა, თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო.

ქრისტიანობა და კრეაციონიზმი

ქრისტიანობის გამოჩენასა და გავრცელებასთან ერთად სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი "გაეცა". რა თქმა უნდა, ეს პასუხები ექსპერიმენტებსა და კვლევებს არ ეყრდნობოდა, მაგრამ ისინი დოგმატური იყო და მათში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. სამყარო ღმერთის მიერ იქნა შექმნილი, ხოლო თავად შემქმნელი დროისა და სივრცის მიღმაა. ეს იყო კრეაციონისტული, თავისთავადი მოცემულობა, რომელიც ყველას უნდა მიეღო და ზედმეტი შეკითხვები აღარ დაესვათ — "შეუცნობელ არს გზანი უფლისანი".

შეიცვალა თავად სამყაროს ასაკიც, ის წარმოუდგენლად გაახალგაზრდავდა. მაგალითად, მაიას ხალხის ზოგიერთი ჩანაწერი მიუთითებს მოვლენაზე, რომელიც მილიონი წლის წინ მოხდა. ამავე კულტურაში ვხვდებით მოვლენას, რომელიც 400 მილიონი წლითაა დათარიღებული. მეტიც, როდესაც საქმე ეხებოდა სამყაროს ასაკს, ინდოელები მილიარდობით წელზე ფიქრობდნენ — ქრისტიანობამ ეს პერიოდი რამდენიმე ათას წელზე დაიყვანა.

დიდი აფეთქების თეორიამდე — სტატიკური სამყარო

მე-13 საუკუნეში მცხოვრებმა ნიდერლანდელმა ფილოსოფოსმა, სიგერ ბრაბანტელმა წამოაყენა თეზისი რის მიხედვითაც სამყარო უსასრულო უნდა ყოფილიყო. მისი მტკიცებით, არ არსებობდა პირველი ადამიანი და არც რაიმე კონკრეტულის პირველი ნიმუში. შესაბამისად, სამყარო ყველანაირი პირველადი დასაწყისის გარეშე არსებობდა და ის მარადიული იყო.

დიდი აფეთქების თეორიამდე მეცნიერების უმეტესობა სწორედ ასეთ მოდელს — სტატიკურ სამყაროს ემხრობოდა. მე-20 საუკუნემდე მიიჩნეოდა, რომ სამყარო უსასრულოა. ამ თვისებით მეცნიერები ახასიათებდნენ დროსა და სივრცეს. მათთვის სამყარო სტატიკური და ჰომოგენური იყო. ზუსტ მეცნიერებებში სამყაროს უსასრულობის აპოლოგეტი ისააკ ნიუტონი იყო, ხოლო ფილოსოფიაში ეს ემანუელ კანტმა გადათარგმნა. ფილოსოფისაა და ზუსტი მეცნიერებების ეს "კოჰაბიტაცია" გვეუბნებოდა, რომ სამყაროს შესაძლოა არ ჰქონდეს არც დასასრული და არც დასაწყისი. ის უბრალოდ ყოველთვის არსებობდა და ასე იქნება მუდმივად.

ამ პერიოდში ალბერტ აინშტაინიც დარწმუნებული იყო რომ სამყარო სტატიკური იყო. მეტიც, მან თავის თეორიაში, რომელიც აღწერს გრავიტაციას, როგორც სივრცე-დროის გამრუდებას, შემოიტანა კოსმოლოგიური მუდმივა, რომელიც სამყაროს სტატიკურ (უძრავ) ფენომენს ხსნიდა (შემდეგ ეს მათემატიკური მოდელი თავის ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნია).

სტატიკური მოდელი გულისხმობდა უსასრულო (მარადიულ) სამყაროს, განსხვავებით დიდი აფეთქებისგან, რომელიც სამყაროს სასრულ ასაკს და საწყისს გვთავაზობს.

სამყაროს სტაბილური თუ სტატიკური მდგომარეობა (მოდელი) ახლა უარყოფილია კოსმოლოგების, ასტროფიზიკოსებისა და ასტრონომების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. თანამედროვე დაკვირვებები გაფართოებად სამყაროსა და დიდი აფეთქებაზე მიუთითებენ.

დიდი აფეთქების დაბადება

სხვა სამეცნიერო თეორიების მსგავსად, დიდი აფეთქების წარმოშობას ფესვები აქვს როგორც თეორიულ, ასევე ექსპერიმენტულ, თუ დაკვირვებად სფეროებში. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია 1915 წელს, მან ნიუტონის უნივერსალური გრავიტაციის თეორია დაამხო.

ამის პარალელურად იყო ალექსანდრე ფრიდმანი — მან აღმოაჩინა გამოსავალი იზოტროპული (ყველა მიმართულებით იგივე) და ერთგვაროვანი (იგივე ყველა ადგილას) სამყაროსთვის, სადაც იყო ნებისმიერი და ყველა სახის ენერგია, მატერიისა და რადიაციის ჩათვლით.

ფრიდმანის აღმოჩენა ძალიან დამაჯერებელი იყო ორი მიზეზის გამო:

პირველი — ის სამყაროს ყველაზე დიდ მასშტაბებში აღწერდა, სადაც ყველაფერი მსგავსია, ყველგან და ყველა მიმართულებით.

მეორე — თუ თქვენ გამოიყენებთ ფრიდმანის განტოლებებს, აღმოაჩენთ, რომ მისი აღწერილი სამყარო არ შეიძლება იყოს სტატიკური, არამედ უნდა გაფართოვდეს ან შეიკუმშოს.

ფრიდმანის მიერ შემოთავაზებული რეალობა ბევრმა აღიარა, მათ შორის აინშტაინმა, მაგრამ იგი არ იქნა განსაკუთრებით სერიოზულად მიღებული, სანამ კონკრეტული მტკიცებულებები არ გამოჩნდა.

რატომ დიდი აფეთქება — მტკიცებულებები

დროსთან ერთად მტკიცებულებებიც გამოჩნდა. 1910-იან წლებში ასტრონომმა ვესტო სლიფერმა დაიწყო გარკვეული ნისლეულების დაკვირვება, რომლებიც, როგორც ზოგს მიაჩნდა, იყო გალაქტიკები ჩვენი ირმის ნახტომის გარეთ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი სწრაფად მოძრაობდნენ: ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენი გალაქტიკის სხვა ობიექტები. მეტიც, მათი უმრავლესობა ჩვენ გვშორდებოდა.

უკვე 1920-იან წლებში თამაშში ედვინ ჰაბლი შემოდის, დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასტრონომი. ედვინ ჰაბლმა დაიწყო ამ ნისლეულებში ცალკეული ვარსკვლავების გამოკვლევა და საბოლოოდ განსაზღვრა მათი ჩვენგან დაშორება. ისინი არა მხოლოდ გაცილებით შორს იყვნენ ვიდრე ჩვენი გალაქტიკა, არამედ რაც უფრო შორს იყვნენ, მით უფრო სწრაფად გვშორდებოდნენ. აშკარა იყო სამყარო ფართოვდებოდა.

ის რაც ფართოვდება დასაწყისი უნდა ჰქონოდა — თუ როგორ განსაზღვრა ჰაბლმა სამყაროს გაფართოება, შემდეგნაირად შეგვიძლია ავხსნათ: საუბარია ვარსკვლავების თუ გალაქტიკების სიკაშკაშის ცვალებადობაზე. ჰაბლმა შორეული ციური სხეულებისგან წითელი წანაცვლება დაფიქსირა. რაც უფრო შორს იყო ჩვენგან გალაქტიკა, მით უფრო მეტი იყო მათ სპექტრში წითელი წანაცვლება.

აღსანიშნავია, რომ სხეულს, რომელიც ძალიან დიდი სიჩქარით გვიახლოვდება, ჩვენი აღქმით, ლურჯისკენ გადანაცვლებული სპექტრული ხაზი გააჩნია, ხოლო დიდი სიჩქარით დაშორებულს წითელი. ეს თანამედროვე კოსმოლოგიის ფუნდამენტია, რის მიხედვითაც შორეული გალაქტიკების სპექტრულ ხაზებში წითელ გადანაცვლებებს ვხედავთ — ესე იგი, ისინი გვშორდებიან. ჰაბლმა ისიც აღმოაჩინა, რომ რაც უფრო შორს არის ჩვენგან გალაქტიკა, ის უფრო დიდი სიჩქარით გვშორდება.

ასევე: რატომ არის დიდი აფეთქება სამყაროს წარმოშობის ყველაზე დამაჯერებელი მოდელი?

მეცნიერები ამ მოვლენების ასახსნელად სხვადასხვა თეორიებს განიხილავდნენ, თუმცა ამ ყველაფერს საბოლოოდ ყველაზე დამაჯერებლად სამყაროს გაფართოება ხსნიდა. ეს თანხვედრაში იყო ზოგადი ფარდობითობის თეორიასთანაც. მას შემდეგ მეცნიერებმა ჩვენგან კიდევ უფრო დაშორებით მყოფი გალაქტიკები აღმოაჩინეს, რითაც ეს დაკვირვება კიდევ უფრო გამყარდა. სამყარო ნამდვილად ფართოვდებოდა — შედეგად ყველაზე დამაჯერებელი იყო მოსაზრება, რის მიხედვითაც, გაფართოება სამყაროს შეკუმშული, ცხელი წერტილიდან წარმოშობამ განაპირობა.

დღეისათვის დიდი აფეთქების თეორია სამყაროს წარმოშობის ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელია. ის გვეუბნება, რომ სამყარო 13.8 მილიარდი წლის წინ კოლოსალურად ცხელი, შეკუმშული წერტილიდან წარმოიშვა. ის უამრავ კვლევას, გამოთვლასა თუ სამეცნიერო პროგრესის ნაყოფია, თუმცა, სწორედ ასეთმა პროგრესმა გვასწავლა შეკითხვების დასმა.

უძველესი წინაპრებისგან განსხვავებით, ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ კოსმოსი ძლევამოსილი მონადირეების მიერ დანთებული კოცონი არაა, ისიც მოგვეხსენება, რომ ეს ყველაფერი წყლით არ დაწყებულა და არც ნა-არინი იყო ცაში მოწყენილი სამყაროს გაჩენამდე. იმ წლების განმავლობაში რაც კაცობრიობამ განვლო უამრავი შეკითხვა გაგვიჩნდა, საიდანაც ბევრს ვუპასუხეთ, მაგრამ პასუხები ახალ შეკითხვებს ბადებს, ზუსტად ასე გააჩინა დიდი აფეთქების თეორიამ ახალი შეკითხვები.

შეკითხვები დიდ აფეთქებასთან

როდესაც ვსაუბრობთ დიდ აფეთქებაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი წამებია, უფრო ზუსტად პირველი წამი. დროის ამ უმცირეს მონაკვეთში მონაცემების გაზომვა ურთულესი და ფაქტიურად შეუძლებელია. თუ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ დიდი აფეთქება 13,8 მილიარდი წლის წინ, მაშინ, როდესაც სამყარო 1 წელზე პატარა ასაკის იყო, რა ზიანი მოაქვს სულ ერთი წამის უკან დაბრუნებას?! მთელი პრობლემა სწორედ ამ 0 წამამდე დასვლაშია — იგივე სინგულარობამდე მიღწევაში.

სწორედ აქ ჩნდება ფუნდამენტური შეკითხვები დიდი აფეთქების თეორიასთან. შეკითხვების გაჩენის მიზეზი, სინგულარობა და მისი "წარმოშობაა" — უსასრულოდ მაღალ ტემპერატურაზე, სიმკვრივესა და მოცულობაზე — ამ პროცესს უდიდესი შედეგები უნდა ჰქონდეს ჩვენს სამყაროზე. ეს საწყისი პროცესები კი დაკვირვებადი არ არის.

პრობლემურია თავად სინგულარობის ფენომენიც, რომელიც ბოლომდე არაა გააზრებული. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ "თუ დიდი აფეთქება დაიწყო სინგულარობიდან, ჩვენ არ გვაქვს მისი ახსნა; ჩვენ უბრალოდ უნდა დავამტკიცოთ, რომ სამყარო ასე დაიბადა". შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რამდენად არის დიდი აფეთქება ყველაფრის დასაწყისი, და იქნებ ის უბრალოდ ჩვენი თეორიული გაგების ბოლო წერტილია?!

ასევე: პირველად იყო ინფლაცია — როგორ გაჩნდა სამყარო და რა მოხდა დიდ აფეთქებამდე

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, "სამყარო ასე დაიბადა და ამიტომაც არის ასე", თუმცა, ეს უფრო ჩვენი უძველესი წინაპრების ქმედებას ჰგავს, რა დროსაც კვლევის და ექსპერიმენტის აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ არ იცოდნენ.

დაბოლოს, რა მოხდა დიდ აფეთქებამდე, რა იყო ის ფიზიკური თუ "მეტაფიზიკური" პროცესები, რამაც სინგულარობასა და შემდგომში "დიდ აფეთქებას" ჩაუყარა საფუძველი? ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი აფეთქება ნამდვილად მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ, რამაც დაუდო საფუძველი ჩვენი სამყაროს წარმოშობასა და განვითარებას, მაგრამ რა იყო მანამდე, თუ საერთოდ იყო რამე?!

შეკითხვების სიმწვავე და ფიზიკურად არ არსებული კველევებისა თუ მონაცემების სიმწირე გვეუბნება, რომ სანამ არ დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ, თუ როგორ უნდა ამოვიღოთ სამყაროსგან კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ თვალი გავუსწოროთ შეზღუდულ ცოდნას. ჩვენს უკან წინაპრების გულუბრყვილო ამბიციები, გამოცდილებები, მიღწევები თუ შეცდომებია — პროგრესის მთავარი ფორმულა კი, როგორც ემპირიული ცოდნა გვეუბნება, კვლევაში, ექსპერიმენტებსა და შეკითხვების დასმაშია. შეკითხვებისა თუ პასუხების ეს ციკლი კი შეიძლება უსასრულო იყოს, ისევე უსასრულო როგორც ყველაფერი.

ასევე: შემდეგი პოდკასტი: დიდი აფეთქება — როგორ გაჩნდა სამყარო

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ახალი კვლევა ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ნათელს ჰფენს
  2. დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს — აი, რატომ
  3. აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა, რომელიც ტყვიასავით მკვრივია
  4. არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
  5. ანტარქტიდაზე ქარვა აღმოაჩინეს — ძველი ტყეების კვალი ყინულოვან კონტინენტზე

გირჩევთ