15 მარტს თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ბრალდებული რუსეთის ნომერ პირველი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურორი ნავალნისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ითხოვდა.

რუსული მედია წერს, რომ სასამართლოზე ნავალნის "ორი ემოციური მიმართვა" ჰქონდა, თუმცა სწორედ მისი ან ადვოკატების გამოსვლის დროს ვიდეოკავშირი წყდებოდა და სრულად გადმოცემა ვერ შეძლეს. მედია სხდომას ვერ ესწრებოდა და ცალკე ოთახში ეკრანზე უყურებდა ტრანსლაციას, ამიტომ ნავალნის სიტყვა სრულად არ მოიპოვება, მაგრამ არსებული ნაწყვეტებიც საკმარისია მისი პოზიციის გასაგებად.

ფოტო: მედიაზონა

ფოტო: მედიაზონა

"ბევრ რამეს მივცემდი თქვენი აზრების წასაკითხად, ბატონო მოსამართლევ"

ნავალნის ერთი გამოსვლა, სასართლო სისტემისადმი მისი სიძულვილის დემონსტრირებით და პროკურორებისა და მოსამართლის კრიტიკით იწყება.

"მე მძულს თქვენი მთავრობა და მეზიზღება თქვენი სასამართლო სისტემა. იმიტომ, რომ შეუძლებელია არ გეზიზღებოდეს. თქვენთვის არ არის დამამცირებელი იმის თამაში, რომ მოსამართლეები და პროკურორები ხართ, რეალურად კი მოწყობილობა, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ გადმოსცეს ის, რაც უთხრეს ტელეფონით?

ბევრ რამეს მივცემდი თქვენი აზრების წასაკითხად, ბატონო მოსამართლევ. მაინტერესებს გაქვთ თუ არა რაიმე შეგრძნება "ჯანდაბაშიც წასულა ეს ყველაფერი"? ასე ფიქრობდა [პროკურატურის მოწმე ფიოდორ] გოროჟანკო და აქ სიმართლე თქვა".

"რატომ ფიქრობთ, რომ ეს დაუსჯელობა ყოველთვის იარსებებს?"

ნავალნიმ ისაუბრა პროტესტის მნიშვნელობაზეც და იმ ხალხზეც, რომელიც არ არის მზად დანებდეს და სურს, იბრძოლოს საკუთარი მომავლისთვის.

"თუ გგონიათ, რომ შემეშინდება ან საერთოდ ყველას შეაშინებთ, მაგალითად ისეთებს, როგორიც მშვენიერი [პირველი არხის თანამშრომელი] მარინა ოვსიანიკოვაა, რომელიც არამხოლოდ გამოვიდა, ვიდეოც გადაიღო, გვითხრა ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები: იმოქმედეთ.

ყველას ვერ დაიჭერთ. თუნდაც 113 წელი [თავისუფლების აღკვეთა] მოითხოვეთ და მიეცით — თქვენც ვერც მე და ვერც ჩემნაირებს შეაშინებთ. რუსეთი დიდია, მასში ბევრი ხალხია და ყველა არ არის მზად, რომ საკუთარ და შვილების მომავალი ისე მხდლურად დათმოს, როგორც თქვენ გააკეთეთ ეს".

სხდომის დასასრულს ნავალნის კიდევ ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, ხალხისთვის მიემართა, რა დროსაც განაცხადა, რომ მისი დაარსებული კორუფციასთან ბრძოლის ფონდი მუშაობას არ შეწყვეტს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ციხეში იქნება, მეტიც საერთაშორისო მასშტაბებზე გავლენ.

"რაც შეეხება ამ პროცესს. მას ჰქონდა განსაკუთრებული რამ, [ის] ძალიან განსხვავდებოდა ყველასგან. არც პროცედურულად, არც იმიტომ, რომ კოლონიაში იყო... თავისებურება იყო, ამ საქმეს ვერაფერში აურევ — იმიტომ, რომ არავის აინტერესებდა ეს საქმე. რა თქმა უნდა, ომის ფონზე, ეს ნაკლებად საინტერესოა..." (ტრანსლაცია შეწყდა)

ფოტო: მედიაზონა

"ერთადერთი რეიტინგი, რომელიც იზრდება მილიარდერების რაოდენობაა, ათწლეულები მოგვპარეს"

ნავალნიმ პუტინის გარემოცვასა და მათ მიერ მოპარულ ფულზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ომი უკრაინაში ამ დანაშაულის და ქვეყანაში არსებული სიტუაციის გადაფარვის მცდელობაა.

"ბალტიისპირეთის ქვეყნები — ყველას აქვს უამრავი პრობლემა. მაგრამ ნუ შეადარებთ ჩვენს მძინარე ქვეყანას და რომელიმე ევროპულ ქვეყანას. ჩვენ ყველაფერი გვქონდა, რომ ასე გვეცხოვრა. და ამისგან არაფერი გამოვიდა. 2000 წლიდან [იყო] ნავთობდოლარების უზარმაზარი ნაკადი, მაგრამ 2013 წლიდან მოსახლეობის შემოსავალი იკლებდა და იკლებდა. ერთადერთი რეიტინგი, რომელიც იზრდება მილიარდერების რაოდენობაა. ყველა ღარიბდება და მხოლოდ პუტინის ეს ათასი ოჯახი, ვინც ამ ფულს ეცა, ვინც მიითვისა მთელი ეს ფული, ჩვენი მომავალი და აწმყო — ისინი პასუხობენ ომით. ეკონომისტები დაკარგულ ათწლეულზე საუბრობენ. ეს ჩვენ დავკარგეთ? გზაზე მივდიოდით და დაკარგეთ? ეს მოპარული ათწლეულებია, რომ მოაკეტინონ მათ, ვინც ამაზე საუბრობს, ყურები დაუხშონ მათ, ვისაც ეს ესმის, ახლა გვჭირდება ომი, რომელიც..." (ტრანსლაცია შეწყდა)

"ამ ყველაფრის შედეგი იქნება ჩვენი ქვეყნის დაშლა, ველურად ჟღერს, მაგრამ ფრაზა რუსეთ-უკრაინის ომიც ასე ჟღერს"

დასასრულს ნავალნიმ ომის საწინააღმდეგო მოწოდებები გააჟღერა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ იყო ეს მისი სიტყვის დასასრული — ტრანსლაცია გათიშეს, თუმცა ოპოზიციონერმა მოასწრო და მოუწოდა ყველას, რომ იბრძოლონ ომის წინააღმდეგ.

"ამ ყველაფრის შედეგი იქნება ნგრევა, ჩვენი ქვეყნის დაშლა. ველურად ჟღერს, მაგრამ ფრაზა რუსეთ-უკრაინის ომი ასევე უაზროდ ჟღერს. ამ დარბაზში ვთქვი, როცა პროცესი დაიწყო, ყველას, ვისაც სჯერა, რომ ომი იქნება, ისინი გიჟები არიან. მანტრა ჩვენი ქვეყნის დაშლის შესახებ სულ უფრო და უფრო სავარაუდო ხდება.

იქ უბრალოდ გიჟი ბაბუების ჯგუფია. მათ არ ებრალებათ არავინ და არაფერი, და მათ არც ჩვენი ქვეყანა ენანებათ. მათი სამშობლო შვეიცარიული ანგარიშები და როგორც არ უნდა შეფუთონ პატრიოტიზმი, ეს მითია. და ეს არის დიდი საფრთხე ჩვენთვის ყველასთვის. რისი გაკეთებაა საჭირო, ფაქტობრივად, გასაგებია. ახლა ყველა ადამიანის მოვალეობაა ომის წინააღმდეგ ბრძოლა. ნათქვამია: მშვიდობისმყოფელებს ღვთის დიდება აქვთ.

უკეთესია იყოს თავისუფალი კაცი, ვიდრე პუტინის ლაკეი, რომელსაც ჯოჯოხეთში ეშმაკები შეჭამენ. [...] მე მეხმარება ერთი დიდი ადამიანი, დარბაზში შემოსვლამდე შემოწმება უნდა გავიარო. და დღეში ოთხჯერ თუ რვაჯერ გავდივარ რუსული ენის კლასთან. ყოველდღე იქ არის ოპერატორი, რომელიც ჩემს ტრუსებს ამოწმებს, მე კი მის გვერდით შიშველი ვდგავარ. კელდიდან მე მიყურებს ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოი. მან თქვა დიდი რამ, დაწერა თავის დღიურში... [მაუწყებლობა გათიშეს]

მედიაზონას ჟურნალისტი სხდომაზე მყოფ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ნავალნიმ საუბარი ასე გააგრძელა და ტოლსტოის ციტატა მოკლედ თქვა: "ომი დესპოტიზმის პროდუქტია. ვისაც ომი უნდა, მხოლოდ დესპოტიზმს უნდა ებრძოლოს".

ოპოზიციონერის განაჩენი 22 მარტს გამოცხადდება.