ევროპარლამენტმა მთიან ყარაბაღში სომხური მემკვიდრეობის განადგურება დაგმო
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც "მთიან ყარაბაღში და მის გარშემო მდებარე სომხური კულტურული მემკვიდრეობის წაშლისა და უარყოფის შესახებ აზერბაიჯანის განგრძობით პოლიტიკას" გმობს.
რეზოლუცია, რომელიც 635 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღეს, ხოლო 42-მა თავი შეიკავა, ძირითადად მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ სომხურ ძეგლებს ეხება.
ის მას შემდეგ მიიღეს, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ეკლესიებზე, რომლებიც მათი მტკიცებით, კავკასიურ-ალბანურია, სომხურ წარწერებს წაშლიდა.
"სომხური კულტურული მემკვიდრეობის წაშლა არმენოფობიის, ისტორიული რევიზიონიზმისა და სომხების მიმართ სიძულვილის სისტემური, სახელმწიფო დონის პოლიტიკის უფრო ფართო ნიმუშია, რომელიც ხელშეწყობილია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ, მოიცავს დეჰუმანიზაციას, ძალადობის განდიდებასა და სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ტერიტორიულ პრეტენზიებს, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიაში", — ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში, ასევე, აღნიშნულია რეგიონში "ისტორიის გაყალბებისა და მისი "ე.წ. კავკასიურ-ალბანურად წარმოჩენის" მცდელობები.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პირობა დადო, რომ წაკურში, მე-12 საუკუნის სომხურ ეკლესიაზე სომხურ წარწერებს წაშლიდა. ამასთან, კულტურის მინისტრმა, ანარ კარიმოვმა თებერვალში განაცხადა, რომ მთავრობამ "სპეციალისტებისგან" შემდგარი სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რათა "ალბანური რელიგიის ტაძრებზე სომხების მიერ დაწერილი ყალბი კვალი" წაშალონ.
რეზოლუციაში იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) დადგენილებაა ციტირებული და ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ქმედებები საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.
რეზოლუციამ რამდენიმე ცვლილება განიცადა, მათ შორის, თავდაპირველ ვერსიაში ICJ-ის დადგენილება, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ დროებითი ზომების მიღებას მოითხოვდა, შეყვანილი არ ყოფილა. ასევე, გამორიცხავდა აზერბაიჯანში სომხეთის მემკვიდრეობის "სისტემური დესტრუქციის" შესახებ დამატებით ინფორმაციას.
მიღებული დოკუმენტი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნახიჩევანში არსებული სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებასაც შეეხო. კერძოდ, ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა 89 სომხურ ეკლესიას, 20 000 საფლავსა და 5 000-ზე მეტ საფლავის ქვას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
რეზოლუციაში ხაზგასმულია ისიც, რომ ომის შემდეგ სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის დაბრუნებული ტერიტორიები, მათ შორის, ქალაქები, აღდამი და ფუზული, სომხური ძალების მიერ "თითქმის სრულ განადგურებასა და ძარცვას" ექვემდებარებოდა.
ევროპარლამენტმა აზერბაიჯანს მოუწოდა, რომ მთიან ყარაბაღში UNESCO-ს წვდომა დაუშვას და უზრუნველყოს, რომ UNESCO-ს მისიის დაწყებამდე სომხურ მემკვიდრეობაზე არანაირი ინტერვენცია არ განხორციელდება.
რეზოლუციის დასასრულს, პარლამენტმა ბაქოსა და ერევანს ასევე მოუწოდა, უზრუნველყონ ეფექტური გამოძიება საერთაშორისო სამართლის დარღვევის ყველა ბრალდებაზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. აქვე აღნიშნულია, რომ მთიანი ყარაბაღის პირველმა ომმა აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაც გამოიწვია.
12 მარტს აზერბაიჯანის პარლამენტის საერთაშორისო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა რეზოლუცია დაგმო და მას "აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგი მიკერძოებული რეზოლუცია", ასევე, "ევროპული დემოკრატიის კიდევ ერთი კოლაფსი" უწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რეზოლუცია მთლიანად "სომხეთისა და მისი ლობისტების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეფუძნება".
"[რეზოლუცია] ამახინჯებს აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციის 30-წლიანი პერიოდიდან მომდინარე რეალობებს, მათ შორის, ამ ტერიტორიებზე მდებარე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისადმი განხორციელებულ ვანდალიზმის ფაქტებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, აზიანებს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას".
მათ განცხადებაში ხაზგასმულია აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობების განადგურება იმ ადგილებში, რომელიც პირველი ომის შემდეგ სომხეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. მსგავსი ისლამური ადგილების განადგურების არხსენების გამო განცხადებაში ევროპარლამენტი "რელიგიური და რასობრივი დისკრიმინაციის წახალისებაშია" დადანაშაულებული.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები