პრეზიდენტმა მთავრობასა და ოპოზიციას "ცოდვები" შეახსენა
სალომე ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში უჩვეულოდ კრიტიკულია. პრეზიდენტი ღიად, შეფარული ტექსტების გარეშე აკრიტიკებს მთავრობასა და ოპოზიციას საჯარო განცხადებების, ქცევების გამო და მათ "ცოდვებს" ახსენებს. მეტიც, ზურაბიშვილმა ისიც კი თქვა, რომ ამ ეტაპზე საზოგადოება ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე პარლამენტში მყოფი დეპუტატები.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი.
რას "სცოდავს" ხელისუფლება
გთავაზობთ პრეზიდენტის სიტყვას:
"ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!
ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.
ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!"
გარდა ამისა, პრეზიდენტმა მთავრობა გააკრიტიკა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე დაფიქსირებული პოზიციის გამო. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დამაზიანებელია ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებენ, ნაცვლად ამისა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი, როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყანაში.
პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რომ მთავრობამ დააბრკოლა მისი გამგზავრება ევროპაში. კერძოდ, 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო ევროპაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, რის შემდეგაც საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
არ დაუკონკრეტებია ეს მიმართვა სამთვრობო გუნდს ეხებოდა თუ არა, მაგრამ ლოგიკურად ასე გამოდის — ზურაბიშვილმა აბსურდი უწოდა შეფასებას, რომ რუსთაველზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლით საზოგადოება დაყო.
"ამიტომ აბსურდია, სხვა რომ არა ვთქვა რა, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში, მაშინ, როცა ის, რუსთაველზე გამოჩნდა იმისათვის და იმის გამო, რომ სრულიად საქართველო წარმოედგინა! წარმოედგინა ყველა, ვინც პოლიტიკური პლაკატების გამო არ მივიდა და ვინც უბრალოდ ვერ მივიდა. ამავდროულად, პრეზიდენტი, რუსთაველზე მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს! ეს დაყოფა კი არაა, ეს ეროვნული თანხმობის პირველი გამოხატულებაა! ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის! პოლიტიკოსებმა თუ ვერა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი მშვენივრად გაიგო", — განაცხადა მან.
"პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ პატივისცემა არ ჰყოფნის, მასთან თანამშრომლობა აუცილებელია"
პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რომ მისი არცერთი მოწოდება მთავრობამ არ გაიზიარა: არ ჩანიშნულა არც რიგგარეშე სხდომა, არც გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, წლიური გამოსვლისათვის მოთხოვნილი თარიღიც არ იქნა დაკმაყოფილებული.
"მითუმეტეს ამ ურთულეს პერიოდში. ომი უკრაინაში, ევროკავშირის ახალი მიდგომები, საქართველოს ადგილი ამ ცვლილებების ფონზე, საფრთხეები და მზადყოფნა... ეს ის თემებია, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში განხილვის და მსჯელობის საგანი იქნებოდა და უნდა იყოს, არა მხოლოდ მთავრობის წიაღში, არამედ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, პარლამენტში უმრავლესობასა და სხვადასხვა ოპოზიციას შორის.
ამიტომ ორი კვირის წინ, ხელი მოვაწერე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელსაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილა. ამიტომ მოვითხოვე უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება. ამიტომ მივმართე პარლამენტს, რათა ჩემი ევროპიდან დაბრუნებისთანავე, 5 მარტს დაენიშნა ჩემი გამოსვლა", — განაცხადა მან.
რას "სცოდავს" ოპოზიციას
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპიზიცია სცოდავს, როცა "შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელებს". ზურაბიშვილმა, სავარაუდოდ, ელენე ხოშტარიას პარტია დროა და მოძრაობა სირცხვილიაც გააკრიტიკა ადმინისტრაციასთან გამართული აქციის გამო, რა დროსაც მშვიდობიანი მომიტინგეები დააკავეს და თქვა: "მათ [პოლიციელების] მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა "დროა" კეტჩუპის და ფქვილის? ეს "სირცხვილია"!"
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოგზავნილ ტექსტში ორივე სიტყვა, დროაც და სირცხვილიაც ბრჭყალებით იყო გამოყოფილი, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ზურაბიშვილმა არამხოლოდ სიტყვის მასალად გამოიყენა, არამედ მათ მიმართა.
"ნუ გიხარიათ, ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ და მაშასადამე ქვეყანამ — შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!
ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა "დროა" კეტჩუპის და ფქვილის? ეს "სირცხვილია"!
ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა".
მოუსმინეთ პრეზიდენტის მიმართვას მთავრობისა და ოპოზიციისადმი:
რაში ეთანხმება პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას
"თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია.
ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებზე ერთობლივ პასუხისმგებლობას. ამ ფორმატის შექმნა კი, ხელისუფლებას ევალება"
ზურაბიშვილმა მიმართა მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მოუწოდა, ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება:
- ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე;
- მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის.
"მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს", — განაცხადა მან.
რას არ განიხილავს პრეზიდენტი
"მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.
მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია".
"მე ამას არ დავუშვებ"
"კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი".
სიტყვით გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა მიმართა ხალხს და მადლობა გადაუხადა ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
"ასევე, მინდა უკრაინაში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით მადლობა მოვახსენო საელჩოს და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის.
მინდა გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან", — განაცხადა მან.
გაიგეთ მეტი პრეზიდენტის გამოსვლაზე:
- ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია — ზურაბიშვილი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე
- ზურაბიშვილი: ჩვენი გზა ხომ ერთია: პრინციპული, თუმცა გონივრული
- მოვუწოდებ მთავრობას, შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი — ზურაბიშვილი
- ზურაბიშვილი: ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი
- ზურაბიშვილი: უნდა მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ
- ზურაბიშვილი დეპუტატებს: საზოგადოება თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი
- ზურაბიშვილი: უკრაინის დამსახურებაა დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ უკვე დასუსტებული რუსეთი
კომენტარები