გავრცელებული ინფორმაციით, როსკოსმოსი თანამშრომლებს საზღვარგარეთ მოგზაურობას უკრძალავს
უკრაინაში ომი გრძელდება და ამის ფონზე რუსეთს კიდევ ერთი ბრძოლა აქვს, ეს ქვეყნიდან ტვინების გადინებაა. ეს ის ფენომენია, რა დროსაც აკადემიკოსები, მეცნიერები, ექიმები და სხვა განათლებული ადამიანები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას.
რუსეთში მსგავსი რამ უკვე წლებია ხდება. თუმცა, მკაცრი ეკონომიკური სანქციებითა და სიტყვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვით, რომელიც რუსეთში უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხდება, ქვეყნიდან გაქცევა სულ უფრო მეტ ადამიანს სურს. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დიმიტრი როგოზინმა, ქვეყნის კოსმოსური პროგრამის როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, სააგენტოს თანამშრომლებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა.
ეს პირველად ჟურნალისტმა კამილ გალეევმა და ადამიანის უფლებათა და კონფლიქტების მოგვარების სპეციალისტმა გალინა სტაროვოიტოვამ აღნიშნეს. ოთხშაბათს კამილმა ტვიტერში გამოაქვეყნა ბრძანების სავარაუდო სურათი, რომელიც დათარიღებულია 2022 წლის 28 თებერვლით — უკრაინაში თავდაპირველი შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
მოგვიანებით მან დაამატა, რომ რუსეთში მესაზღვრეებს ევალებათ, შეაჩერონ IT და კომპიუტერული ინჟინრები, რათა მათ ქვეყანა არ დატოვონ.
Ars Technica space-ის რედაქტორმა ერიკ ბერგერმა ასევე აღნიშნა, რომ როგოზინმა "აკრძალა როსკოსმოსის თანამშრომლებს საზღვარგარეთ გამგზავრება, თუნდაც რუსეთის მოკავშირეებთან".
ეს ყველაფერი როგოზინის ბოლო განცხადებების ფონზე გასაკვირი არ არის. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ის ტვიტერზე პროპუტინისტურ ნარატივს და ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა.
ასევე: რუსული მედია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის "დაშლის შესახებ" უცნაურ ვიდეოს ავრცელებს
ასე რომ, მისი სავარაუდო დირექტივა, რომელიც ცდილობს როსკოსმოსის თანამშრომლების რუსეთში დატოვებას, მოსალოდნელი იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მუშაობდეს მოკლევადიან პერსპექტივაში, საბოლოოდ ქვეყნისთვის კარგი ვერ იქნება.
"გრძელვადიან პერსპექტივაში, ტვინების გადინება შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რუსეთისთვის. ეს პროცესი დაჩქარდება განსაკუთრებით მაშინ, როცა უცხოური აკადემიური ინსტიტუტები საბოლოოდ შეწყვეტენ ურთიერთობას რუსეთთან", — ამის შესახებ Insider-ს პენსილვანიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა ნიკოლაი რუსანოვმა განუცხადა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები