უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერი რუსეთს საკუთარი სერვისით აღარ უზრუნველყოფს
Washington Post-ის მიხედვით, აშშ-ში დაფუძნებულმა ინტერნეტ პროვაიდერმა — Cogent Communications-მა, რომელიც კონტინენტთაშორისი კავშირებისთვის მონაცემთა მარშრუტებს უზრუნველყოფს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსი მომხმარებლების საკუთარი სერვისით უზრუნველყოფა შეწყვიტა. ეს კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერია და მომხმარებლებს 50 ქვეყნის მასშტაბით ემსახურება. მათ შორისაა არაერთი მაღალპროფილიანი რუსული კომპანიაც.
კომპანია Kentik-ის ინტერნეტ ანალიტიკოსი დუგ მადორი აღნიშნავს, რომ ამერიკული კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ რუს მომხმარებლებს შორისაა შორეული კავშირის გიგანტი Rostelecom, რუსეთის საძიებო სისტემა Yandex და ტელეკომუნიკაციების ორი უდიდესი კომპანია რუსეთში — MegaFon და VEON.
მადორის თქმით, რუსეთის გათიშვა Cogent-ის გლობალური ქსელიდან, სავარაუდოდ, ინტერნეტთან კავშირს შეანელებს, თუმცა ქვეყანაში ინტერნეტის სრულად გათიშვას არ გამოიწვევს. ამის სანაცვლოდ, რუსეთში Cogent-ის ყოფილი მომხმარებლების ტრაფიკი ახლა ქვეყნის სხვა პროვაიდერებზე გადაინაცვლებს, რაც ქსელის გადატვირთვას გამოიწვევს. თუმცა, ეს იმას სრულებით არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, სხვა პროვაიდერებმაც მოინდომონ რუსეთის საკუთარი სერვისით მომარაგება.
Cogent-ის ეს ნაბიჯი ციფრული უფლებების აქტივისტებმა გააკრიტიკეს. მათი თქმით, აღნიშნული ქმედება რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შეჭრის შესახებ სანდო ინფორმაციაზე წვდომას შეუზღუდავს და ომის წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზებაში შეუშლის ხელს.
თუმცა, Cogent-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დეივ შეფერმა Post-ს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი ვინმესთვის ზიანის მიყენებას არ ისახავს მიზნად და კომპანიას რუსეთის მოქალაქეებისთვის ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა არ უნდა. რუსეთისთვის ინტერნეტსერვისით მომარაგების შეწყვეტის მიზანი იყო რუსეთის მთავრობისთვის არ მიეცათ ნება, კომპანიის ქსელი კიბერშეტევებისა და პროპაგანდისთვის გამოეყენებინა.
რუსეთის მთავრობამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ისედაც გაართულა სოციალურ პლატფორმებსა და ახალი ამბების წყაროებზე წვდომა. პარასკევს მათ ახალი კანონი გამოუშვეს, რომელიც "ცრუ ინფორმაციას" კრძალავს. ქვეყანაში Facebook დაიბლოკა, მოგვიანებით დაიბლოკა Twitter-იც. უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ "ცრუ მესიჯების" გავრცელებისთვის ქვეყნის მთავრობა რუსული Wikipedia-ის დაბლოკვითაც დაიმუქრა.
კომენტარები