ევროკავშირმა რუსეთთან სამეცნიერო თანამშრომლობა შეწყვიტა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, 4 მარტს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, რუსულ ორგანიზაციებთან მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობა შეწყვიტოს.
შედეგად, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით ევროკავშირის 95.5 მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსების პროგრამის — Horizon Europe-ის ფარგლებში, ეს უკანასკნელი რუსეთთან ახალ შეთანხმებებსა და კონტრაქტებს აღარ გააფორმებს. გარდა ამისა, არსებული კონტრაქტების ფარგლებში კომისია რუსული ორგანიზაციების დაფინანსებას წყვეტს.
ყველა მიმდინარე პროექტი, რომელშიც რუსული კვლევითი ორგანიზაციები მონაწილეობენ, განხილვის პროცესშია. მათ შორისაა როგორც Horizon Europe, ასევე Horizon 2020, ევროკავშირის წინა პროგრამა კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით.
"რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის თავდასხმა თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და თვითგამორკვევაზე, ამ ყველაფერზე კი კულტურული გამოხატვა, აკადემიური და სამეცნიერო თავისუფლება და სამეცნიერო თანამშრომლობაა დაფუძნებული", — განაცხადა ევროკავშირის კომისიის წევრმა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში, მარია გაბრიელმა.
რუსეთთან სამეცნიერო თანამშრომლობის შეწყვეტის პარალელურად, გაბრიელის განცხადებით, კომისიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, Horizon Europe-ისა და Euratom (ევროპის ატომური ენერგიის საზოგადოება) კვლევისა და სწავლების პროგრამებში უკრაინის წარმატებული მონაწილეობის გაგრძელება უზრუნველყოს.
კომენტარები