როცა ქალაქსა და სოფელს შორის ზღვარი იშლება — ეკონომიკური განვითარების როლი ჰაერის დაბინძურებაში
საზოგადოების ფენების გეოგრაფიული განლაგება მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად იცვლებოდა. მაგალითად, ერთ დროს ყველაზე მდიდარი ფენა საკუთარ მამულებში ცხოვრობდა. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქალაქებში იყო თავმოყრილი. დღეს კი, ჰაერის თუ საცხოვრებელი გარემოს დაბინძურების, ხმაურის, საცობების, კრიმინალის მაღალი დონის თუ სხვა პრობლემების გამო მაღალმა ფენამ ქალაქების ცენტრებიდან ქალაქგარეთ დაიწყო მიგრაცია. ეს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია იმ პროცესისა, რომელსაც ურბანული გაფართოება ეწოდება.
ტერმინი დაბალი სიმჭიდროვის, წყვეტილ, ავტომობილზე დამოკიდებულ და არაადეკვატურ ურბანულ განვითარებას ასახავს. ურბანული გაფართოება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემად იქცა, რადგან დაბალი სიმჭიდროვის დასახლებების გაშენება და მომსახურება საკმაოდ ძვირია. გარდა ამისა, ასეთი საცხოვრებლები უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს და მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე კომპაქტური დასახლებები. პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე საკამათო მეთოდი არსებობს, თუმცა ურბანულ გაფართოებასთან ბრძოლის გაზრდილი ძალისხმევის მიუხედავად, მსოფლიოს გარშემო ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ამ საკითხზე ვარშავას უნივერსიტეტისა და ევროპის რეგიონული და ადგილობრივი კვლევების ცენტრის დოქტორს, იაკუბ როკს ვესაუბრეთ.
"გარეუბნული ოცნების" ასრულების თავისუფლებამ ურბანიზებული ტერიტორიების სპონტანური და ქაოსური გაფართოება გამოიწვია. ქალაქსა და სოფელს შორის მკაფიო საზღვრები მოიშალა და, შედეგად, ურბანულ-აგრარული ერთობლიობა მივიღეთ. ამ ცვლილებამ ადამიანის საცხოვრებელსა და ბუნებრივ გარემოს შორის ურთიერთკავშირზე განსაკუთრებული გავლენა იქონია. საინტერესო ისაა, რომ ურბანული გაფართოების მთავარ გამომწვევ ფაქტორად ქალაქის ცენტრში მოსახლეობის სიმჭიდროვის მატება და დაბინძურება მიიჩნევა. თუმცა, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქალაქგარეთ გადაადგილება რამენაირად აუმჯობესებს გარემოს მდგომარეობას. არც ის ვიცით, თუ რა სისტემური შედეგი მოსდევს ამ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს", — გვიყვება მეცნიერი.
1991 წელს ჯინ გროსმანმა და ალან კრუგერმა გარემოს კუზნეცის მრუდის ჰიპოთეზა შემოგვთავაზეს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური განვითარების ადრეულ ეტაპზე ჰაერისა და გარემოს დაბინძურების დონე იზრდება. ეს უკანასკნელი ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გარკვეულ მაჩვენებელზე პიკს აღწევს, შემდეგ კი კლებას იწყებს. იაკუბ როკისა და მიკოლაი ჰერბსტის კვლევის მიხედვით, გარემოს კუზნეცის მრუდის ჰიპოთეზა სამართლიანია — ეკონომიკური განვითარება ზრდის ჰაერის დაბინძურებას, თუმცა მხოლოდ გარკვეულ მაჩვენებლამდე. ამ ნიშნულის ზემოთ ეკონომიკური განვითარება ჰაერის ხარისხიც გაუმჯობესებას უკავშირდება.
"მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ ეკონომიკური განვითარების რა დონეზე შეინიშნება ეს ცვლილება. ჩვენ შემთხვევაში ეს ნიშნული საკმაოდ მაღალია — მაგალითად, მუნიციპალიტეტების 90%-ში დაბინძურება შემოსავალთან ერთად იზრდება და მხოლოდ ყველაზე მაღალ შემოსავლიან 10%-ში შეინიშნება განსხვავებული ტენდენცია", — განმარტავს იაკუბი.
არ არსებობს ნათელი პასუხი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ცვლილება განვითარების უფრო დაბალ დონეზე გახდეს მიღწევადი. მეცნიერის თქმით, ერთ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის შედეგად ჰაერის დაბინძურების შემცირებას სამი მამოძრავებელი ფაქტორი აქვს: ტექნოლოგიური განვითარება, ცვლილებები ეკონომიკურ სტრუქტურაში და ეკონომიკური აქტივობის მასშტაბი.
"ჩვენ შემთხვევაში ყველაზე რელევანტური ტექნოლოგიური ცვლილებაა. მაგალითად, ნახშირის ღუმელები სითბოს ტუმბოებმა ჩაანაცვლა, დიზელზე მომუშავე კერძო მანქანები კი ელექტრო ავტობუსებმა. დაბინძურების დონის შემცირებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის მწვანე სივრცეების შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც. ამ ყველაფერმა ერთად, შესაძლოა, ასე თუ ისე 'გააბრტყელოს' გარემოს კუზნეცის მრუდი", — გვიყვება მკვლევარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაბინძურებასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის კავშირზე დიდ გავლენას ახდენს სივრცითი არაერთგვაროვნება. მაგალითად, აგრარულ, ან მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიებზე დაბინძურების დონე, ურბანიზებულ და მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებთან შედარებით, ბევრად დაბალია. აღნიშნულ კვლევაში ეს სივრცითი მაჩვენებლები გათვალისწინებულია, თუმცა, აქვე ისიცაა ნაჩვენები, რომ, შესაძლოა, დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების დაბალ დონეს სულ სხვა მიზეზი ჰქონდეს.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქალაქებში, რომლებიც რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ჰაერის დაბინძურების დონის კლება არა ეკონომიკური განვითარებით, არამედ დასახლებაში საზოგადოების სხვადასხვა ფენების გეოგრაფიული განაწილებით აიხსნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიხედვით, ეკონომიკურ განვითარებას კი არ მივყავართ დაბინძურების დონის კლებასთან, არამედ სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემო იზიდავს მაღალშემოსავლიან ფენას. სწორედ ამით აიხსნება ურბანული გაფართოების პროცესიც", — ამბობს იაკუბი.
ზემოხსენებული კვლევის მიხედვით, ურბანული გაფართოების წახალისების შესამცირებლად, საკანონმდებლო უწყებამ ჰაერის დაბინძურების სივრცითი დამოკიდებულება უნდა გაითვალისწინოს. მკვლევრებმა სივრცითი ეკონომეტრიკის გამოყენებით აღმოაჩინეს, რომ ერთ დასახლებულ პუნქტში ჰაერის დაბინძურებაზე დიდ გავლენას ახდენს ამავე მაჩვენებლის დონე მეზობელ პუნქტში. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ურბანულ აგლომერაციებში, რომლებიც რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებს.
მაგალითად, თუ ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო კერძო ავტომობილებია, მაშინ საჭიროა საჯარო ტრანსპორტის ქსელის ორგანიზება ისე, რომ ქალაქგარეთ მცხოვრებმა მოსახლეობამაც მოახერხოს ავტომობილის გარეშე გადაადგილება. შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრას არამხოლოდ ქალაქის, არამედ მისი მეზობელი პუნქტების ჩართულობაც სჭირდება.
აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამ საკითხს დამატებითი შესწავლა სჭირდება და, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ერთი რომელიმე ქალაქის შესწავლით მიღებული შედეგები მთელი მსოფლიოსთვის სამართლიანი ვერ იქნება. თუმცა ის აშკარაა, რომ მაღალი ფენის მისწრაფება, თავი დააღწიოს ქალაქის ცენტრში არსებულ ბინძურ ჰაერს, საერთო სურათის გაუმჯობესებას და გარემოზე ზიანის შემცირებას ხელს საერთოდ არ უწყობს.
კომენტარები