დემოკრატიის კრიზისი თურქეთში - დეტალები მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

კვირას, 16 აპრილს, თურქეთის მოქალაქეებმა ისტორიულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს კონსტიტუციის ცვლილებასა და შესაბამისად, პრეზიდენტისთვის ახალი ძალაუფლების მინიჭებას.

შედეგების მიხედვით, თურქეთმა აირჩია 18-პუნქტიანი საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ნატოს წევრ ქვეყანას საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო მმართველობად გარდაქმნის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 47,5 მილიონი ხმის დათვლის შემდეგ, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 51,4 პროცენტმა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ შედეგები გაყალბებულია.

რას გულისხმობს ცვლილებები?

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, თურქეთში ძალაში შევა შემდეგი ცვლილებები:

  • გაუქმდება პრემიერმინისტრის ოფისი და შეიქმნება ორი ან სამი ახალი პოსტი ვიცე-პრეზიდენტებისთვის;
  • პრეზიდენტი გახდება აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ისევე, როგორც სახელმწიფოს მეთაური და შეინარჩუნებს პოლიტიკური პარტიასთან კავშირს;
  • პრეზიდენტს ექნება უფლება, პირდაპირ დანიშნოს საჯარო მოხელეები, მათ შორის მინისტრები;
  • პრეზიდენტი მოამზადებს ბიუჯეტს, დანიშნავს მთავარ მოსამართლეებსა და ახალ კანონებს განკარგულებებით გამოსცემს;
  • პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, ერთპიროვნულად გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და დაითხოვოს პარლამენტი;
  • თავის მხრივ, პარლამენტი კარგავს უფლებას, შეისწავლოს მინისტრთა კანდიდატურები, თუმცა მას ექნება უფლება, დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და გამოიძიოს მისი საქმიანობა. ამ პროცესს პარლამენტართა ორი მესამედის თანხმობა დასჭირდება;
  • პარლამენტის წევრთა რაოდენობა 550-დან 600-მდე გაიზრდება;
  • საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება ყოველ ხუთ წელიწადში, ერთსა და იმავე დღეს;
  • პრეზიდენტს პოსტზე ყოფნის უფლება მხოლოდ ორი ვადით ექნება.

რატომაა მნიშვნელოვანი ერდოღანისთვის რეფერენდუმის შედეგები?

ფოტო: Getty Images

ერდოღანის მომხრეები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა მათ ქვეყანას უფრო მოდერნიზებულს გახდის. გარდა ამისა, მათივე თქმით, ქვეყანაში არსებულ საფრთხეებს სჭირდება სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც სწორედ ძლიერი პრეზიდენტი უზრუნველყოფს.

შედეგების გამოცხადებისთანავე, თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები ქუჩებში გამოვიდნენ და 75-მილიონიან ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობისთვის მხარდაჭერა იზეიმეს. ცვლილებების შედეგად, ერდოღანმა, შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტი 2029 წლამდე შეინარჩუნოს. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანაში პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების (AK) პარტია.

რა ხდება თურქეთის ოპოზიციურ ფლანგზე?

თურქეთის ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებენ. ისინი ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მათ ემუქრებოდნენ. დამოუკიდებელი დამკვირვებლების თქმით კი, მედია მოვლენებს ერდოღანის სასარგებლოდ აშუქებდა.

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ (CHP) რეფერენდუმის შედეგები უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ.

რეფერენდუმის მეორე დღეს, ორშაბათს, 17 აპრილს, ერდოღანის მოწინააღმდეგეები სტამბოლის ქუჩებში გამოვიდნენ.

ფოტო: Bulent Kilic / Getty Images

მთავარი ოპოზიციური ძალის განწყობებს იზიარებენ სხვა, უფრო მცირე ზომის ოპოზიციური პარტიები.

17 აპრილს თურქეთის ქალაქების ქუჩები ოპოზიციონერთა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. აქტივისტები რეფერენდუმის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურის ბოლო მომენტში ცვლილებასა და საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. კომისიამ მილიონზე მეტი ბიულეტენი, ოფიციალური ბეჭდის გარეშე, ვარგისად მიიჩნია.

საპარლამენტო მმართველობის გაუქმებას მხარს არ უჭერდა თურქეთის სამი უდიდესი ქალაქი: სტამბოლი, ანკარა და იზმირი.

ოფიციალური შედეგების მიხედვით, ამომრჩევლის 49 პროცენტი ცვლილებას არ ემხრობა.

რა შეიძლება მოხდეს უახლოეს წლებში?

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი არჩევნებში არასდროს დამარცხებულა. სამართლიანობისა და განვითარების პარტია, რომლის საშუალებითაც ფეხბურთელი ერდოღანი პოლიტიკაში მოვიდა, პარლამენტში უმრავლესობას ფლობს.

ახალი არჩევნები 2019 წელს გაიმართება, რა დროსაც თურქეთის მოქალაქეები პრემიერმინისტრის ნაცვლად, უკვე პრეზიდენტს აირჩევენ. 2019 წლამდე, ერდოღანი შეძლებს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები და უზენაესი სასამართლოს 15-დან 12 მოსამართლე თავად დანიშნოს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ თურქეთში დიქტატურა დამყარდება და დიდი ალბათობით, სწორედ ერდოღანი გახდება თურქეთის მორიგი პრეზიდენტი 2019 წელს და ამაზე მიუთითებს ყველა ის ნაბიჯი, რასაც ის ძალაუფლების გასამყარებლად დგამს. აღნიშნულ ნაბიჯებს შორისაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, ასევე კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების, სამხედროებისა და სხვა პროფესიის ადამიანთა დაპატიმრება, დევნა, სამსახურიდან გათავისუფლება, ასევე, ოპოზიციური მედიასაშუალებების დახურვა.

12 აპრილს, რეფერენდუმის ჩატარებამდე ოთხი დღით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ მისი ხელისუფლება მიმდინარე წლის 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგ პარლამენტში შეიტანს საკონსტიტუციო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც თურქეთში სიკვდილით დასჯა აღდგება.

აღნიშნულ ცვლილებას სწორედ კონსტიტუციის შესწორება სჭირდებოდა. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ კანონს პარლამენტი ჩააგდეს, ის სიკვდილის აღდგენის საკითხს კვლავ რეფერენდუმით გადაწყვეტს.

რა გავლენა მოახდინა 2016 წლის გადატრიალების მცდელობამ თურქეთზე?

რატომ მივიდა თურქეთი რეფერენდუმამდე და ჰქონდა თუ არა მასზე გავლენა 2016 წლის ივლისში გადატრიალების მცდელობას?

როგორც კრიტიკოსები წერენ, ეს მოვლენა იმდენად მომგებიანი იყო რეჯეპ ტაიპ ერდოღანისთვის, რომ დღემდე არსებობს კითხვა, იყო თუ არა ის მის მიერვე ორგანიზებული, რათა ძალაუფლების გასამყარებლად ლეგიტიმური საფუძველი ჰქონოდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ჩაშლილ აჯანყებას 249 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფეტულა გიულენი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 1990-იან წლებში მოკავშირეები იყვნენ.

ფოტო: Birgün

ერდოღანმა ძალაუფლება რამდენიმე საათში დაიბრუნა და თურქეთი დაპატიმრებების არნახულმა მასშტაბმა მოიცვა - ასობით ათასმა ადამიანმა საგანმანათლებლო, სასამართლო თუ სამხედრო პოზიციებზე სამსახური დაკარგა, ერდოღანის ათობით ათასი პოლიტიკური ოპონენტი დააპატიმრეს. ერდოღანმა აჯანყებაში მისი ყოფილი მეგობარი და ამჟამად უკვე მეტოქე, ფეტულა გიულენი დაადანაშაულა.

აჯანყება რამდენიმე საათში დასრულდა. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით უპრეცედენტო ძალაუფლება მოიპოვა. ამის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა თურქეთში ტერაქტების და სხვა მოვლენების გამო რამდენჯერმე გახანგრძლივდა. სულ ბოლოს, საგანგებო მდგომარეობა 2017 წლის 17 აპრილს, რეფერენდუმის მეორე დღეს კიდევ სამი თვით გააგრძელეს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პოლიტიკური ოპოზიციისა და მედიის დევნა 2016 წლის აპრილის აჯანყების შემდეგ არ დაწყებულა, ეს თურქეთში მანამდეც ხდებოდა, თუმცა, არა ამ მასშტაბით. თურქეთში კრიტიკული მოსაზრებების გავრცელებისა და ინფორმაციის შეზღუდვის საბაბით არაერთხელ დაუბლოკავთ იუთუბი, ფეისბუკი, ტვიტერი, ასევე, დაუხურავთ მედიასაშუალებები.

რატომ დაუპირისპირდა თურქეთი ევროპას?

თურქეთისა და ევროპის ურთიერთობა დღითიდღე უარესდება, თურქეთის პრეზიდენტი კი სულ უფრო ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ევროპამ თურქეთს "უღალატა". თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები გამუდმებით აკრიტიკებენ ერდოღანის ხელისუფლებას ქვეყანაში გატარებული რეპრესიული პოლიტიკის გამო და არ აძლევენ საშუალებას, უფრო მჭიდროდ დაუახლოვდეს ევროკავშირს.

თურქეთის ევროპასთან დაახლოების პროცესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიწყო. შემდეგ, 1963 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, რომლის საბოლოო მიზანიც ევროკავშირში გაწევრიანება იყო. მას შემდეგ, თურქეთმა და ევროპამ არაერთი ახალი ხელშეკრულება დადეს და დაახლოების პროცესიც გრძელდებოდა, თუმცა ნელი ტემპით.

თურქეთის იმდროინდელი პრემიერმინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, სტამბოლში გერმანიის კანცლერის ვიზიტისას, სიტყვით გამოდის. ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაწყებულია. 2005 წლის 12 ოქტომბერი.

ფოტო: Marcus Brandt / Getty Images

2004 წელს ევროკავშირი დათანხმდა, თურქეთთან დაწყებულიყო მოლაპარაკებები წევრობაზე, თუმცა, ისევე როგორც 2013 წელს დაწყებული ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ამ დროისათვის შეჩერებულია. ევროპელი პოლიტიკოსები უმთავრეს მიზეზად თურქეთის მხრიდან ადამიანთა უფლებების უპატივცემულობას ასახელებენ. თავის მხრივ, პროცესის გაჭიანურებამ გამოიწვია თურქეთის მმართველი ელიტის სკეპტიციზმი ევროკავშირის მიმართ.

2016 წლის ნოემბერში ერდოღანმა თქვა, რომ ევროკავშირი არ არის ერთადერთი ალტერნატივა თურქეთისათვის. მისივე განმარტებით, თურქეთი შესაძლოა გახდეს "შანხაის ექვსეულის" წევრი. ის გულისხმობდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში თურქეთის გაწევრიანების შესაძლებლობაზე. ამ ორგანიზაციის წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი აქვთ ავღანეთს, მონღოლეთს, ინდოეთს, ირანს, პაკისტანსა და ბელორუსს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შესვლის პროცედურები დაწყებული აქვთ ინდოეთსა და პაკისტანს.

ერდოღანისვე თქმით, ევროკავშირი უკვე 53 წელია აჭიანურებს გაერთიანებაში თურქეთის მიღებას, ახალ გაერთიანებაში შესვლა და თურქეთისთვის სარგებლის მომტანი იქნება და ეს ქვეყანას მოქმედების უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს.

დაპირისპირებამ ევროპულ ქვეყნებსა და თურქეთს შორის პიკს 2017 წელს მიაღწია. კერძოდ, თურქულ რეფერენდუმში თურქეთის თითქმის სამმა მილიონმა მოქალაქემ სამშობლოს საზღვრებს გარეთ მისცა ხმა. მას შემდეგ, რაც თურქეთის წინასაარჩევნო პოლიტიკური აქციები ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და ნიდერლანდებმა, დაბლოკეს, ერდოღანმა მათი პოლიტიკოსები ნაცისტებს შეადარა.

გარდა ამისა, ევროკომისიამ თურქეთს რეფერენდუმზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რეფერენდუმის შედეგები თურქეთსა და ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს და ქვეყანას გაერთიანებაში გაწევრიანების შანსებს მოაკლებს.

"ეს კონსტიტუციური ცვლილებები მნიშვნელოვან ძალაუფლებას ანიჭებს ერთ ადამიანს, რასაც ევროკავშირი კრიტიკულად უყურებს" - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერტ კოენდერსმა.

შეიცვლება თუ არა სეკულარული თურქეთი?

რეფერენდუმის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ გაყალბებული შედეგები თურქეთს ნაკლებად დემოკრატიულს და მეტად რელიგიურს გახდის. CNN-ის ოპ-ედის ავტორი წერს, რომ ისინი ქვეყანაში განხეთქილებასაც წინასწარმეტყველებენ.

ქალაქში მცხოვრები თურქებისთვის, რომლებიც თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ შექმნილი სისტემას და სეკულარულ სახელმწიფოს უჭერენ მხარს, ერდოღანის კონსერვატული, რელიგიურ გრძნობებზე აგებული პოლიტიკა მიუღებელია.

ფოტო: Ozan Kose / Getty Images

კრიტიკის მიღმა არ რჩება ერდოღანის ახალი საპრეზიდენტო სასახლეც, რომლის ღირებულებაც 600 მილიონი ამერიკული დოლარია და 1 100 ოთახს მოიცავს. პრეზიდენტის ოპონენტები ამბობენ, რომ ერდოღანს სურს თანამედროვე თურქეთის სულთანი იყოს, სადაც კაცებს მეტი ძალაუფლება ექნებათ და ქვეყანას მუსლიმები მართავენ.

ოპოზიციონერები შიშობენ, რომ ერდოღანის რელიგიური და კონსერვატული შეხედულებები ქვეყანაში არასასურველ ცვლილებებს გამოიწვევს.

"ჩვენი რელიგია [ისლამი] ქალებს ერთ მისიას ანიჭებს - დედობას" - თქვა ერდოღანმა 2014 წელს სტამბოლში გამართულ სამიტზე, რომელიც ქალების მართლმსაჯულებას ეძღვნებოდა.

ერდოღანი არაერთხელ გამოსულა საჯაროდ, სადაც სწორედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისლამის მნიშვნელობასა და როლზე საუბრობდა. გარდა ამისა, არაერთი ანალიტიკოსი საუბრობს ღიად, რომ მიუხედავად თურქეთში სეკულარიზმის სიმყარისა, რელიგია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი…