მეცნიერები ფიქრობენ, რომ თავად დედამიწა შესაძლოა, "გონიერი" იყოს
დედამიწაზე არსებული სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების, მათ შორის ბაქტერიების, მცენარეებისა და ცხოველების კოლექტიურმა აქტიურობამ ჩვენი მშობლიური ციური სხეული მთლიანად შეცვალა. მაგალითისთვის, მცენარეთა მიერ ფოტოსინთეზის უნარის გამომუშავებამ და დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფამ აქაურობა სულ სხვაგვარ ადგილად აქცია, ანუ მათი ერთობლივი ქმედებით პლანეტური მასშტაბების შედეგი მივიღეთ.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბიოსფეროს ამგვარმა გავლენამ თავად დედამიწა "გააცოცხლა" და თუ ეს მართლაც ასეა, შეიძლება მას საკუთარი "გონი" ჰქონდეს? — სწორედ ამ კითხვაზე ცდილობენ პასუხის გაცემას სპეციალისტები, რომლებმაც თავიანთი აზრითი ექსპერიმენტი (ჰიპოთეზის წარმოსახვითი გათამაშება) გამოცემაში International Journal of Astrobiology გამოქვეყნებულ ნაშრომში განავრცეს.
ახალი კვლევა მათ ისეთ კონცეფციებზე დააფუძნეს, როგორიც გაიას ჰიპოთეზაა, რომლის მიხედვითაც, ბიოსფერო არაცოცხალ სისტემებთან (ჰაერი, წყალი, მიწა) მჭიდროდ ურთიერთქმედებს, რათა პლანეტის სიცოცხლესთან თავსებადობა შეინარჩუნოს. ეს ტექნოლოგიურად განუვითარებელ არამიწიერ სახეობებზეც ვრცელდება.
ამას ცხადყოფს ისიც, რომ ხეების ფესვები ერთმანეთს სოკოების მიწისქვეშა მიკორიზული ქსელებით უკავშირდება. თუ ტყის ერთ ნაწილში საკვები ნივთიერებების ნაკლებობაა, მას ამ ქსელის მეშვეობით საჭირო რესურსი მიეწოდება, ანუ ის კოლექტიურად "ცხოველქმედებს".
ავტორთა თანახმად, ამჟამად ჩვენი ცივილიზაცია "უმწიფარ ტექნოსფეროს" წარმოადგენს — ადამიანის მიერ შექმნილ სისტემებსა და ტექნოლოგიას, რომელიც პლანეტაზე პირდაპირ ახდენს გავლენას (უარყოფითს) და არამდგრადია. ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგიის მისაღებად წიაღისეულ საწვავს ვიყენებთ, რაც ოკეანეებსა და ატმოსფეროს ანადგურებს. იმისათვის, რომ, როგორც სახეობა, გადავრჩეთ, დედამიწაზე საერთო ძალებით უნდა ვიზრუნოთ და ამაში ჩვენი ერთობლივი ცნობიერება ჩავრთოთ.
მეცნიერები 4 საფეხურს გამოყოფენ იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს "პლანეტურმა გონმა" ჩვენი მომავალი:
- უმწიფარი ბიოსფერო — ადრეული დედამიწა, რომელზეც მიკრობები უკვე არსებობდნენ, თუმცა მცენარეული საფარი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ზემოხსენებულ მასშტაბურ ცვლილებებს ვერაფერი იწვევდა.
- განვითარებული ბიოსფერო — 2.5 მილიარდი-540 მილიონი წლის წინანდელი დედამიწა, სადაც სტაბილური კონტინენტები და მცენარეულობა უკვე არსებობდა, ფოტოსინთეზიც მიმდინარეობდა, ატმოსფეროში კი ჟანგბადი და ოზონის შრე იყო, ანუ ბიოსფერო პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაზე მოქმედებდა.
- უმწიფარი ტექნოსფერო — ახლანდელი დედამიწა, საკომუნიკაციო სისტემებით, ტრანსპორტით, ელექტრობით, კომპიუტერებითა და სხვა ტექნოლოგიით. ასეთ ტექნოსფეროს თვითგანადგურებისკენ მივყავართ.
- განვითარებული ტექნოსფერო — დედამიწა, სადაც ტექნოლოგიური სისტემები პლანეტის სასარგებლოდ გამოიყენება ისე, რომ ბიოსფეროს არ აზარალებს, რამედ ევოლუციას მასთან ერთად განიცდის.
"მილიონდოლარიანი კითხვაა, თუ როგორ გამოიყურება 'პლანეტური გონი' და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში, რადგან ჯერ არ ვიცით, როგორ გადავინაცვლოთ განვითარებული ტექნოსფეროს საფეხურზე", — აცხადებენ ავტორები.
ასეთი კომპლექსური სისტემის შემადგენელი თითოეული ნაწილი სხვებთან ისე უნდა ურთიერთქმედებდეს, რომ გლობალური პროცესები სწორედ ამაზე იყოს დამოკიდებული. აღნიშნული საკითხის გამოკვლევა არა მხოლოდ დედამიწის მომავლის გარკვევაში, არამედ არამიწიერი ცივილიზაციებისკენ გზის გაკვალვაშიც დაგვეხმარება.
კომენტარები