ისტორიაში პირველად, ექიმებმა აივ ინფექციისგან ქალი განკურნეს
აივ ინფექციის გლობალური შემთხვევების უმეტესობა სწორედ ქალებს მოიცავს, რომლებშიც დაავადება კაცებისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. ამის გამო, ისინი სხვაგვარ მიდგომას საჭიროებენ, მცირეა კვლევებში მათი ჩართულობაც. ეს ყველაფერი კი უკანასკნელ სიახლეს ერთგვარ გარღვევად აქცევს.
მეცნიერთა გუნდმა ახლახან აშშ-ში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ აივ ინფექციისგან ქალი განკურნეს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ექიმებმა ეს მის ორგანიზმში ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გზით შეძლეს.
აღნიშნული პაციენტი მსოფლიოში მესამეა, რომელმაც შიდსის გამომწვევი ვირუსი მედიკოსების დახმარებით დაამარცხა. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტებმა თერაპიაში ჭიპლარის სისხლიც გამოიყენეს, რაც დონორთან ისეთი დონის შესაბამისობას (რასობრივს/ეთნიკურს) არ საჭიროებს, როგორსაც ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედები (ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია). უნდა ითქვას ისიც, რომ ქალს სხვადასხვა რასის მშობლები ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მეთოდით ამა თუ იმ წარმომავლობის მქონე ინდივიდების განკურნებაა შესაძლებელი.
პაციენტს აივ ინფექცია 2013 წელს დაუდგინდა, 2017-ში კი მას ლეიკემიის დიაგნოზიც დაუსვეს. მალევე, მან ვირუსის გამანეიტრალებელი მუტაციის მქონე დონორისგან ჭიპლარის სისხლი მიიღო და ამავდროულად, ახლო ნათესავისგან ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, რომელმაც მისი იმუნური სისტემა გააძლიერა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამან დაიცვა ის იმ გვერდითი ეფექტებისგან, კერძოდ, უცხო სხეულის მიუღებლობისგან, რომელიც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას მოჰყვება.
ქალი პროცედურის შემდეგ 37 თვის განმავლობაში ანტივირუსულ პრეპარატებს იღებდა. აქედან უკვე 14 თვე გავიდა და ის ინფექციისგან სრულად თავისუფალია.
კომენტარები