ჰარვარდის პროფესორს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკაფიო გამოსახულებების მოპოვება სურს
აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის პროფესორი, ავი ლიობი უკვე მრავალი წელია, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ხმამაღლა საუბარს არ გაურბის. მან ახლახან Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს, ამ საკითხს ხალხიცა და სამეცნიერო საზოგადოებაც უფრო სერიოზულად მოეკიდოს.
ის გეგმმავს, რომ მომდევნო წლებში ამ უჩვეულო მოვლენების ამსახველი, მაღალი გარჩევადობის ფოტომასალა მოიპოვოს.
"ძალიან მინდა, მომავალმა თაობამ UFO-ზე თავისუფლად იმსჯელოს და ეს პოპულარულ ტენდენციად იქცეს. ვიმედოვნებ, რომ რაიმე უცნაურისთვის ხარისხიანი ფოტოების გადაღება ან მისი არსებობის მტკიცებულების ხელში ჩაგდება, რაც სრულიად შესაძლებელია, ყველაფერს შეცვლის", — ამბობს ლიობი.
შეგახსენებთ, რომ მეცნიერი ყურადღების ცენტრში გასულ წელსაც მოექცა. მან თავის წიგნში გამოთქვა მოსაზრება, რომ ვარსკვლავთაშორისი ობიექტი, სახელად ოუმუამუა, რომელიც ჩვენს მზის სისტემას 2017 წელს ეწვია, შესაძლოა, სინამდვილეში არამიწიერი ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილი ტექნოლოგიის ნიმუში ყოფილიყო. თუმცა, კოლეგები მას არ დაეთანხმნენ.
ამჟამად ლიობი პროექტ გალილეოს ხელმძღვანელობს, რომლის ფარგლებშიც 100-ზე მეტი სპეციალისტი მუშაობს. მათი მიზანია, ააგონ ტელესკოპთა ქსელი, რომლის მეშვეობითაც უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიურ არტეფაქტებს აღმოაჩენენ. პირველი ასეთი ხელსაწყო ამ ზაფხულს სწორედ ჰარვარდის უნივერსიტეტის კუთვნილ ობსერვატორიაში განთავსდება. ის კვირაში ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს, ასევე, ინფრაწითელი კამერებით, რადიო/აუდიო სენსორებითა და მაგნიტომეტრით აღიჭურვება.
ასტრონომს იმედი აქვს, რომ UFO-სთან დაკავშირებულ ვიზუალურ მასალას შემდეგ 2 წელში მოიპოვებს და ახალგაზრდა მეცნიერებს დააინტერესებს, რომლებიც ამ საკითხის გამოკვლევას სხვათა ცინიკური დამოკიდებულების გამო გაურბიან.
კომენტარები