ასტრონომებმა შორეული ეგზოპლანეტისა და დედამიწის ატმოსფეროებს შორის მსგავსება აღმოაჩინეს
ასტრონომებმა ჩვენგან დაახლოებით 322 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ექსტრემალური ეგზოპლანეტის, WASP-189b-ის ატმოსფერო შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის დედამიწისას ჰგავს. კერძოდ, მისი აირადი გარსი რამდენიმე ფენას აერთიანებს, რომელსაც განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა და მახასიათებლები აქვს.
WASP-189b იმ იშვიათი ციური სხეულების რიცხვში შედის, რომელთაც ცხელ იუპიტერებს იწოდებენ. ისინი, მზის სისტემის ამ პლანეტის მსგავსად, აირის გიგანტები არიან და საკუთარ ვარსკვლავთან ძალიან ახლო მანძილზე გადაადგილდებიან. შესაბამისად, მათი ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ორბიტული პერიოდი კი — 10 დღეზე ნაკლები.
თავად ეს ეგზოპლანეტა იუპიტერზე 1.6-ჯერ დიდია და მნათობის ირგვლივ მოძრაობას სულ რაღაც 2.7 დღეს ანდომებს. მის ზედაპირზე სიცხე 3,200ºC-მდე ადის. ის, ასევე, სიკაშკაშით გამოირჩევა, რაც მას ატმოსფერული გამოკვლევებისთვის შესაბამის კანდიდატად აქცევს.
სპეციალისტებმა აღნიშნული შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და ვარსკვლავისგან WASP-189b-ის ატმოსფეროში შემავალი სინათლე გააანალიზეს, რომელსაც იქ თავმოყრილი ნივთიერებები შთანთქავს და ამ პროცესში სპექტრულ კვალსაც ტოვებს. ეს მათი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, რაც მეცნიერებმა ლა-სილიის ობსერვატორიის ერთ-ერთი ხელსაწყოს, HARPS-ის მეშვეობით მოახერხეს და დაასკვნეს, რომ გარკვეული ცვლილებები სწორედ ფენების არსებობით აიხსნება.
გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა იქ რკინის, ტიტანის, ქრომის მაგნიუმის, ვანადიუმისა და მანგანუმის აირებს მიაგნეს. ასევე, ტიტანის ოქსიდს, რომელიც ეგზოპლანეტაზე აქამდე არ დაუფიქსირებიათ. ის მოკლე ტალღების მქონე რადიაციას შთანთქავს, როგორიც, მაგალითად, ულტრაიისფერი გამოსხივებაა. და, სავარაუდოდ, დედამიწის ოზონის შრის ანალოგია.
ცხელი იუპიტერების შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცით. გაურკვეველია ისიც, თუ როგორ ფორმირდებიან ისინი მნათობთან ასე ახლოს. იმედოვნებენ, რომ ზემოხსენებული მონაცემები მათ უკეთ შესწავლაში, ხოლო გამოყენებული ტექნოლოგია არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში დაგვეხმარება.
კომენტარები