5 ყველაზე იღბლიანი ადამიანი მსოფლიოში,
ნათქვამია, იღბალი მომეცი და სანაგვეზე დამსვიო. რაც იმას ნიშნავს, რომ იღბლიან ადამიანს ნებისმიერი ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლა შეუძლია, მაგრამ შეიძლება, ისინი უფრო იღბლიანები არიან, ვინც გამოუვალ მდგომარეობაში არც არასდროს ვარდებიან. თუმცა ვინც ისეთ სიტუაციებში არ ხვდება, სადაც იღბალი საჭიროა, საკუთარ ბედს ვერ ცდის და არც იცის, რეალურად რამდენი კარგი რამ შეიძლება შეემთხვას ცხოვრებაში.
ბევრ ადამიანს ისეთ დროს უმართლებს, როცა თვითონ საერთოდ არ მოელის და არც კი ფიქრობს, რომ ამ დროის შეიძლება რამე ზებუნებრივის ჩარევა დასჭირდეს.
აი, მაგალითად, როგორც ამ პატიოსან ადამიანს, რომელიც მშვიდად, თავისთვის გადადიოდა ზებრაზე და ვერც კი იფიქრებდა, რომ სიკვდილი წამებსა და სანტიმეტრებში ასცდებოდა:
აქ კი ორ ადამიანს გაუმართლა, მძღოლს, რომელსაც შუა რელსებზე მანქანა ჩაუქრა და მისდა საბედნიეროდ იქვე კეთილი და ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც სიკვდილისგან იხსნა:
ხოლო თვითონ ამ კეთილ ადამიანს გაუმართლა, რომ მისი ტვინი კარგად მუშაობს, სწრაფი რეაქცია გამოავლინა და ტანიც დაიმორჩილა. აი, მოტოციკლეტზე რომ ზის, ის ტიპი, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ძალიან ცუდი ტიპია. ბოლოს და ბოლოს გაჰყოლოდა ამას და თუ მიწოლაში არ ეხმარებოდა რელსიდან გადმოექაჩა.
მოკლედ, იღბლიანი ადამიანები ჩვენ გარშემო ბევრნი არიან. ზოგი კი იმდენად იღბლიანია, რომ ძნელია არ შეგშურდეს. აი, მაგალითად ეს პიროვნებები:
1. ნიჩირენი
იაპონელი ბუდისტი ბერი ნიჩირენი, რომელსაც, ერთი შეხედვით, პორტრეტის მხატვარში არ გაუმართლა, სიკვდილს ისე იღბლიანად გადაურჩა, რომ ხელისუფლებამ გაათავისუფლა და საქმე დახურა. საქმე ისაა, რომ XIII საუკუნეში, ნიჩირენი დააკავეს და ხელისუფლების წინააღმდეგ დაწერილი წინასწარმეტყველების გამო სიკვდილი მიუსაჯეს.
სასჯელის აღსრულების დროს, როცა ჯალათმა ხმალი მაღლა აწია და ის იყო ბერისთვის თავი უნდა მოეკვეთა მეხი დაეცა და ადგილზე მოკლა.
2. ფრენკ სელაკი
ფრენკი სიკვდილს შვიდჯერ გადაურჩა. პირველად თვითმფრინავის კარიდან გადმოვარდა და თივის ზვინზე დაეცა - თვითონ თვითმფრინავი ჩამოვარდა და 19 ადამიანი მოკვდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, ავტობუსი, რომელშიც ის მგზავრობდა მდინარეში გადავარდა, ოთხი მგზავრი დაიხრჩო, ხოლო ფრენკი გამოძვრა და მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრით გამოცურა ნაპირზე.
რამდენიმე წლის შემდეგ იარაღი გაუვარდა და გენეტალიებში გაირტყა - თქვენ წარმოიდგინეთ, და გადარჩა.
1970 და 1973 წლებში ავარიაში მოყვა და მის მანქანას ორივეჯერ ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ ის ორივეჯერ გადარჩა.
1995 წელს ავტობუსი დაეჯახა - ისევ გადარჩა.
რამდენიმე წლის შემდეგ, ტრასაზე მის მანქანას ტრაილერი შეასკდა, ფრენკი მანქანიდან გადმოვარდა და გზის კიდეზე დაეცა, ხოლო მისი მანქანა 150 მეტრის სიღრმის უფსკრულში ჩავარდა.
და ეს ყველაფერი არ არის, 2003 წელს, 73 წლის რომ გახდა, დაბადების დღეზე ლატარიის ბილეთი აჩუქეს და აბა გამოიცანით რა მოხდა? $1.1 მილიონი მოიგო.
3. ბილ მორგანი
ბილ მორგანი ავსტრალიელი კაცი იყო, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და 14 წუთის განმავლობაში მკვდარი იყო. შემდეგ ის შემოაბრუნეს და როცა საავადმყოფოდან გამოწერეს, გადარჩენის აღსანიშნავად გადასაფხეკი ლატარიის ბილეთი იყიდა - დიახ, სწორად გამოიცანით, მოიგო და თანაც მანქანა, რომლის ღირებულებაც $27 000 იყო.
მისი ისტორიით ავსტრალიური ტელეარხი დაინტერესდა, ისინი ბილთან მივიდნენ და სთხოვეს, რომ სიუჟეტისთვის ლატარიის ბილეთი ეყიდა და გადაეფხიკა.
აი, თვითონ ნახეთ რა მოხდა:
ჰო, არ მოგესმათ და არ მოგეჩვენათ, ბილმა სიუჟეტის გადაღებისას $250 ათასი მოიგო.
4. ცუტომუ იამაგუჩი
ამ ადამიანის შესახებ ბევრჯერ გექნებათ გაგონილი და, სავარაუდოდ, არც გჯერათ, რომ რეალურად არსებობდა. ცუტომუ მიცუბიშის თანამშრომელი იყო და ერთ-ერთი სამსახურეობრივი მივლინების დროს, 1945 წლის 6 აგვისტოს, ჰიროსიმაში იმყოფებოდა. სწორედ ამ დღეს ჩამოაგდეს ამერიკელებმა აქ ატომური ბომბი. ცუტომუ გადარჩა და არათუ გადარჩა, თავის მშობლიურ ნაგასაკიშიც დაბრუნდა, სადაც, უკვე 9 აგვისტოს, ამერიკელებმა მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდეს. ცუტომუ ამ აფეთქებასაც გადაურჩა.
ამის შემდეგ, ის ატომური იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი გახდა. 2009 წელს იაპონიის მთავრობამ ის ოფიციალურად აღიარა ორივე აფეთქების დროს გადარჩენილად.
ცუტომუ იამაგუჩი 2010 წლის 4 იანვარს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
5. მარტინ დე იონგი
მარტინ დე იონგი სიკვდილს 4 თვის განმავლობაში ორჯერ გადაურჩა. რატომაა ეს შემთხვევა განსაკუთრებული? იმიტომ რომ პირველად მარტინი MH370-ის ბორტზე უნდა ყოფილიყო. ეს ის რეისია, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინისკენ მიფრინავდა და რადარებიდან გაუჩინარდა, ხოლო მის კვალს დღემდე ვერ მიაკვლიეს. მარტინი ამ თვითმფრინავში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ბილეთი გააუქმა და კუალა-ლუმპურში დარჩენა გადაწყვიტა. წარმოიდგინეთ, მარტინის სახე და შვებით ამოსუნთქვის სიმძლავრე, როდესაც ის გააანალიზებდა, როგორ გაუმართლა. მართალია, თვითმფრინავის გაუჩინარება და ხალხის დაღუპვა ეწყინებოდა, მაგრამ გადარჩენა აუცილებლად გაუხარდებოდა.
4 თვის შემდეგ მარტინმა, რომელიც ამჯერად ამსტერდამში იმყოფებოდა და კუალა-ლუმპურისკენ ჰქონდა გეზი აღებული, MH17-ის ბილეთი კვლავ ბოლო მომენტში გააუქმა. ეს ის რეისია, რომელსაც უკრაინის ცაზე რუსებმა ბუკის ტიპის რაკეტა ესროლეს და ჩამოაგდეს. მარტინი ალბათ ამჯერადაც დაიშოკა და გასაკვირიც არ იქნება თუ აღმოჩნდება, რომ თვითმფრინავით მგზავრობაზე საერთოდ უარი თქვა. ბოლოს და ბოლოს იმ მიზეზით, რომ თუ თვითონ უმართლებს - სხვებს თარსავს.
კომენტარები