NBA-ს 2016-2017 წლის რეგულარული სეზონის დასრულებამდე რამდენიმე თამაშიღაა დარჩენილი. საპლეიოფო კონტურები თითქმის ბოლომდე მოიხაზა. რასელ უესტბრუკმა ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის ლეგენდარული რეკორდი დაამხო და ლიგას 42 სამმაგი დუბლით ლიდერობს. კევინ დურანტი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და უორიორსი ფინალური მარშისთვის ემზადება. ჯეიმს ჰარდენი MVP-ს ტიტულისთვის ბრძოლაში წელსაც დამარცხდება. გრეგ პოპოვიჩის სუპერ მოხუცი გუნდი, ტიმ დანკანის გარეშეც, სტაბილურად ფავორიტია. შემდეგი კვირიდან ოცნებების მიწაზე პლეიოფი იწყება.

მაშ ასე, ორიოდე სიტყვა დასავლეთ კონფერენციის ფავორიტებზე.

1. გოლდენ-სტეიტ უორიორსი

ფოტო: NBA


წინა სეზონში ოკლენდელებმა NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხელშეუხებელი რეკორდი დაამხეს.

97-98 წლების ჩიკაგო ბულსმა რეგულარული სეზონი 72 მოგებითა და მხოლოდ 10 მარცხით დახურა. რთულად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ფილ ჯექსონის იმ ლეგენდარული გუნდის შედეგის გამეორება შესაძლებელი იყო. მაიკლ ჯორდანი, სკოტი პიპენი და დენის როდმანი - ამ სამი კალათბურთელის სახელს უკავშირდება მაიკლის პირველი დაბრუნების შემდეგ ზედიზედ სამი ტიტულის მოგება. ESPN-ის ვერსიით ყველა დროის საუკეთესო კოლექტივში ასევე ირიცხებოდა უორიორსის დღევანდელი მთავარი მწვრთნელი სტივ კერი, რომელსაც მაშინ ოქროს ბიჭუნას ეძახდნენ.

შარშანდელი სეზონის სტარტზე სწორედ მან თქვა, რომ ბულზის გამარჯვებების საიდუმლო მაიკლ ჯორდანის თვალებში იყო - ისინი უბრალოდ ყველას აფრთხილებდნენ, რომ გამარჯვება აუცილებლად მაიკლს უნდა დარჩენოდა. ამ მიზნისთვის მიმავალ გზაზე მის უჰაერესობას (His Airness) არანაირი კომპრომისი არ აინტერესებდა. თუმცა რეკორდები სწორედ იმისთვისაა, რომ დაემხოს. და ყველასთვის გასაკვირად ეს სტეფ კარიმ, დღევანდელმა ოქროს ბიჭუნამ, და მისმა სუპერ მსროლელმა კოლექტივმა შეძლეს.

15-16 წლების სეზონის ბოლოს უორიორსის ანგარიშზე 73 გამარჯვება იყო მხოლოდ 9 მარცხის პირისპირ! წარმოუდგენელი შედეგი - წარმოუდგენელი სეზონის შემდეგ. ისტორია გადაიწერა. მაგრამ იყო ერთი “მაგრამ” და ის გოლდენ-სტეიტს სუპერ ფინალში ანთებული თვალებით ელოდა. ლებრონ ჯეიმსს არც რეკორდი და არც სხვა რამ აინტერესებდა. ოჰაიოს ტიტულს ის ძალიან ბევრი წლის წინ დაპირდა და კავალიერსის რიგით მესამე ფინალურ მარცხს ვერაფრით დაუშვებდა. შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით. საინტერესო კი ისაა, რომ თურმე ამ ახალი რეკორდის შემოქმედი გუნდის კოლექტივის კიდევ უფრო გაძლიერება შესაძლებელი ყოფილა და უორიორსი წლევანდელი სეზონისთვის ერთი ორად შეიცვალა.

შარშანდელი ზაფხულის მთავარი სატრანსფერო თემა კევინ დურანტის თავისუფალი აგენტობა იყო. ყველაზე მეტად სავარაუდო ოკლაჰომაში დარჩენა ჩანდა, თუმცა კევინმა რას უესტბრუკის პასის ლოდინს ოკლენდში ჩასვლა და დიდი ოთხეულის შექმნა ამჯობინა. დიდ სამეულებს აქამდე მიჩვეული ვიყავით და რამდენიმე მათგანმა ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურა, თუმცა სტეფ კარის, კლეი ტომპსონის, დრეიმონდ გრინისა და კევინ დურანტის კვარტეტის შექმნით ოკლენდელებმა ოცნების ახალი გუნდი შექმნეს.

კევინის გუნდში ასაყვანად უორიორსის დირექტორატს შარშანდელი შემადგენლობიდან ორი საკვანძო მოთამაშის გაშვება მოუწია. ჰარისონ ბარნსი და ენდრიუ ბოგატი დალასის გზას გაუდგნენ. მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე, ლაპარაკიც არაა, რომ კარგი მოთამაშის ნაცვლად გოლდენ სტეიტმა სუპერვარსკვლავი დაიმატა, თუმცა ცენტრის შეცვლა არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ ბოგატი უკვე ვეტერანია და თან ხშირად ტრავმიანობს, გუნდისთვის მაინც შეუცვლელი ფიგურა იყო. განსაკუთრებით კი დაცვაში, სადაც თამაში ავსტრალიელის მთავარი კოზირი იყო. ისედაც სუპერ შემტევი გუნდი (114,9 ქულა საშუალოდ შარშან) დურანტის დამატებით კიდევ უფრო შემტევი (116,2 ქულა საშუალოდ წელს) გახდა, თუმცა სახელფასო ჭერიც შეივსო და ცენტრის პოზიციაზე სასურველი კანდიდატის მოძიება მით მეტად გაძნელდა. გუნდის გენერალური მენეჯერის ბობ მაიერსის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოცემულ სიტუაციაში მან თითქმის იდეალურ კანდიდატურას მიაგნო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ვაშინგტონ ვიზარდს $20 მილიონზე უარი უთხრა და ოკლენდში მხოლოდ $2,9 მილიონს დასთანხმდა. ფაჩულიას მოტივაცია მარტივია - მაღალ ხელფასს ვარსკვლავურ გუნდში მოხვედრა და საჩემპიონო ბეჭდის აღების შანსი სჯობს.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სამ წამიანის ისეთივე კარგი დამცველი არ არის, როგორიც ენდრიუ ბოგატი, თავისი შრომისმოყვარეობით, ჭკვიანური თამაშით, პარკეტზე დაუღალავი მოძრაობითა და მუდამ გუნდური ინტერესის პირველ ადგილზე დაყენებით, ჩვენი ნაკრების კაპიტანი კალიფორნიის სუპერ გუნდის სასტარტო ხუთეულის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.

ძირითადი ხუთეული

  • PG - სტეფ კარი
  • SG - კლეი ტომპსონი
  • SF - კევინ დურანტი
  • PF - დრეიმონდ გრინი
  • C - ზაზა ფაჩულია

ბობ მაიერსი 2014-2015 წლის სეზონის საუკეთესო გენერალური მენეჯერი გახდა. წელსაც მთავარი ფავორიტია. ბოლო სამი სეზონია უორიორსი რეგულარ სეზონს დამაჯერებლად იგებს. ყველაზე შემტევი და ორგანიზებული კოლექტივია. და რაც მთავარია შემადგენლობა მუდამ დაბალანსებული ჰყავს. სწორედ ამ მიზეზით მივიდა გუნდში გამოცდილი ვეტერანი, ყველაფრის მნახველი, აგრესიული დევიდ უესტი, რომელიც ბეჭდის საძიებლად სან ანტონიოს შემდეგ ამჯერად კალიფორნიაში აღმოჩნდა. Shot-blocker-ი ცენტრის ძიებისას, გუნდმა მივიწყებულ ჭირვეულ ჯაველ მაკგის მიაგნო, რომელიც ლეგენდარული შაკილ ო’ნილის ფავორიტი მოთამაშეა. მაკგი არასანდო პერსონაა, თუმცა სკამიდან შემოსვლისას, ლიმიტირებულ სათამაშო დროში, საკმარისზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. სათადარიგოების ლიდერია სუპერ ფინალების MVP ანდრე იგუოდალა, რომელიც, როგორც წესი პლეიოფებში უმატებს და მეტად სახიფათო ხდება. ლებრონის შეჩერების მისია, მის გუნდში, სწორედ მას აკისრია. ასევე სეზონის ბოლოს, დურანტის ტრავმიანობის პერიოდში, გუნდს ძირძველი კალიფორნიელი მეტ ბარნსი დაემატა, რომელიც მშობლიურ შტატში მე-11 სეზონს ატარებს.

სხვა მხრივ შემადგენლობა სეზონის მიმდინარეობისას მეტად აღარ შეცვლილა.

სათადარიგოები:

  • PG - შონ ლივინგსტონი
  • SG - იან კლარკი
  • SF - ანდრე იგუოდალა, მეტ ბარნსი
  • PF - დევიდ უესტი
  • C - ჯაველ მაკგი

მიუხედავად იმისა, რომ სტეფ კარი სამ ქულიანი ხაზიდან კარიერის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს აფიქსირებს [41%], მისი სეზონი მაინც MVP-ს კალიბრისაა. კლეი ტომპსონს ქულების მხრივ სარეკორდო რეგულარული აქვს [22,5 ქულა], დრეიმონდ გრინი წლის საუკეთესო დამცველის პრიზისთვის კვლავ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ზაზა თავის საქმეს აკეთებს და თუ კევინიც ჯანმრთელად იქნება, ფინალამდე მიმავალი გზაზე ოკლენდელებს წინ რთულად თუ ვინმე გადაუდგება.

2. სან ანტონიო სპურსი

ფოტო: NBA

1997-1998 წლების სეზონიდან მოყოლებული, რაც გრეგ პოპოვიჩი სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელია, სპურსს პლეიოფი არ გამოუტოვებია. ეს 20 წლიანი ოდისეა აშშ-ს ოთხივე მთავარი სპორტისთვის სარეკორდოა.

ისევე, როგორც ყოველთვის, პოპოვიჩის ერაში, სან ანტონიო სპურსი ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

რაში მდგომარეობს გრეგის საიდუმლო? - დიდ სამეულში (Big 3)? ტიმ დანკანში? სათამაშო სისტემაში? პასუხის მიგნება რთულია. პოპის ლიგაში ყოფნის პერიოდში, ნბა მრავალჯერ შეიცვალა.

იყო მაღლების (Big men) დროება; პიკენროლების (Pick and roll); დაცვის; სწრაფი ტემპის (uptempo basketball offense); დაბალი ხუთეულების; 3 ქულიანების. სან ანტონიო კი მუდამ ფავორიტია. ნებისმიერ შემადგენლობით და ნებისმიერი მოწინააღმდეგის არსებობის პირობებში.

გუნდიდან ლიგის ისტორიაში საუკეთესო მძიმე ფორვარდი (Espn-ის ვერსიით), ხუთივე საჩემპიონო გუნდის საძირკველი და პოპოვიჩის მთავარი კოზირი ტიმ დანკანი წავიდა. და მიუხედავად ამხელა დანაკლისისა, წლევანდელ გუნდს არაფერი დაეტყო. მართალია, როგორც ყველა დიდ მოთამაშეს შეეფერება, ტიმიც სეზონის დასკვნით ნაწილში უმატებდა ხოლმე და შესაძლოა მისი არ ყოფნა პლეიოფში დაეტყოს გუნდს, თუმცა ფაქტია, რომ 5 ბეჭდის მომტანი დიდი ტრიოსგან ლამის აღარაფერია დარჩენილი, მაგრამ გუნდი მაინც ფავორიტია.

ჯინობილის ფიზიკური კონდიციები და სათამაშო დრო უკვე წლებია იკლებს. პარკერმა სისწრაფე დაკარგა და შარშანდელი მარცხი ოკლაჰომასთან, მეტწილ, სწორედ მისი მარცხია სუპერ ენერგიულ რას უესტბრუკთან. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, გუნდი ცხრილის სათავეს მაინც არ სცილდება.

უორიორსის მთავარი მეტოქე სწორედ ტეხასური გუნდია. კავაი ლეონარდი MVP-ს და DPOY-ს (წლის საუკეთესო დამცველი) მთავარი ფავორიტია. ის სპურსის სისტემაში იდეალურად ზის და პოპოვიჩი ახალი გუნდის აწყობას მასზე აპირებს. ამ საქმეში მისთვის მეწყვილეობის გაწევას ლამარკუს ოლდრიჯი რამდენად შეძლებს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, დღეს, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მაღალია. სხვა მხრივ კი, სან ანტონიო როგორც ყოველთვის სტაბილურობის გარანტია.

შარშანდელი სეზონი დანკანისთვის ბოლო იყო და ამიტომ გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა ტიმისთვის მე-6 ბეჭედი გაეტანებინა (კობი ბრაიანტს 5, ხოლო მაიკლ ჯორდანს 6 საჩემპიონო ბეჭედი აქვს). ამისთვის ისედაც მოხუც კოლექტივს, კიდევ რამდენიმე ვეტერანი დაემატა - კევინ მარტინისა და ანდრე მილერის სახით. გუნდს იდეალური რეგულარული სეზონი ჰქონდა - სპურსის ისტორიაში საუკეთესო (67 მოგება - 15 მარცხი). თუმცა, ტიმისთვის სამწუხაროდ, ახალგაზრდულმა და ენერგიულმა სანდერსმა, პოპის ბიჭებს, ფინალისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა.

წლევანდელი სეზონი კი განახლების დასაწყისია. გუნდი ნელ-ნელა სულ ახალ რელსებზე გადავა. ტიმს, მანუ და ტონიც მიყვებიან და კავაი ლეონარდის გუნდი ისევე სტაბილური, თუმცა განსხვავებული იქნება.

სასტარტო ხუთეულს ეს ჯერ არ ეტყობა. დანკანი პო გასოლით ჩანაცვლდა, შემდეგ კი, პოპოვიჩის სქემის შესაბამისად, სათადარიგო სკამის გასაძლიერებლად რეზერვში გადავიდა და ადგილი დუეინ დედმონდს დაუთმო, რომელსაც ლიგა ტყუილად არ აფასებს და აგერ სპურსში შეეტყო, რომ საჭირო და გამოსადეგი მოთამაშეა.

სასტარტო ხუთეული:

  • PG - ტონი პარკერი
  • SG - დენი გრინი
  • SF - კავაი ლეონარდი
  • PF - ლამარკუს ოლდრიჯი
  • C - დუეინ დედმონი


სათადარიგოები:

  • PG - პატი მილსი
  • SG - ემანუელ ჯინობილი,ჯონათან სიმონსი
  • SF - კაილ ანდერსონი, დეივის ბერტანსი
  • PF - დევიდ ლი
  • C - პო გასოლი


ტეხასელების მთავარი გამოწვევა სისწრაფეა. მიუხედავად იმისა, რომ იუტა ჯაზის შემდეგ, ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავთ, სწრაფი და ფეთქებადი უკანახაზელების წინააღმდეგ დაბერებულ სპურსს ძალიან უჭირს. შარშანაც ეგრე იყო და წელს სავარაუდოდ კიდევ უფრო დაეტყობათ. თან მნიშვნელოვანი დამატება ამ პოზიციებზე არ გაუკეთებიათ.

ტონი პარკერი დაცვის თამაშით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ მისი ეს მხარე სისწრაფის დაკარგვამ კიდევ უფრო დაასუსტა. პატი მილსი, მისი სიმაღლიდან გამომდინარე, ისედაც არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. ჯინობილიმაც დაკარგა ათლეტურობა და ისედაც ლიმიტირებულ დროში, მისი პროდუქტიულობა უფრო შეტევის გამრავალფეროვნებისკენ იქნება მიმართული. არგენტინელის ჯადოქრობა რომ არა, ამ ბეჭდებს ვერ მოვიპოვებდითო, 2007 წელს თქვა პოპოვიჩმა.

დაცვაში სპურსი იმედს ყოველთვის დენი გრინზე ამყარებდა, თუმცა ბოლო 2 სეზონია მას შესამჩნევი რეგრესი აქვს. ასე რომ, ისევ კავაი ლეონარდს მოუწევს სტეფ კარის, ჯეიმს ჰარდენის, კრის პოლისა თუ რას უესტბრუკის წინააღმდეგ თამაში, თუმცა, ეს, მთელი სერია ვერ გაგრძელდება და სპურსს თავისი მინუსები აქ დაეტყობა.

შემადგენლობის სიღრმით მუდმივად გამორჩეულ გუნდს, უკანახაზელების პრობლემა აქვს. გასაღები აქაც გრეგ პოპოვიჩის თავში იმალება. პოპი სისუსტეების გადაფარვას გუნდური დაცვის პირობებში შეეცდება. და თუ როგორ შეძლებს სპურსი ამას, მეორე წრიდან აუცილებლად გამოჩნდება.

3. ჰიუსტონ როკეტსი / ოკლაჰომა სიტი სანდერი

ეს გუნდები უკვე დაწყვილდნენ საპლეიოფოდ და სწორედ მათ შორის გამარჯვებული მიმაჩნია მთავარ ფავორიტად გოლდენ-სტეტისა და სანა ანტონიოს შემდეგ.

ა. ჰიუსტონ როკეტსი

მაიკ დ’ანტონი წლის საუკეთესო მწვრთნელობის მთავარ ფავორიტად ითვლება.

დ’ანტონიმ, ჩავარდნილი წლებისა და სტივ ნეშის ფორმაციის ფინიქსის შემდეგ, თავისი სისტემა ყველაზე კარგად სწორედ ჰიუსტონს მოარგო და შესაშური რეაბილიტაცია მოახდინა.

წლევანდელი სეზონის სტარტზე როკეტსი მნიშვნელოვნად გადახალისდა. გამოიცვალა მთავრი მწვრთნელი. დუაიტ ჰოვარდი მშობლიურ ატლანტაში დაბრუნდა. შესაბამისად, შეიცვალა გუნდის სათამაშო სტილი. ჰოვარდის წასვლის შედეგად გუნდმა უფრო მოიგო, ვიდრე წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ დუაიტი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია, მისმა წასვლამ გუნდს სწრაფი კალათბურთის თამაშის შესაძლებლობა მისცა (uptempo basketball offense).

დ’ანტონიმ ჰარდენი გამთამაშებლის პოზიციაზე გადმოწია და ბურთი მთლიანად მის განკარგულებაში დატოვა.

დირექტორატმა ორი სარისკო, თუმცა, როგორც დრომ აჩვენა, სუპერ წარმატებული ტრანსფერი განახორციელა - გუნდს დაემატნენ შეტევასა და შორიდან ტყორცნაზე ორიენტირებული მძიმე ფორვარდი რაინ ანდერსონი და მსროლელი ერიკ გორდონი. ცენტრის პოზიციაზე კი ახალგაზრდა, წარმოშობით შვეიცარელი, კლინტ კაპელა დადგა. დაცვის თამაში დაევალათ პატრიკ ბევერლისა და ტრევორ არიზას და რომ არა მათი სათანადო გარჯა, ისედაც შეტევაზე ორიეტირებული გუნდი, საერთოდ დაიკარგებოდა დაცვის თამაშისას.

სასტარტო ხუთეული:

  • PG - ჯეიმს ჰარდენი
  • SG - პატრიკ ბევერლი
  • SF - ტრევორ არიზა
  • PF - რაიან ანდერსონი
  • C - კლინტ კაპელა

წლის საუკეთესო გენერალური მენეჯერისთვის ბრძოლაშიც თავისი ფავორიტი ჰყავს როკეტსსაც - დერილ მორი, რომელმაც მშვენიერი კოლექტივი შეკრა. სასტარტო ხუთეულის მიღმა ბრძოლისუნარიანი სათადარიგოები დგანან.

ერიკ გორდონი კარიერას ისე იწყებოდა, რომ სუპერ ვარსკვლავების დონეზე უნდა გასულიყო, თუმცა ხშირმა ტრავმიანობამ ხელი შეუშალა და ფორმის პიკში ახლაღა შედის.

MVP-ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატიც ხომ ჰიუსტონიდანაა - ჯეიმს ჰარდენი!

და წლის მეექვსე კაცის ჯილდოც (sixth man of the year) დიდი ალბათობით როკეტსის მოთამაშეს ერგება. ერთი სწორედ ერიკ გორდონია, რომელიც სტეფ კარის შემდეგ პირველი იყო რეგულარულის მიმდინარეობისას სეზონში გამოყენებული სამქულიანების რაოდენობით და მეორე თებერვალში ლეიკერსიდან გადმოყვანილი ლუ უილიამსი, რომელიც კარიერის სეზონს ატარებს - 17,7 ქულით სათადარიგოებში მთელ ლიგაში საუკეთესოა.

დერილ მორიმ არც ვეტერანების სამსახურზე თქვა უარი და გუნდში ბრაზილიელი ნენე ჰილარიო მოიყვანა, რამაც როკეტსის მეორე ეშელონიც შეკრა და ჰიუსტონი ყველასთვის არასასურველ მეტოქედ აქცია.

სათადარიგოები:

  • PG - ლუ უილიამსი
  • SG - ერიკ გორდონი
  • SF - სემ დეკერი
  • PF - მო ჰარელი
  • C - ნენე

ბ. ოკლაჰომა სიტი სანდერი

ფოტო: NBA

რეგულარული სეზონის მთავარი მოვლენა რას უესტბრუკმა შექმნა. კუნინძა რაფაელმა (ეს რასის ზედმეტსახელია) 42 სამმაგი დუბლით ყველა დროის ერთ-ერთი ურთულესი რეკორდი დაამხო და წლევანდელი MVP-ს თემა დღის წესრიგიდან მოხსნა. ფენომენალური სეზონის შემდეგ, მას წინ ვერავინ დაუდგება. არადა ჯეიმს ჰარდენმა, ლებრონ ჯეიმსმა და კავაი ლეონარდმაც შესაშური თამაში აჩვენეს.

დურანტის წასვლის შედეგ ბურთი მთლიანად უესტბრუკის ხელში გადავიდა და შესაბამისად, ბურთის გამოყენების საერთოდ მაჩვენებლით (Usage Rate) ლიგას ლიდერობს კიდეც.

შედარებისთვის, ლებრონის პროცენტული მაჩვენებელი 29.8%-ია, ხოლო რასის - 41.8%.

ოკლაჰომა სეზონის წინ, დურანტთან ერთად, გუნდის მეორე ლიდერსაც დაემშვიდობა. ორლანდოსკენ გზას სერჟ იბაკა გაუყენა, რომელსაც ბოლო 2 სეზონში საგრძნობლად მოკლებული ჰქონდა. სანაცვლოდ კი, ოკს-მა, მეჯიქიდან, ვიქტორ ოლადიპო, ერსან ილიასოვა და დომანტას საბონისი (2016 წლის პირველი რაუნდის 11 პიკი) მიიღო.

ჯეიმს ჰარდენის გუნდიდან წასვლის შემდეგ, მსროლელის პოზიცია მუდმივად პრობლემური იყო და ოლადიპომ ეს ნიშა წარმატებით ამოავსო.

სეზონის სტარტზე ილიასოვაც გაცვალეს ფილადელფიაში 2020 წლის პირველი რაუნდის პიკთან ერთად და სანაცვლოდ ჯერემი გრანტი მიიღეს, რომელიც მინიმალურ კონტრაქტზეა და თავის ხელფასთან შედარებით სოლიდური მოთამაშეა. განსაკუთრებით აგრესიული დაცვითა და დაფარებების სიმრავლით გამოირჩევა.

თებერვლის ტრეიდების დედლაინზე სანდერსის დირექტორატმა კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი გაცვლა გაახერხა. ჩიკაგოსკენ გზას გაუდგნენ კამერონ პეინი, რომელიც პოტენციურად კარგი მოთამაშეა და შეიძლება ელიტურ გამთამაშებლადაც ჩამოყალიბდეს, თუმცა ოკლაჰომაში 2 წელი უნაყოფოდ გაატარა; ენტონი მოროუ, რომელიც ერთ დროს კარგი მსროლელი იყო, თუმცა დღეს მისი ფასი ნულია; და ჯეფრი ლოვერნი - ფრანგი ცენტრი, რომელმაც სეზონის წინ გაცემული იმედები ვერ გაამართლა და ღრმა სათადარიგოებში ჩაიკარგა. სანაცვლოდ ილინოის შტატიდან მოვიდნენ ტაჯ გიბსონი და დაგ მაკდერმოტი. ტაჯი უმალ ძირითადის წევრად იქცა, ხოლო დაგმა, როგორც სანდო მსროლელმა, გუნდის შეტევითი არსენალი მეტად გაამრავალფეროვნა.

სასტარტო ხუთეული:

  • PG - რას უესტბრუკი
  • SG - ვიქტორ ოლადიპო
  • SF - ანდრე რობერსონი
  • PF - ტაჯ გიბსონი
  • C - სტივენ ადამსი

მიუხედავად იმისა, რომ ოკლაჰომა მთლიანად რასელის გუნდია და მხოლოდ ისაა კოლექტივის უპირობო ლიდერი, სემ პრესტის, გუნდის გენერალური მენეჯერის, საქებად უნდა ითქვას, რომ სეზონის ბოლომდე მისტერ “სამმაგ დუბლს” დაბალანსებული, საინტერესო და ახალგაზრდული შემადგენლობა შემოუკრიბა ირგვლივ.

სტივენ ადამსი და ანდრე რობერსონი გუნდმა დრაფტიდან აიყვანა და გულშემატკივრების სიყვარული განსაკუთრებით მათ ერგოთ. რასის გუნდში ორივეს მთავარი საზრუნავი დაცვაში თამაშია, თუმცა ადამსმა შარშანდელ პლეიოფში ყველას დაანახა, რომ არც ფარის ქვეშიდანაა ცუდი შემტევი.

ვიქტორ ოლადიპოს შემცვლელია ესპანელი ახალწვეული ალექს აბრინესი, რომელიც ნბა-სთვის ჯერ ფიზიკურად სუსტია, თუმცა ევროპელებისთვის დამახასიათებელი რბილი სროლა ნამდვილად აქვს.

გამთამაშებლის პოზიციაზე სემაი კრისტონი და სეზონის ბოლოს მოსული, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ნორის კოული დგანან. გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი და ყველაზე მხცოვანი ოკლაჰომელი ნიკ კოლისონი რეგულარულში ნაკლებად დაიტვირთა, თუმცა ორი აზრი არაა, ადრე თუ გვიან, მისი გამოცდილება გუნდს აუცილებლად დასჭირდება.

მანამდე კი, ნიკი გუნდის ორ ახალგაზრდა მაღალს მენტორობას უწევს: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო, ევროპელის არვიდას საბონისის შვილს დომანტასს და თურქ ცენტრ ენეს კანტერს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის დონეზე მაინც რომ იცოდეს დაცვის თამაში, მისი ფასი კაცი არ იქნებოდა ნბა-ში.

სათადარიგოები:

  • PG - სემაი კრისტონი, ნორის კოული
  • SG - ალექს აბრინესი
  • SF - დაგ მაკდერმოტი, ჯერამი გრანტი, კაილ სინგლერი
  • PF - დომანტას საბონისი, ნიკ კოლისონი
  • C - ენეს კანტერი

რეგულარ სეზონს მეოთხე-მეხუთე ადგილებზე დაასრულებენ ლოს ანჯელეს კლიპერსი და იუტა ჯაზი. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, რომელ მათგანს ერგება მოედნის უპირატესობა, თუმცა ამ ეტაპზე რომელიმეს სუპერ ფინალში გასვლის შანსები მიზერულად მეჩვენება, ამიტომ მათზე მოგვიანებით.

ასევე იხილეთ: NBA - საჩემპიონო შანსები აღმოსავლეთიდან