SpaceX-ის რაკეტა მთვარეს მალე უკონტროლოდ შეეჯახება — რა იქნება შემდეგ
SpaceX-ის რაკეტის საფეხური, 6-წლიანი მოგზაურობის შემდეგ, სადაცაა საბოლოო "დანიშნულების ადგილს" მიაღწევს და მთვარეს დიდი სიძლიერით შეეჯახება. იგი კოსმოსში, პირველად ფლორიდიდან, 2015 წელს გაგზავნეს პლანეტათშორისი მისიის ფარგლებში.
Ars Technica-ის უწყებით, ხომალდ Falcon 9-ის მეორე საფეხური 2015 წლის თებერვალში ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ტელესკოპის კოსმოსში ასატანად გამოიყენეს. დედამიწაზე ჩამოვარდნის ნაცვლად, იგი პლანეტასა და მთვარეს შორის არსებულ გრავიტაციაში გაიჭედა.
ბილ გრეიმ, დედამიწასთან მოახლოებული ობიექტების სათვალთვალო პროექტის Project Pluto შემქმნელმა, მოყვარულ და პროფესიონალ ასტრონომებთან ერთად ახლახან აღმოაჩინა, რომ რაკეტა მთვარის შორეულ მხარეს 4 მარტს შეეჯახება. ეს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ბუნებრივ თანამგზავრზე კრატერების ფორმირებას დააკვირდნენ, რაც ნამდვილად იშვიათი შესაძლებლობაა.
გრეის თქმით, თუკი მკვლევრები შეჯახების ზუსტ ადგილს განსაზღვრავენ, შეძლებენ კიდეც, ახალი მეტეორიტული კრატერი დაინახონ და, დიდი ალბათობით, მთვარის ამ ნაწილის გეოლოგიის შესახებაც გაიგებენ რამეს.
რაკეტა დაახლოებით ოთხ ტონას იწონის და მთვარეს 5800 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახება. შესაბამისად, სავარაუდოდ, დაკვირვებებისათვის საკმაო ზომის კრატერსაც წარმოქმნის.
მთვარეზე ცოდნის გასაღრმავებლად ეს ნამდვილად კარგ შესაძლებლობას შემოგვთავაზებს, თუმცა სხვა მხრივ იდეალურისგან შორსაა — ჩვეულებრივ, რაკეტები იმგვარადაა შექმნილი, რომ დედამიწაზე უკან იგზავნება და ატმოსფეროში შემოსვლისას იწვის.
რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ SpaceX-მა მას შემდეგ დიდი გზა განვლო და კომპანიის რაკეტებს დაშვება უკვე შეუძლია, ჩვენ კი ამასობაში ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებასა და ახალ მიგნებებს დავუცადოთ.
კომენტარები