რა ხდება, როდესაც მარიხუანას აღარ მოიხმარ — რას ამბობს მეცნიერება
კვლევების მიხედვით, კანაფის აქტიურად მოხმარებისთვის თავის დანებება გარკვეულ სიმპტომებს აჩენს. თუმცა, საბედნიეროდ, ეს უფრო მსუბუქი და ხანმოკლე პროცესია, ვიდრე სხვა ნივთიერებების შემთხვევაში. ყველაზე გავრცელებული სიმპტომი შეიძლება იყოს შფოთვა, გაღიზიანება, მადის დაკარგვა და უცნაური სიზმრები.
ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის თავის დანებება, როგორიცაა ჰეროინი და კოკაინი დეპრესიის განვითარებასთან და სიამოვნების შეგრძნების შემცირებასთანაა დაკავშრებული. კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის შემთხვევაში მთლად ასე არ არის. ეს ნიშნავს, რომ მარიხუანას სისტემური მოხმარებისთვის თავის დანებება იგივე შედეგებს არ იწვევს, რაც კოკაინისა და ჰეროინის შემთხვევაშია.
თუმცა, გარკვეული ხარისხის აფექტური დისტრესი მოსალოდნელია. მეტიც, მარიხუანას რეგულარული მოხმარება CB1 რეცეპტორის — მთავარი ნეიროტრანსმიტერი — საგრძნობ შემცირებას იწვევს. CB1 რეცეპტორების დაქვეითება დაკავშირებულია პროდუქტიულობის შემცირებასთან, რაც შეიძლება იყოს მთავარი პრობლემა კანაფის ხშირი მომხმარებლებისთვის, როდესაც ისინი მოწევას შეწყვეტენ.
თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ CB1 რეცეპტორების დეფიციტი, როგორც წესი, მარიხუანას მოხმარებისთვის თავის დანებებიდან ოთხი კვირის განმავლობაში აღდგება. ამიტომ, ასეთი სიმპტომები დიდი ხნით არ გრძელდება. ზოგადად, მოწევის შეწყვეტის შემდეგ პირველი კვირა ყველაზე მძიმედ ითვლება.
კვლევების თანახმად, კანაფის პრობლემურ მომხმარებლებს მსგავსი სიმპტომები მოწევისთვის თავის დანებებიდან 2-3 დღეში ეწყებათ. თუმცა, ეს სიმპტომები ძირითადად 4 დღეში ქრება და საბოლოოდ მისგან გათავისუფლება 1-2 კვირაში ხდება.
სხვა სიმპტომები, როგორიცაა ძილის გაძნელება და შემაწუხებელი სიზმრები, თავის პიკს დაახლოებით ცხრა ან ათ დღეში აღწევს. ეს შემაწუხებელი ფაქტორები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი სიმპტომები 6 კვირის განმავლობაშიც გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ასეთი სიმპტომები მარიხუანას პრობლემურ მომხმარებლებს უჩნდებათ. პრობლემური მომხმარებელი კი შეიძლება იყოს ის ვინც მარიხუანას მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიურად მოიხმარს.
კომენტარები