Novelty — აპლიკაცია, რომელიც საერთო ინტერესების ადამიანებს აკავშირებს
პანდემიამ ადამიანებს შორის კონტაქტი, ღონისძიებების დაგეგმვა, სწავლა თუ სხვა სოციალური აქტივობები გაართულა. ურთიერთობები მეტწილად ონლაინ, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომ ისეთი პლატფორმის არსებობა, რომელიც თანამოაზრეებთან მხოლოდ ონლაინ კავშირის დამყარების კი არა, რეალურ სივრცეში უსაფრთხო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობასაც შექმნის, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ადამიანების კიდევ უფრო დასაახლოებლად ქართველმა ძმებმა, გიორგი და ნიკა ქორელებმა, სტენფორდის უნივერსიტეტში სრულად დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი — Novelty შექმნეს.
Novelty — აპლიკაცია, რომელიც საერთო ინტერესების ადამიანებს აკავშირებს
აპლიკაცია 1 წლის წინ, სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა და უკვე რამდენიმე ათასი მომხმარებელი ჰყავს. Novelty-მ სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებს პანდემიისას კავშირის შეუფერხებლად დამყარების, საქმიანი შეხვედრების გამართვისა თუ სოციალური კავშირების დამყარების შესაძლებლობა მისცა.
გიორგი ქორელმა Stanford Daily-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ აპლიკაცია სხვა სოციალური ქსელებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბების და უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, რაც უბრალო ციფრული ნაცნობობის იდეას აღემატება.
Novelty-ის იდეა გიორგი ქორელს გაუჩნდა, რადგან სტენფორდის სტუდენტებთან დაკავშირების სურვილი გაუჩნდა, რაც პანდემიამ ბევრად გაართულა, თანაც, ხშირად კავშირების დამყარებისთვის საჭირო დროც ნაკლებად გვაქვს.
"იმ სტუდენტების გაცნობის ალბათობა, რომლებსაც შენნაირი ინტერესები აქვთ, ძალიან დაბალია. ამ პროცესს დაბნეულობაც ახლავს თან. შენი ძირითადი სოციალური ჯგუფის გარეთ კავშირების დამყარების ეფექტური გზა არ არსებობს", — აღნიშნა Stanford Daily-სთან საუბრისას გიორგიმ.
ამიტომაც გიორგი ქორელმა ძმასთან, დეველოპერ ნიკა ქორელთან ერთად მოსახერხებელი საკომუნიკაციო საშუალების შექმნა გადაწყვიტა. პლატფორმა თაობა Z-ისთვისაა გათვლილი და მხოლოდ სატელეფონო აპლიკაციის ფორმით არსებობს.
Novelty ადამიანთა ინტერესებსა და მისწრაფებებზე აკეთებს ფოკუსს და ასე ცდილობს, საერთო სურვილებისა და საჭიროებების ადამიანები დააკავშიროს.
ივნისიდან აგვისტომდე აპლიკაციას სტენფორდის 450 სტუდენტი შეუერთდა, 235 ღონისძიების მოთხოვნა გაიგზავნა და 23 სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა, რაც პოპულარული ღონისძიების ადგილების ერთგვარ ბაზას ქმნის. ეს კი ორგანიზების პროცესს სხვებსაც უადვილებს.
აპლიკაციის გამორჩეული მახასიათებლები
სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, Novelty მხოლოდ თქვენ მიერ არჩეული ინტერესების შესაბამის კონტენტს გიჩვენებთ, რაც თქვენთვის უინტერესო, არასაჭირო ინფორმაციას ავტომატურად ფილტრავს.
ნოველთის პირადი მიმოწერის სისტემა სამ სხვადასხვა ჯგუფად იყოფა, რაც ღონისძიების ორგანიზატორებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ დასწრების მოთხოვნას ან უარყონ ის. ესენია:
- საჯარო ღონისძიებები, როგორიც სპორტული აქტივობები, დიდი შეკრებები და სხვა მასობრივი წამოწყებებია;
- ღონისძიებები, რომლებზე დასასწრებადაც მოწვევა ან ორგანიზატორის დასტურია საჭირო, მაგალითად საკლუბო ღონისძიებები თუ სხვა ჯგუფური აქტივობებია;
- და ბოლოს, დახურული ღონისძიებები, რომელზე დასასწრებადაც კონკრეტული ინტერესები თუ უნარებია საჭირო.
გარდა ამისა, აპლიკაცია ღონისძიებების ორგანიზატორებს მოტივაციის ასამაღლებლად ერთგვარ ჯილდოს სთავაზობს და კრიპტოვალუტას — Novelty-ის ჩუქნის. კრიპტოვალუტა ორგანიზატორებს პრემიუმ პაკეტით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს და ამასთანავე, მისი გაცვლაც შეიძლება და განაღდებაც.
კრიპტოვალუტა Novelty — დამატებით შემოსავლის წყარო
ნიკა ქორელის თქმით, პლატფორმის მომხმარებლებსა და ორგანიზატორებს აქტივობების მიხედვით დამატებითი შემოსავლის მიღება შეეძლებათ, რომლის განაღდებას ან პრემიუმ ფუნქციებით სარგებლობისთვის გამოყენებას შეძლებენ.
"გვინდა კონტენტის შემქმნელებს მოტივაცია მივცეთ, ამისთვის ჩვენივე კრიპტოვალუტა — Novelty შემოვიღეთ, რომელიც წარმატებული ღონისძიების შემქმნელებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება და მისი განაღდების შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, ჩვენი ტოკენით აპლიკაციის პრემიუმ ფუნქციებით სარგებლობაც იქნება შესაძლებელი. ეს პროცესი დეცენტრალიზებული იქნება, რაც იმას გულისხმობს, რომ პლატფორმის მომხმარებლები განსაზღვრავენ, რამდენად წარმატებული იყო ღონისძიება და ამ პრინციპით მიენიჭება ორგანიზატორს ტოკენები. ამასთან, ტოკენების გამომუშავებას რიგითი მომხარებლებიც შეძლებენ, რომლებიც პლატფორმის აქტიურ მუშაობას უწყობენ ხელს, მაგალითად, მეგობრის მოწვევით ტოკენის მიღების შესაძლებლობა ექნებათ", — გვიხსნის ნიკა.
პლატფორმა წინასწარშემუშავებული წესების მიხედვით განსაზღვრავს გამომუშავებული ტოკენების ოდენობას. მაგალითად, თუ ღონისძიებამ 40 ადამიანის მოწონება დაიმსახურა, ფიქსირებული ტოკენების გამომუშავება იქნება შესაძლებელი, რაც უფრო მეტია კმაყოფილი მომხმარებელი, მით მეტია სარგებელი. ტოკენი ახალ ბლოქჩენ პლატფორმა Solana-ზეა დაფუძნებული, რომელიც სხვა პლატფორმებისგან იმით განსხვავდება, რომ ტრანზაქციები ბევრად გამარტივებული და სწრაფია.
Novelty-ის კრიპტოვალუტა სიახლეა, რომელზე მოთხოვნის გაზრდა პლატფორმის მომხმარებლების ანგარიშზე არსებული ტოკენების ფასს ბევრად გაზრდის.
აპლიკაციაზე მომუშავე გუნდი და სამომავლო გეგმები
ნიკა ქორელის თქმით, აპლიკაციის სხვა საუნივერსიტეტო კომუნებში გავრცელებასაც აპირებენ, თუმცა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეების ათვისებას არ აპირებენ.
"პირველად მასშტაბირებას საუნივერსიტეტო კომუნებში ვაპირებთ, მაგრამ ცხადია, რომ მხოლოდ უნივერსიტეტებით არ შემოვიფარგლებით და აპლიკაციას ფართო საზოგადოებაშიც გამოვცდით. ჩვენთვის უნივერსიტეტები კომუნის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენენ, რას სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავარი აქცენტი მუდამ უნივერსიტეტებზე იქნება. უნივერსიტეტების გარდა, არსებობენ კომპანიებიც, რომლებიც, სხვა ყველაფერთან ერთად, კომუნებიც არიან და შიდა ორგანიზაციულ ღონისძიებებს ატარებენ. აი, აქ შემოვდივართ ჩვენ: თუ კომპანიას, ორგანიზაციას, სახელმწიფო დაწესებულებას თუ სოციალურ ქსელს სურს, რომ მის თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს – ჩვენი პლატფორმა მას ამის საშუალებას მისცემს. ქვეყნებზე თუ გადავალთ, გეტყვით, რომ ამ ეტაპზე, სტენფორდის უნივერსიტეტზე ვართ ორიენტირებულნი, რადგან ეს გარემო სწრაფი ზრდის საშუალებას იძლევა. თუმცა, რასაკვირველია, ვფიქრობთ როგორც საქართველოზე, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებზე, თუმცა ეს განვითარების შემდეგი ნაბიჯი იქნება", — აღნიშნა Forbes Georgia-სთან საუბრისას ნიკამ.
აპლიკაციაზე მომუშავე გუნდი მსოფლიოს გარშემო მცხოვრებ 15 ადამიანს აერთიანებს. გუნდის ძირითადი წევრები აშშ-ში ცხოვრობენ, მათ შორის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქორელიც. ასევე ამერიკიდან ხორციელდება აპლიკაციის მენეჯმენტი და მარკეტინგი. დეველოპერები კი როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში და ინდოეთში ჰყავთ.
ამჟამად Novelty-ს გუნდში 4 ქართველი დეველოპერია, თუმცა, ნიკას თქმით, ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა უნდათ.
"ამჟამად 4 ქართველ დეველოპერთან ვთანამშრომლობთ, თუმცა, ამ რიცხვის გაზრდა გვინდა, ამიტომ ნიჭიერ ახალგაზრდებს ვეძებთ, რომელთაც ტრენინგს გავატარებთ და შევასწავლით იმ პროგრამულ ენებს, რომელთაც ვიყენებთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეველოპერებს დისტანციურად მუშაობა შეეძლებათ", — გვეუბნება ნიკა.
განვითარების ეტაპზე მყოფ აპლიკაციას ამჟამად მარტო სტენფორდის უნივერსიტეტში 5000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, 10 ათასი ადამიანი კი მომლოდინეთა სიაშია და ისინი აპლიკაციაზე წვდომას მაშინვე მიიღებენ, როგორც კი იგი სხვა კომუნებზე გავრცელდება.
ნიკა ქორელის თქმით, აპლიკაცია იმ კომპანიების კონკურენტია, რომლებიც ღონისძიებების დაგეგმვით არიან დაკავებული და ორ მნიშვნელოვან პრობლემაზე აკეთებენ აქცენტს — კომუნიცირებასა და ინფორმაციულ ორგანიზებაზე.
"ორი მთავარი პრობლემა, რომელთა მოგვარება გვსურს: კომუნიცირება და ინფორმაციული ორგანიზებაა. ამისთვის მომხმარებლებს რამდენიმე არჩევანს ვთავაზობთ: მომხმარებლებს სტუმართა და მომლოდინეთა სიის შედგენის საშუალებას ვაძლევთ, სხვადასხვა სახის მარკეტინგულ ხელსაწყოს ვთავაზობთ და ღონისძიების შემდგომი უკუკავშირის მოგროვების სისტემაც გვაქვს. ამგვარად, ღონისძიებების მეშვეობით, ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას ვთავაზობთ. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ მობილურ აპლიკაციას კონსიერჟის სერვისიც დავუმატოთ – ამ ფუნქციონალის დახმარებით, მაგალითად, სხვა სერვისებთან ერთად, დი-ჯეის მოწვევაც იქნება შესაძლებელი", — ამობს Forbes Georgia-სთან ნიკა.
აპლიკაციის შემქმნელები მომხმარებლების მოთხოვნებს მუდმივად ითვალისწინებენ და მაქსიმალურად ინტერაქციული და მობილური სივრცის შექმნაზე ზრუნავენ, რაც ჩატის, მოწონების გამომხატველი რეაქციებისა და ღონისძიების განხილვის თუ უკუკავშირისთვის გამოყოფილი ველის ინტეგრირებას მოიცავს.
Novelty-ით სარგებლობა Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებს თანაბრად შეუძლიათ.
კომენტარები