ბურჭულაძის პარტია საქართველოს შეცვლის ამბიციით – რეპორტაჟი პირველი ყრილობიდან
სპორტული კომენტატორი, ჟურნალისტი, ეკონომისტი, ბიზნესმენი – ეს არის იმ ადამიანთა პროფესიების მცირე ჩამონათვალი, რომელიც პაატა ბურჭულაძემ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე შექმნილი პარტიის სახეებად წარადგინა. მან მთავარ მიზნად "საქართველოს შეცვლა" დაასახელა.
სახელმწიფო ხალხისთვის – პირველი ყრილობა
28 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის ახალი პარტიის, “სახელმწიფო ხალხისთვის” ყრილობა გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა გუნდის წევრების და პარტიის მიზნების შესახებ.
პარტიის ყრილობაზე მისულმა მოქალაქეებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან ახალი სპორტის სასახლის სტადიონი გაავსეს.
ყრილობა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მოქალაქეები მოედანზეც იყვნენ შეკრებილნი და სიტყვით გამომსვლელთათვის შემაღლებული სცენა იყო მოწყობილი.
ყრილობაზე მისულმა პარტიის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი სიტყვით გამოსვლამდე არ გააკეთა, თუმცა მედიის წარმომადგენლებს პარტიის რამდენიმე სახესთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.
ნინო ნადირაძე-კუზანოვას თქმით, ის მიიჩნევს, რომ პარტიის საარჩევნო სიაში შევა, რადგან თავის თავს ცენტრალურ მოთამაშედ მიიჩნევს.
ანალოგიურად, საარჩევნო სიაში ყოფნას აპირებს სპორტული კომენტატორი და ბურჭულაძის სიის ერთ-ერთი სახე ლაშა დვალიშვილი, რომელმაც ასევე თქვა, რომ პარტია საარჩევნო სიაზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
საარჩევნო სიაში მოხვედრაზე კომენტარი არ გაუკეთებია მერაბ მეტრეველს, თუმცა მან მედიას განუცხადა, რომ საარჩევნო სიაც და პროგრამაც “თავის დროზე” გახდება ცნობილი.
ყრილობა პოლიტოლოგს და პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ხათუნა ლაგაზიძეს მიჰყავდა. მისი თქმით, შეკრების მიზანი ახალი სახელმწიფოს შექმნაა, რომელიც მოქალაქეებზე იქნება ორიენტირებული:
“ჩვენ შევქმნით შესაძლებლობებს ახალგზარდებისთვის, დავიცავთ უფროს თაობას და ვიზრუნებთ სიღატაკის დასამარცხებლად”.
ლაგაზიძის თქმით, აქამდე ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა არ გაკეთებულა მთავარი:
“გალამაზდა ბათუმი, დაიგო გზები, აშენდა სკოლები, მაგრამ არ გაკეთდა მთავარი, სახელმწიფო არ იყო ხალხისთვის”.
ყრილობის წამყვანმა აღნიშნა, რომ ახალი პარტიის საშუალებით ხელისუფლებაში მოვა ხალხი და ამის ნათელი მაგალითი მათი ლიდერი პაატა ბურჭულაძეა.
დარბაზში შეკრებილმა სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებმა პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს პაატა ბურჭულაძე.
დელეგატები იყვნენ გურიიდან, აჭარიდან, სამცხე-ჯახავეთიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო- ქართლიდან, შიდა-ქართლიდან, ოსური თემიდან, სვანეთიდან, რაჭიდან, აფხაზეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.
თითოეული დელეგატი თავისი მხარის, რეგიონის თუ ქალაქის მოქალაქეების სახელით საუბრობდა.
ამის შემდეგ დარბაზში პარტიის ახლადარჩეული თავჯდომარე პაატა ბურჭულაძე გამოჩნდა, რომელსაც საზოგადოება ოვაციებით შეხვდა.
ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ – ბურჭულაძის წინასაარჩევნო დაპირებები
ბურჭულაძემ თავისი სიტყვა პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე საუბრით დაიწყო:
“ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით, ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო და შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც ხალხისთვის იქნება, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკაში კი არა, ხელისუფლებაში მოვდივართ და ეს გარდაუვალია”.
პაატა ბურჭულაძეს თავის სიტყვაში კონკრეტული მესიჯი ჰქონდა, რომელიც მან რამდენჯერმე გაიმეორა:
“ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტიანი ვიდრე წინა მთავრობები, ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარეები და სამართლიანები, ვიდრე წინა მთავრობები”.
პაატა ბურჭულაძის თქმით, მის პარტიას აქვს გეგმა, როგორ გააძლიეროს ქვეყანა ეკონომიურად და როგორ დაუბრუნოს სოფელს და მიტოვებულ და დაცარიელებულ რეგიონებს სიცოცხლე.
პაატა ბურჭულაძემ იმედგაცრუებული მოხუცი ქალის ისტორია მოყვა, რომელიც ბურჭულაძის თქმით დარწმუნებული იყო, რომ 2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ “ქვეყანა სწორ გზაზე დადგებოდა”, თუმცა ახლა არჩევნებზე წასვლაც აღარ უნდა.
“2012 წელს ყველამ ასე გავიჭირვეთ, თქვენმა სიმამაცემ შეცვალა უსამართლო ხელისუფლება და დღეს არავის აქვს უფლება რამე დაგამადლოთ და საკუთარ თავზე აიღოს ეს გამარჯვება” - მიმართა ბურჭულაძემ საქართველოს მოქალაქეებს თავის სიტყვაში.
ბურჭულაძის თქმით, ხალხის გამარჯვებას გაგრძელება სჭირდება, რადგან მისი თქმით, არც ქართული ოცნება იყო ხალხისთვის მოსული ხელისუფლებაში.
ბურჭულაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მასაც გაუცრუა იმედები:
“ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ”.
ბურჭულაძემ სანდრო გირგვლიანის მამას მიმართა და უთხრა, რომ ის კანონის ფარგლებში იზრუნებს, რომ მურუსიძე მოსამართლე აღარ იყოს:
“სამართალი დღემდე არ აღმდგარა. გირგვლიანის [საქმის] მოსამართლე მურუსიძესთან ერთად ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდა ქართული ოცნების სახით, და შედეგიც სახეზეა, გინდა რუსთავი 2-ის სასამართლოები და გინდა ე.წ. კაბელების საქმის განაჩენი”.
ბურჭულაძის თქმით, მისი პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” გაათავისუფლებს სასამართლოს იმ პოლიტიკური გავლენისგან, რომელიც მას წინა ხელისუფლებებისგან მოჰყვება.
ბურჭულაძის თქმით, მათი პარტია ღიაა ყველასთვის, ვინც თავს აღარ მოიტყუებს:
“ღია ვართ მათთვის, ვინც ქვეყნის მომავალს ნატოსა და ევროკავშირში ხედავს, ვინც არ შეეგუება ოკუპაციას და ვისი მთავარი ღირებულებაც მშვიდობაა”.
პარტიის თავმჯდომარემ თანასწორობაზეც გააკეთა აქცენტი:
“საქართველოს ნამდვილი პატრიოტები აქ არიან, ის ვინც დაიბადა საქართველოში განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა, ყველა ქართველია”.
პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრები
ბურჭულაძემ თავისი გუნდის წევრები დაასახელა, ესენი არიან:
- ქეთი ნიჟარაძე - ფილლოგი, მწერალი, 8 წიგნის ავტორი;
- ალექსანდრე ბაკურაძე - მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი;
- ტარიელ ჭულუხაძე - პოლიტოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული;
- გოჩა ჭელიძე - ეკონომისტი, ბურჭულაძის თქმით სვანეთის განვითარების საქმეში წვლილი აქვს შეტანილი;
- ბექა ჟვანია - თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
- გიგა ფარტენაძე - აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი;
- კობა ჩიხლაძე - ქუთაისის ახალგაზრდობის წარმომადგენელი;
- არტიომ ჰამბარცუმიანი - დელეგატი სამცხე-ჯავახეთიდან;
- ორხან პივერდიევი - გუნდის ლიდერი ქვემო-ქართლიდან;
- ირმა დაუშვილი - ბიზნესმენი;
- ირაკლი ყიფიანი - ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი;
- გიორგი პაპავა - ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტი და ეკონომიკური გუნდის წევრი;
- ზაზა მეფარიშვილი - იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი;
- ნინო ნადირაძე-კუზანოვა - კარდიოლოგი;
- გიორგი პაპელიშვილი - "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი და ორგანიზატორი;
- გიორგი თაქთაქიშვილი - ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი;
- ლაშა დვალიშვილი - სპორტული კომენტატორი;
- ლადო კახაძე - "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი;
- მერაბ მეტრეველი - ჟურნალისტი;
- გიორგი რუხაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
- ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტოლოგი.
ბურჭულაძის თქმით, მისი გუნდი კიდევ გაიზრდება და მან საზოგადოებას პარტიაში გაერთიანებისკენ მოუწოდა. პოლიტსაბჭოსა და საარჩევნო სიის შემადგენლობა დღეს არ გამხდარა ცნობილი.
“სახელმწიფო ხალხისთვის” მხარდამჭერმა კახა იოსებაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ იმიტომ უჭერს მხარს ბურჭულაძის პარტიას, რომ მას სწამს ახლადშექმნილი გუნდის წევრების:
“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმია, ასე კონკრეტულად ვერ დავასახელებ რომელი მომწონს, თუმცა თვითონ ლიდერიც და გუნდიც მჯერა, რომ კეთილსინდისიერი და საქმის გამკეთებელია, და კიდევ ბევრი კარგი ადამიანი შეემატება”.
ერთ-ერთი მხარდამჭერის, რეზო ჯორბენაძის თქმით, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას არ გადაწყვეტდა, სიტუაციის გამოსწორება რომ არ შეეძლოს:
“იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ ბატონი პაატა თავისი ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარე ხალხზე იზრუნებს, მჯერა. პიროვნულად ჩამოყალიბებულია და იგრძნო, რომ თავისი ადგილი ამოწურა სადაც იყო და ახალ სივრცეში გადადის, მას დიდი სიყვარული აქვს ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ”.
შეხვედრის დასასრულს პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ შანსებზე არ ისაუბრებს, თუმცა მისი მოსვლის შემდეგ ყველა პარტია ოპოზიციაში გადავა და პარტიებს თანამშრომლობისკენ და მეგობრობისკენ მოუწოდა.
კომენტარები