როგორ იქმნება ქალაქები და უბნები, სადაც ადამიანს ცხოვრება მოსწონს და სად აქვს თბილისს ასეთი გარემოს შექმნის ყველაზე მეტი შესაძლებლობა? თანამედროვე ურბანული დაგეგმარება პასუხს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაში აღარ ეძებს. ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი გარემოს შექმნა, სადაც საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, კულტურული, კომერციული და მწვანე სივრცეები ერთიან სისტემად მუშაობს.

არქიტექტორისა და სტუდია MLA+ დამფუძნებელის, მარკუს აპენცელერის, აზრით, თბილისის ჩრდილოეთ უბნებს ამისათვის ყველა საჭირო ინგრედიენტი აქვს: ჩამოყალიბებული სამეზობლოები, წვდომა მეტროსთან, სამრეწველო მემკვიდრეობა და უზარმაზარი სივრცეც სიახლეებისთვის. ეს იმის პოტენციალსაც ქმნის, რომ ქალაქის განაპირა ტერიტორიები ახალ ურბანულ ცენტრებად იქცეს.

"მხოლოდ სტრუქტურაღა გვაკლია, რომელიც ამ ელემენტებს ერთმანეთთან დააკავშირებს და თბილისის ჩრდილოეთ ნაწილს თვალსაჩინო ცენტრს შესძენს", — On.ge-სთან საუბრისას განაცხადა მარკუს აპენცელერმა, პროფესორმა და მკვლევარმა, რომელიც საერთაშორისო არქიტექტურული და ურბანისტული სტუდია MLA+-ის დამფუძნებელია.

საზოგადოებრივი სივრცეების როლი დაგეგმარებაში

მარკუს აპენცელერის ხედვით, ქალაქის დაგეგმარებისას საზოგადოებრივ სივრცეებს ფუნდამენტური დანიშნულება აქვს.

"საჯარო სივრცე არაა რაღაც, რაც შენობებისა და გზების დაგეგმვის შემდეგ შემორჩება. ეს ფუნდამენტური ურბანული ინფრასტრუქტურაა", — განმარტა მან.

მისი თქმით, მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ სივრცეებს — ლანდშაფტურ პარკებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ზონებს — არაერთი მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს: ისინი ერთმანეთთან აკავშირებენ სამეზობლოებს, ხელს უწყობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობას, ქმნიან სივრცეს სოციალური ინტერაქციისთვის და ხელს უწყობენ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, ხარისხიან საჯარო სივრცეებს ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს: ისინი მჭიდრო განაშენიანებას მიმზიდველობას მატებენ, ხელს უწყობენ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტორთა ნდობასაც ზრდიან.

"სარგებელი ცალკეული უძრავი ქონების საზღვრებსაც სცდება. შეიძლება იმ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებაც გაუმჯობესდეს", — აღნიშნა ურბანისტმა On.ge-სთან საუბრისას და დაამატა:

"ქვეყნის განვითარების ხარისხი საბოლოო ჯამში არა გეგმებითა თუ ინვესტიციების მაჩვენებლით, არამედ იმ სივრცეებში გამოიხატება, რომლებსაც ადამიანები იზიარებენ".

თბილისის ჩრდილოეთ უბნების უნიკალური პოტენციალი

თბილისის ჩრდილოეთ ნაწილს უნიკალური რესურსი აქვს და ამაზე მარკუს აპენცელერმაც გაამახვილა ყურადღება. ამაში მოიაზრება უბნის მასშტაბი, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, ბუნებრივი ლანდშაფტი და მდიდარი სამრეწველო ისტორია. მეორე მხრივ, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიების მაგალითზე რომ განვიხილოთ, დღეს ეს არეალი ხშირად ნაცრისფერ იზოლირებულ სივრცედ აღიქმება.

"დღეს გამზირის დიდი ნაწილი ღობეების, ავტოფარეხების, ავტოსახელოსნოებისა და უფუნქციო პერიმეტრებისგან შედგება. ეს ტერიტორიას იმაზე იზოლირებულად წარმოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია", — გვითხრა მარკუს აპენცელერმა.

სწორი დაგეგმარების ფარგლებში ეს ბარიერები ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს აქტიური ფასადებით, საზოგადოებრივი მარშრუტებით, შესასვლელებითა და შესაბამისი ლანდშაფტით.

"გურამიშვილის გამზირს აქვს პოტენციალი, რომ სატრანსპორტო დერეფანზე მეტი იყოს — იგი შეიძლება ახალი უბნის სავიზიტო ბარათად იქცეს", — დაამატა აპენცელერმა.

მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ თბილისის ცენტრალური უბნების იმიტირებას არ ვეცადოთ. თბილისის ჩრდილოეთ უბნებს უკვე მკაფიო იდენტობა აქვს, რომელიც მათ სხვა უბნებისგან გამოარჩევს, გასაღები კი რეალურად მის გაძლიერებაში უნდა ვეძიოთ — ინდუსტრიული მემკვიდრეობის, არსებული ხე-მცენარეულობისა და თანამედროვე ურბანული ფუნქციების სინთეზში. ურბანისტის აზრით, მნიშვნელოვანია არა ცალკეული, იზოლირებული საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, არამედ მრავალფუნქციური გარემოს ფორმირება.

"მიზანია სრულყოფილი უბანი, რომელშიც საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები, კულტურა, განათლება, რეკრეაცია და ლანდშაფტი ერთმანეთს შეავსებს", — აგვიხსნა მან.

თბილისის ჩრდილოეთ უბნების პოტენციალის ამგვარი რეალიზება შეიძლება პოლიცენტრული თბილისის შექმნაშიც დაგვეხმაროს, რომ მნიშვნელოვანი კულტურული წერტილები და ეკონომიკური პოტენციალი მხოლოდ რამდენიმე ცენტრალურ უბანში აღარ იყოს თავმოყრილი.

მომავალი მარკუს აპენცელერის თვალთახედვით

საქალაქო გარემოს სწორი დაგეგმვა მომავალში ჩადებული გრძელვადიანი ინვესტიციაა. ურბანისტის გამოცდილებით, ქალაქი ერთ წელიწადში არ იქმნება — მისი ფორმირება ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს.

"ამ მასშტაბის უბნის რეალიზაციას წლები დასჭირდება", — აღნიშნა აპენცელერმა — "გენერალური გეგმით მაქსიმალურად ზუსტად უნდა განისაზღვროს ელემენტები, რომლებიც დროთა განმავლობაში უცვლელად შენარჩუნდება — საჯარო სივრცეები, სატრანსპორტო კავშირები, ლანდშაფტი, სოციალური ინფრასტრუქტურა და კულტურული მემკვიდრეობა. ამავდროულად გეგმამ მოქნილობა უნდა შეინარჩუნოს ცალკეული შენობების დიზაინისა და მათი მომავალი დანიშნულების მიმართ".

მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა განაშენიანების ინტენსივობასა და საზოგადოებრივ ღირებულებას შორის ბალანსის პოვნაა: პროექტი მასშტაბური უნდა იყოს, რომ თავს დაფინანსება მოუტანოს, თუმცა ამას არ უნდა შეეწიროს მწვანე საფარი და ღია სივრცეები, რომლებიც ამ ადგილს მთავარ ღირებულებას ანიჭებს.

"დავინახავთ, რომ ზრდა სულაც არ ნიშნავს სამრეწველო ისტორიის წაშლას ან ხეების განადგურებას. განაშენიანებით შეიძლება სიმჭიდროვე და ეკონომიკური ღირებულება გავზარდოთ, ამის პარალელურად კი ქალაქის ახალი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ნაწილი შევქმნათ", — თქვა მარკუს აპენცელერმა.