"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ" სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ორგანიზაციის განმარტებით, საჩივარში მოთხოვნილია, რომ სასამართლომ დარღვეულად ცნოს საბა სხვიტარიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

"საბა სხვიტარიძის საქმის შესწავლას "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ორი ბლოგი მიუძღვნა, რომლებიც გამოქვეყნდა გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასების ეტაპებზე.

საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელი მოწმეების ცრუ ჩვენებებსა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის უხეში დარღვევის შედეგად მოპოვებულ არასარწმუნო მტკიცებულებებს, უგულებელყო რა, ამასთანავე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გამამართლებელი მტკიცებულებები. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ხარვეზები, ერთობლიობაში, სერიოზულ ეჭვებს აჩენს საბა სხვიტარიძის მიმართ ჩატარებულ სისხლის სამართლის საქმისწარმოების სამართლიანობასთან და შიდა სასამართლოების მიერ მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის არგუმენტების სათანადოდ შეფასებასთან დაკავშირებით.

დაკავებისას და პოლიციის შენობაში მიყვანისას საბა სხვიტარიძე პოლიციელთა მხრიდან ასევე დაექვემდებარა ძალადობრივ ქმედებებს. მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას საბა სხვიტარიძე ცალკე საჩივრით გაასაჩივრებს," — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

2025 წლის 3 სექტემბერს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარ, კოალიცია ცვლილებისთვის წევრ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავდაპირველად პროკურატურა სხვიტარიძეს პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდა და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მოგვიანებით, საბა სხვიტარიძეს ბრალი 120-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ბრალდება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე. ამ შემთხვევაში ჯვებე ნაჭყებიამ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენა და ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.