ყველაზე ცხელ წლებს შორის 2021-მა მე-5 ადგილი დაიკავა
ევროკომისიის კოპერნიკის კლიმატური კვლევების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ცხელ წლებს შორის 2021-მა მე-5 ადგილი დაიკავა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ყოველ ჯერზე უკანასკნელ 7 წელში დაფიქსირდა, რაც საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს.
შარშან საშუალო გლობალური ტემპერატურა, ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით, 1.1-1.2°C-ით მაღალი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ პარიზის შეთანხმების ფარგლებში დასახულ ზღვარს, 1.5 °C-ს, ნელ-ნელა ვუახლოვდებით.
ყველაზე ცხელი წლის სტატუსს ისევ 2016 ინარჩუნებს, მას 2020 მოჰყვება, რომელიც პირველს სულ რაღაც 0.01°C-ით ჩამოუვარდებოდა. შემდეგი 2019 გახლავთ, 2021-ს კი 2017 უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის სიცხემ 2015 და 2018-სას მხოლოდ მცირედით გადააჭარბა. ამან გავლენა იქონია, როგორც ხმელეთზე, ისე ოკეანეებზე. განსაკუთრებული სითბო იყო აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს, ჩრდილო-აღმოსავლეთ კანადის, გრენლანდიის, ცენტრალური და ჩრდილოეთ აფრიკის, ასევე, შუა აღმოსავლეთის მიმდებარედ.
ჩვეულებრივზე მეტად ციოდა ავსტრალიაში, ალასკაზე, ანტარქტიდაზე და წყნარი ოკეანის დიდ ნაწილში. ეს ატმოსფერული ფენომენით, ლა-ნინიათი არის განპირობებული.
ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში დედამიწის ატმოსფეროში მავნე აირების კონცენტრაციაზეცაა საუბარი. სპეციალისტთა განცხადებით, 2021 წელს ჰაერში ნახშირორჟანგისა და მეთანის შემცველობა გაიზარდა, უფრო მკვეთრად კი ამ უკანასკნელის.
ამაში დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით სათბურის აირები გამოიყოიფა.
კომენტარები