საახალწლო ფილმების ნოსტალგიური პოსტერები აღმოსავლეთ ევროპიდან
საახალწლო განწყობის შექმნაში უმნიშვნელოვანეს როლს კლასიკური სადღესასწაულო ფილმების ყურება ქმნის, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სოცრეალისტურ კინოსთან ასოცირდება. "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნებში კინოთეატრები არ აჩვენებდნენ ტრეილერებს, ამიტომ კინორეჟისორებისთვის უმნიშვნელოვანეს მარკეტინგულ იარაღს კინოაფიშები წარმოადგენდა. სწორედ მათ უნდა მოეზიდათ საახალწლოდ მაყურებელი, რაც დიზაინერებისგან ორიგინალურობასა და შემოქმედებითობას მოითხოვდა.
თავისთავად ხელოვნების ნიმუშები — ეს საახალწლო პოსტერები — ჩვენთვის კარგად ნაცნობ სადღესასწაულო ფილმებს ახალი კუთხით გვიჩვენებენ და, ამასთან, უახლოეს წარსულშიც გვამოგზაურებენ. ქვემოთ სწორედ 7 მათგანზე ვისაუბრებთ.
1. ბედის ირონია (1975)
რეჟისორი: ელდარ რიაზანოვი
რეჟისორ ელდარ რიაზანოვის მიერ 1975 წელს გადაღებული ბედის ირონია ალბათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა სადღესასწაულო ფილმია. საახალწლო სიყვარულის ისტორიამ, რომელიც ყოველ ზამთარს ეკრანების წინ ჯერ კიდევ კრებს მილიონობით მაყურებელს, ამგვარი ხანგრძლივი პოპულარობის წყალობით დროთა განმავლობაში პოსტერების დიდი რაოდენობა მოაგროვა. ფილმი მოგვითხრობს ახლად დანიშნული ჟენიას შესახებ (ანდრეი მიაგკოვი), რომელიც საუნაში დათრობის შემდეგ მოსკოვის ნაცვლად ლენინგრადში ამოყოფს თავს.
თუმცა, ჟენია ვერ აცნობიერებს, რომ სხვა ქალაქშია. ის მიდის ქუჩაზე, რომლის სახელიც მისი მოსკოვის სახლის მისამართს ემთხვევა და — საბჭოთა ეპოქის ურბანული დაგეგმარების წყალობით — საკუთარი ბინის იდენტურ საცხოვრებელში შედის. იქ ის ხვდება ნადიას — ბინის ნამდვილ მფლობელს და რომანტიკული ისტორიაც იწყება.
ნატალია ვიცინას ავანგარდისტული პოსტერი იმ ქუჩის აბრაზე კონცენტრირდება, რომელიც წყვილს ერთმანეთს შეახვედრებს; ხოლო ვლადიმირ საჩკოვის ვერსია ორ მთავარ პერსონაჟს ანიმაციურ სტილში ასახავს.
2. მაკნატუნა (1967)
რეჟისორი: ჰალინა ბიელინსკა
კლასიკური საშობაო ზღაპრის ჰალინა ბიელინსკასეულ ადაპტაციაში მარი და ფრიცი მარიანად (ელიზაბეტა ზაგუბიენი) და ფრიცეკად (იანუშ პომასკი) გარდაიქმნებიან, მაგრამ ჯადოსნური სათამაშოებისა და თაგვების ბოროტი მეფის ისტორია უცვლელი რჩება.
მაკნატუნას ეს ვერსია მსახიობთა შესრულებისა და "სტოპ-მოუშენ" ანიმაციის შერწყმით მიღებული ერთგვარი ექსპერიმენტია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ერიკ ლიპინსკის ცოტა არ იყოს და საშიში პოსტერი უფრო თამამი და ორიგინალურია, ვიდრე თავად ფილმი. ამასთანავე, ის უფრო მეტად შეესაბამება ერნსტ თეოდორ ჰოფმანის გოტიკური ამბის სულისკვეთებას.
ფილმ მაკნატუნას პოსტერი. ავტორი: ერიკ ლიპინსკი
ფოტო: Eryk Lipiński
3. კარნავალის ღამე (1956)
რეჟისორი: ელდარ რიაზანოვი
ელდარ რიაზანოვის მიერ 1956 წელს გადაღებული სადებიუტო ფილმის თითქმის ყველა პოსტერზე ქარიზმატული და ენერგიული ლენა კრილოვა — ფილმის მთავარი პერსონაჟი და საახალწლო კარნავალის ორგანიზატორია გამოსახული. ლუდმილა გურჩენკოს მიერ ბრწყინვალედ განსახიერებული ლენა იუმორისა და შემოქმედებითობის განსახიერებაა. თუმცა, მისი ამაღლებული განწყობა გამოცდის წინაშე დგება, როდესაც საშინელ ბიუროკრატსა და მხიარულების ჩამშხამებელ ამხანაგ ოგურცოვთან (იგორ ილიინსკი) უწევს დაპირისპირება.
წარმოუდგენლად მახვილგონივრულ და მოლოდინების თავდაყირა დამყენებელ ფილმში ვაწყდებით 50-იანი წლებისთვის დამახასიათებელი მოდის არაჩვეულებრივ სამოსსაც — მათ შორისაა ლენას საკულტო შავი ახალი სტილის კაბა, რომლის ხილვაც ნინა გოლიკოვას პოსტერზე შეგიძლიათ.
ფილმის, კარნავალის ღამე, პოსტერი. ავტორი: ნინა გოლიკოვა
ფოტო: Nina Golikova
4. სამი კაკალი კონკიასათვის (1973)
რეჟისორი: ვაცლავ ვორლიჩეკი
მაშინ, როდესაც ამერიკული კინოსტუდიები ჯერ კიდევ ცდილობენ, ეს კლასიკური ზღაპარი ფემინისტური გზავნილით გაამდიდრონ, ჩეხოსლოვაკიისა და აღმოსავლეთ გერმანიის 1973 წლის ერთობლივი ნამუშევარი ამას ძალდატანების გარეშე ახერხებს. ვაცლავ ვორლიჩეკის რეჟისორობით ნაცნობი ამბავი მრავალგანზომილებიან პერსონაჟ ქალს იძენს. ის კეთილი და რომანტიკულია, მაგრამ, ამასთან, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ცხენზე ჯირითი და იარაღის გამოყენება. გასაკვირი არ არის, რომ ფილმი ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიღმაც მრავალ ქვეყანაში გახდა შობის განუყოფელი ნაწილი და მისი ახალი ვერსია ნორვეგიაში წელს გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ სონია ვორლიჩკოვას პოსტერზე პრინცი კონკიაზე მაღლაა გამოსახული, თავად პრინცესა ბევრად უფრო კაშკაშად და ბრწყინვალედ გამოიყურება. ამ პოსტერის ორიგინალი ვერსია 300 ფუნტ სტერლინგადაა ხელმისაწვდომი.
ფილმის, სამი კაკალი კონკიასათვის, პოსტერი. ავტორი: სონია ვორლიცკოვა
ფოტო: Soňa Vorlíčková
5. საღამოები დიკანკას მახლობლად მდებარე ფერმაში (1962)
რეჟისორი: ალექსანდერ როუ
ალექსანდერ როუს 1962 წლის ფილმიც ცნობილი ზღაპრის ადაპტაციაა — ოღონდ, ამჯერად, ორიგინალი ნაწარმოების ავტორი ნიკოლოზ გოგოლია. ამასთან, შობის ღამეს (ასე ჰქვია ამბის ლიტერატურულ ვერსიას) სრულიად განსხვავებული მგრძნობელობაც აქვს. ხალხური კულტურისადმი რომანტიკოსთათვის ნიშნეული ინტერესისა და იუმორის სიურრეალისტური გრძნობის შერწყმით, გოგოლი საშობაო ისტორიაში თავად ეშმაკს აცოცხლებს. თუმცა, ნუ შეშინდებით: ამ ფანტასმაგორიულ ზღაპარში ეშმაკი მოულოდნელი თანამზრახველი ხდება მჭედელი ვაკულასი, რომელიც საყვარელი ადამიანის გულის მოგებას ცდილობს.
ალექსანდერ ლემეშჩენკოს პოსტერი ასახავს წყვილს, რომელიც ვაკულას მიერ სატრფოსთვის შეპირებული ცარიცას წაღების შუქითაა განათებული. ხოლო დიმიტრი კრანსოპევცევი მჭედლისა და ეშმაკის კომედიური დუეტის გამოსახვას ამჯობინებს.
ფილმის, საღამოები დიკანკას მახლობლად მდებარე ფერმაში, პოსტერი. ავტორი: ალექსანდერ ლემეშჩენკო
ფოტო: Aleksandr Lemeshchenko
ფილმის, საღამოები დიკანკას მახლობლად მდებარე ფერმაში, პოსტერი. ავტორი: დიმიტრი კრანსოპევცევი
ფოტო: Dmitry Kransopevtsev
6. მყუდრო ბუნაგები (1999)
რეჟისორი: იან გრჟებეიკი
რეჟისორ იან გრჟებეიკის 1999 წლის ფილმი, მყუდრო ბუნაგები (იგივე Pelíšky), მართალია, საბჭოთა პერიოდში არ გადაღებულა, თუმცა იმ დროს განვითარებულ მოვლენებს კი აღწერს. ის საშობაო ფავორიტია ჩეხეთის რესპუბლიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მეორე ნაწილი 1968 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში საბჭოთა ტანკების მიერ ქვეყნის ლიბერალიზაციის მცდელობების აღკვეთას ასახავს. სამი ოჯახის ამაღელვებელი ისტორია ზომიერად უცენზურო იუმორითა და ზედმიწევნით აღწერს ჩეხოსლოვაკიის საზოგადოების სურათს.
მყუდრო ბუნაგებს არ აკლია სადღესასწაულო და მხიარული განწყობა, მაგრამ დიზაინერი ალეშ ნაიბრტი თავისი პოსტერის შესაქმნელად მინიმალისტურ მიდგომას ირჩევს. იგი ყურადღებას ამახვილებს ფილმის მთავარ სიმბოლოზე — აღმოსავლეთ გერმანიიდან შემოტანილ ძვირფას პლასტმასის კოვზებზე. მისი ამ თითქმის სრულად თეთრი ნამუშევრის შეძენა 60 ფუნტ სტერლინგად შეგიძლიათ.
ფილმ მყუდრო ბუნაგების პოსტერი. ავტორი: ალეშ ნაიბრტი
ფოტო: Aleš Najbrt
7. დეკალოგი: მესამე (1989)
რეჟისორი: კშიშტოფ კესლევსკი
კშიშტოფ კესლევსკის მიერ 1989 წელს გადაღებული ცნობილი სერია ათ მცნებას ეფუძნება და მიუხედავად იმისა, რომ მესამე მათგანში მოვლენები შობის დღესასწაულზე ვითარდება, ის ამ სიის ყველაზე მხიარული ფილმი ნამდვილად არ არის. დეკალოგის ამ ნაწილში იანუშმა — ტაქსის მძღოლმა, რომელსაც დანიელ ოლბრიჩსკი განასახიერებს — უნდა აირჩიოს, ვისთან გაატარებს შობის ღამეს, ცოლთან თუ ყოფილ საყვარელთან. ამგვარად, ეს ეპიზოდი აერთიანებს ორ ბიბლიურ შეგონებას: "გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდაჰყო იგი" და "არა იმრუშო".
თანამედროვე პოლონელი მხატვრის, ევა ბაჟეკის ეს პოსტერი შესანიშნავად გადმოსცემს ფილმის ჩახლართულ ურთიერთობებსა და მორალურ დილემებს. თუ ოდნავ შავბნელი საშობაო დეკორაცია თქვენს გემოვნებას ემთხვევა, ამ პოსტერის შეძენაზეც შეგიძლიათ დაფიქრდეთ.
ფილმის, დეკალოგი: მესამე, პოსტერი. ავტორი: ევა ბაჟეკი
ფოტო: Ewa Bajek
კომენტარები