რუსული რაკეტის მეორე უკონტროლო საფეხური დედამიწაზე ჩამოვარდა
რუსული რაკეტის Angara-A5 მეორე საფეხური, რომელიც Persei-ს სახელითაა ცნობილი, მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა და ოკეანეში ჩავარდა.
აპარატი გასული წლის 27 დეკემბერს პლესეცკის კოსმოდრომიდან გაუშვეს. მისია სადემონსტრაციო დანიშნულების გახლდათ, რაკეტაში კი სატესტო ტვირთი იყო მოთავსებული. აფრენის შემდეგ, Persei-მ ჩვენი პლანეტის ორბიტამდე ვერ მიაღწია და გრავიტაციამ ის ისევ უკან მოიზიდა.
რაკეტა დაახლოებით 20 ტონას იწონიდა, რომლის 75 პროცენტიც საწვავს ეკავა. ის ატმოსფეროში შემოსვლისას თითქმის სრულად დაიწვებოდა, ამიტომ დედამიწაზე მხოლოდ პატარა ფრაგმენტები ჩამოაღწევდა.
ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების ცნობით, Angara-A5-ის მეორე უკონტროლო საფეხური წყნარი ოკეანის თავზე 2022 წლის 5 იანვარს გამოჩნდა.
სპეციალისტების თქმით, მომხდარი საშიშროებას არ წარმოადგენდა, რადგან ამგვარი 4-ტონიანი ობიექტის უდიდესი ნაწილი ჩამოვარდნამდე განადგურდებოდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები ყოველთვის ასე არ მთავრდება. ზოგჯერ, ფრაგმენტები ხმელეთზე, დასახლებულ არეალშიც ცვივა, რაც მოსახლეობას საფრთხის წინაშე აყენებს.
კომენტარები