ზოგისთვის ახალი წელი გოზინაყთან, ზოგისთვის ოჯახის შეკრებასთან, ბევრისთვის კი მარტო სახლშის ყურებასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში გადმოცემული ამბავი ძალიან სახალისოა, ჰარისა და მარვის პერსპექტივიდან იგი საკმაოდ მტკივნეული, დაკვირვებული მაყურებლისთვის კი — არარეალისტურიცაა. სახეზე უთოს დაცემა, შუშის ნამსხვრევებზე გავლა და თავში დაშენილი აგურები ნებისმიერ ადამიანს სერიოზულად დააზიანებდა, კევინ მაკკალისტერის სახლში შეპარულ ბანდიტებს კი, ერთი შეხედვით, არაფერს მართებს და მათ მხოლოდ 8 წლის ბავშვისთვის სამაგიეროს გადახდის სურვილს უმძაფრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, შესაძლოა, ყველასთვის საყვარელ ფილმს ძველებურად ვეღარასდროს უყუროთ, მაინც უნდა მოგიყვეთ, თუ რა ეფექტი ექნებოდა სინამდვილეში კევინის დაგებულ მახეებს და რა მეცნიერება დგას მისი ხრიკების უკან.

პნევმატური იარაღიდან ვისთვის არ უსვრიათ?!

მარვი და ჰარი უკვე დარწმუნებულები არიან, რომ კევინი სახლში მარტოა და საღამოს ცხრა საათზე მასთან სტუმრობას გადაწყვეტენ. ამ სცენაში ბანდიტები კევინს კარზე უკაკუნებენ, 8 წლის პატარა კი მათ შეიარაღებული ხვდება და ერთს ფეხებს შორის ესვრის, მეორეს კი პირდაპირ შუბლში.

ფოტო: turboimg.net

კორნელის სამედიცინო კოლეჯის ექიმ რაიან სენ კლერის თქმით, კლასიკური პნევმატური იარაღების სიჩქარე 107 მეტრი წამშია, ან ნაკლები. ასეთი ახლო მანძილიდან გასროლილ მეტალის ტყვიას კანის გახლეჩვა შეუძლია, თუმცა იგი თავის ქალაში ვერ გაივლის და, სავარაუდოდ, ვერც ჰარის სათესლეებში შეაღწევდა, მით უმეტეს ტანსაცმლის გავლით.

ამის შემდეგ მარვი მოყინულ კიბეებზე ჩასრიალდება, ჰარის კი ასევე მოყინულ კიბეზე ასვლისას უცურდება ფეხი და ზურგზე ეცემა. ამ შემთხვევებზე ექიმის შეფასება არ მომისმენია, თუმცა პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ თუ ბანდიტი/არაბანდიტი იღბლიანია, ორივეს შეიძლება კისრის მოტეხის გარეშე გადაურჩეს

ცხელი უთოს დაცემას ყველა ვერ გადაურჩებოდა

მოყინულ კიბეებზე ჩამოსრიალების შემდეგ ჰარი ფეხზე წამოდგომას ახერხებს და მაკკალისტერების სახლის სარდაფში შედის. აქ ბანდიტებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომ კევინი სახლის დასაცავად ყველაფერზეა წამსვლელი და ცოტა წინდაუხედავად იქცევიან. ამ დროს მარვი, თავისი აზრით, ბნელ სარდაფში სინათლეს ანთებს, სინამდვილეში კი ცხელ უთოზე მობმულ თოკს ქაჩავს და სახეზე შემთხვევით ახალ შრამს იმატებს.

ფოტო: looper.com

ექიმის დიაგნოზით, თუ დავუშვებთ, რომ უთო 2 კილოგრამამდე იწონის და დაახლოებით 4.5 მეტრის სიმაღლიდან ვარდება, მისი სახეში მოხვედრა თვალების გარშემო ძვლების დასამტვრევად საკმარისი იქნებოდა. შესაბამისი მკურნალობის გარეშე, ამან, შესაძლოა, სახის დასახიჩრება და დიპლოპია (ორმაგი ხედვა) გამოიწვიოს.

ამ ბრძოლაში ხის კარებიც კი კევინის მხარეს იყო

მოყინულ კიბეებზე ასვლის ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჰარი როგორღაც კარამდე მიაღწევს და ხელს სახელურს ჰკიდებს, რომელზეც მეორე მხრიდან ელექტრო გამაცხელებელია ჩამოკიდებული. სახელური რკინისაა, კარი კი — ხის, ასე რომ, თუ რკინა ისეთ ტემპერატურამდე გაცხელდება, რომ წითლად დაიწყებს ნათებას, სავარაუდოდ, ეს კარების დაწვასაც გამოიწვევს. ეს სცენა დაახლოებით Vsauce-მაც გაიმეორა — გამაცხელებლის ჩამოკიდებიდან ნახევარი საათის შემდეგ სახელურის შიდა ნაწილი 482oC-მდე გაცხელდა, გარეთა ნაწილი კი მხოლოდ 18oC-მდე.

ჩავთვალოთ, რომ კარი მართლაც ისე გაცხელდა, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები. ექიმი სენკლერის თქმით, გახურებული სახელური ჰარის იმაზე მეტად დაუზიანებდა ხელს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

"თუ სახელური სიბნელეშიც წითლად ელავს, იგი დაახლოებით 399oC-მდე უნდა იყოს გაცხელებული. შედარებისთვის, 68oC ტემპერატურის ნივთზე ერთი წამით შეხება მესამე ხარისხის დამწვრობას იწვევს", — ამბობს ექიმი. "სინამდვილეში ჰარი ხელს მთლიანად არ დაკარგავდა, მაგრამ მას ისეთი გართულებები ექნებოდა, როგორიც ინფექციის მაღალი რისკი და ქსოვილის დაზიანების შედეგად ხელის მოძრაობის სერიოზული შეზღუდვაა".

თქვენ როგორ იქცევით ხოლმე, ანთებულ ლამფას რომ გიშვერენ?

მთავარ კართან ხელის დაწვის შემდეგ ჰარი სათადარიგო კარიდან ცდილობს სახლში შესვლას. კარის გაღებისას სარჩილავი ლამფა ინთება და სველ ბანდიტს თავზე ცეცხლი ეკიდება. ჰარის მის სკალპზე მიმართული სარჩილავი ლამფის ანთებაზე საინტერესო რეაქცია აქვს. ქუდის მოხდის და გაქცევის ნაცვლად, იგი ხუთი წამის განმავლობაში ადგილიდან არ იძვრის და უბრალოდ ყვირის.

ფოტო: moviewebimages.com

ექიმი სენკლერის თქმით, თავზე ცეცხლის ამდენი ხნით მოკიდებას თავის ქალის ძვლის ნეკროზი უნდა გამოეწვია. ეს ნიშნავს, რომ ჰარის თავზე კანი და ძვლის ქსოვილი იმდენად დაზიანებული უნდა ყოფილიყო, რომ მას თავის ქალის ძვლის ტრანსპლანტი დასჭირდებოდა.

ნაძვის ხის სათამაშოებზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე...

ფოტო: amazon.com

ცხელი უთოს დაცემის შემდეგ, მარვი გუდრონით დაფარულ კიბეებზე ჯერ ფეხსაცმელებს ტოვებს, შემდეგ წინდებს, ბოლოს კი გრძელ ლურსმანს არჭობს ფეხს და ზურგით ისევ სარდაფში ეშვება. ჰარის მსგავსად, ისიც ნებდება და უკვე ფანჯრიდან ცდილობს სახლში შესვლას, სადაც შიშველი ფეხებით წვეტიან სათამაშოებზე ეშვება.

"ნაძვის ხის სათამაშოებზე სიარული საკმაოდ უმნიშვნელო ჩანს იმ ყველაფერთან შედარებით, რაც ბანდიტებმა აქამდე გადაიტანეს. მარვის ადგილას მე სახის მოტეხილობები უფრო შემაწუხებდა", — ამბობს სენ კლერი.

რა მოვუხერხოთ საღებავის ქილებს, როცა შესაღები არაფერია?!

თქვენ ცარიელი სახლი და ორი ბანდიტი მიაბარეთ და კევინი ყველაფერს მოუძებნის გამოყენებას.

მძიმედ დაზიანებული ჰარი და მარვი საბოლოოდ აღწევენ სახლში, სადაც მათ კიდევ უფრო მეტი განსაცდელი ელით. სახლის მეორე სართულიდან კევინის ხმის გაგონების შემდეგ ბანდიტები მის დასაჭერად მიემართებიან, რა დროსაც ჯერ მარვს ხვდება სახეში საღებავით სავსე ქილა, შემდეგ კი ჰარის.

ფოტო: independent.co.uk

"თუ დავუშვებთ, რომ თითოეული ქილა დაახლოებით 4.5 კილოგრამს იწონის და თოკი, რომლებზეც ისინია ჩამოკიდებული, 3 მეტრის სიგრძისაა, მარვი და ჰარი, დაახლოებით, 2 კილო-ნიუტონის დარტყმას იღებენ სახეში. ეს ძალა სახის რამდენიმე ძვლის დასამტვრევად სრულიად საკმარისია და, სავარაუდოდ, გონის დაკარგვასაც გამოიწვევდა. ასევე, არ ვფიქრობ, რომ ამ ინციდენტს ისინი კბილების დაკარგვის გარეშე გადაურჩებოდნენ", — ამბობს სენ კლერი.

ასე რომ, არ ვიცით, ჰარი და მარვი რკინის ადამიანები არიან თუ უცხოპლანეტელები, მაგრამ კევინი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, არც ერთი რომ არ შემოაკვდა, ჩვეულებრივი ადამიანები კი მას საღ-სალამათები ვერ გადავურჩებოდით.