ძვირდება თუ იაფდება — ვინ და რამდენს გადაიხდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში
22 დეკემბერს თბილისის მერმა გვითხრა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება. კახა კალაძემ მთავარი აქცენტი სწორედ ამაზე გააკეთა და ფასებიც ისე ჩამოთვალა, თითქოს მთავარი სიახლე აბონემენტები იყო და არა მგზავრობის საფასურის ზრდა. კერძოდ, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იქნება ეს მეტრო, ავტობუსი თუ მიკროავტობუსი, მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება.
რა ღირს და როგორ ვიყიდოთ ბარათები
თავდაპირველად გეტყვით, რომ ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდა არ უქმდება. ამ ბარათებით მგზავრობას კვლავ შეძლებთ, თუ აბონემენტის შეძენა არ გსურთ. თუმცა ფასი ამ შემთხვევაშიც იზრდება და ერთჯერადი მგზავრობა 1 ლარი ეღირება.
რაც შეეხება ახალ სისტემას, კახა კალაძის ინფორმაციით, ის 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და შეიქმნება შესაბამისი ტიპის ბარათებიც. მათი შეძენა 5 იანვრიდან, მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში შეგიძლიათ.
იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ბარათებით სარგებლობა სურთ, მერია 7 არჩევანს სთავაზობს:
- 90-წუთიანი ბარათი — საფასური 1 ლარი. ბარათით შესაძლებელია საათნახევრის განმავლობაში მგზავრობა მეტროში, ავტობუსში, მიკროავტობუსში და ამ პერიოდში დამატებით თანხა აღარ ჩამოგეჭრებათ, მათ შორის, არც გადაჯდომის შემთხვევაში.
- ულიმიტო ერთდღიანი ბარათი — საფასური 3 ლარი. ბარათით შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში მგზავრობა მეტროში, ავტობუსში, მიკროავტობუსში. ამ პერიოდში დამატებით თანხა აღარ ჩამოგეჭრებათ, მათ შორის, არც გადაჯდომის შემთხვევაში.
- ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი — საფასური 20 ლარი. ბარათით შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში მგზავრობა მეტროში, ავტობუსში, მიკროავტობუსში. ამ პერიოდში დამატებით თანხა აღარ ჩამოგეჭრებათ, მათ შორის, არც გადაჯდომის შემთხვევაში.
- ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი — საფასური 40 ლარი. ბარათით შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში მგზავრობა მეტროში, ავტობუსში, მიკროავტობუსში. ამ პერიოდში დამატებით თანხა აღარ ჩამოგეჭრებათ, მათ შორის, არც გადაჯდომის შემთხვევაში. კალაძე ამბობს, რომ მერიის გათვლებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ "საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან". კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ამ ბარათის მფლობელები თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე დაზოგავენ.
- ულიმიტო, სამთვიანი ბარათი — საფასური 100 ლარი. ბარათით შესაძლებელია სამი თვის განმავლობაში მგზავრობა მეტროში, ავტობუსში, მიკროავტობუსში. ამ პერიოდში დამატებით თანხა აღარ ჩამოგეჭრებათ, მათ შორის, არც გადაჯდომის შემთხვევაში. თბილისის მერის თქმით, ეს ბარათი "კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის".
- ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი — საფასური 150 ლარი. ბარათით შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში მგზავრობა მეტროში, ავტობუსში, მიკროავტობუსში. ამ პერიოდში დამატებით თანხა აღარ ჩამოგეჭრებათ, მათ შორის, არც გადაჯდომის შემთხვევაში. კახა კალაძის მტკიცებით, ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, "ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს".
- ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი — საფასური 250 ლარი. ბარათით შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში მგზავრობა მეტროში, ავტობუსში, მიკროავტობუსში. ამ პერიოდში დამატებით თანხა აღარ ჩამოგეჭრებათ, მათ შორის, არც გადაჯდომის შემთხვევაში. თბილისის მერის გათვლებით, ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა.
ვის ექნება შეღავათი
მერიაში აცხადებენ, რომ ამ ცვლილების პარალელურად, ის შეღავათები, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყო, კვლავ დარჩება. კახა კალაძის თქმით, უფასოდ იმგზავრებენ:
- თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები;
- მოსწავლეები;
- უბნის ინსპექტორები და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;
- თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები;
- თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები.
რაც შეეხება შეღავათიან მგზავრობას, როგორც კალაძე ამბობს, ეს კვლავ ძალაში რჩება და საფასური ისევ 20 თეთრი იქნება. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ისარგებლებენ:
- თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები;
- საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;
- პენსიონერები;
- თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები;
- თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები.
გარდა ამისა, კალაძემ თქვა, რომ 10 თეთრად იმგზავრებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.
ძვირდება თუ იაფდება?
ეს ყველა მოქალაქის შემთხვევაში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხშირად მგზავრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ზოგადი სურათის შესაქმნელად, მოქმედი და მომავალი ტარიფები ერთმანეთს შევადარეთ და შედარებისთვის ავიღეთ 22 დღე — თვის განმავლობაში, საშუალოდ, სწორედ ამდენი სამუშაო დღე გამოდის.
აღსანიშნავია, რომ 90-წუთიანი ულიმიტო პაკეტი ფაქტობრივად, ახლაც მოქმედებს — პირველი მგზავრობის შემდეგ საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა უფასოა.
თუ თქვენ თვის განმავლობაში, საშუალოდ, 22 დღე მუშაობთ და მგზავრობისთვის ისეთ ტრანსპორტს იყენებთ, რომლის ღირებულებაც 50 თეთრია (მეტრო, ავტობუსი, ლურჯი მიკროავტობუსი), მაშინ თვის განმავლობაში მგზავრობისთვის თქვენ მიერ გაწეული ხარჯი 22 ლარია.
იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ 90-წუთიან პაკეტს გამოიყენებთ, თქვენი თვიური ხარჯი გაორმაგდება და 44 ლარი იქნება. ყოველდღიურად ულიმიტო 1-დღიანი ბარათის შეძენის შემთხვევაში კი, თვის ბოლოს თქვენი ხარჯი 66 ლარს მიაღწევს.
ულიმიტო ერთკვირიანი ბარათის საფასური 20 ლარია — შვიდივე დღის განმავლობაში მგზავრობის შემთხვევაშიც კი, ჩვენ მიერ დათვლილი მოდელით ახლა მგზავრობაში კვირაში 14 ლარს ხარჯავთ, მხოლოდ სამუშაო დღეებში — 10-ს.
ულიმიტო ერთთვიანი ბარათისთვის 40 ლარი უნდა გადაიხადოთ — ჩვენი დაშვების მიხედვით, 22 სამუშაო დღის განმავლობაში მგზავრობა 22 ლარი გიჯდებათ, ამ შემთხვევაში კი ხარჯი 18 ლარით გეზრდებათ.
ულიმიტო სამთვიანი ბარათის საფასური 100 ლარია. თვეში 22 დღის განმავლობაში მგზავრობის შემთხვევაში, თქვენი ხარჯი 66 ლარი გამოდის, ანუ მგზავრობა გიძვირდებათ. მეტიც, მთელი თვის ხარჯიც რომ გადავთვალოთ, მგზავრობა ახლა უფრო იაფი გამოდის, ვიდრე კალაძის მოდელით.
ულიმიტო ექვსთვიანი ბარათის შეძენის შემთხვევაში (150 ლარი), თუ თვეში 22 დღე მგზავრობთ, თქვენი ხარჯი 6 თვის განმავლობაში 132 ლარს შეადგენს, ანუ მგზავრობა გიძვირდებათ. ხოლო თუ თქვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ყოველ დღე და არამხოლოდ სამუშაო დღეებში, მაშინ მგზავრობა გიიაფდებათ.
ულიმიტო ერთწლიანი მგზავრობის საფასური 250 ლარია. მხოლოდ 22 დღის განმავლობაში მგზავრობის შემთხვევაში კი თქვენი ამჟამინდელი ხარჯი 6 თვის განმავლობაში არის 264 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ კალაძის მიერ შემოთავაზებული მოდელით თქვენთვის მგზავრობა იაფდება. ბევრად უფრო ნაკლები გექნებათ ხარჯი, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველ დღე სარგებლობთ და არამხოლოდ სამუშაო დღეებში.
ამ ჩამონათვალში არ არის შეყვანილი ყვითელი მიკროავტობუსი, რომელიც, როგორც მერიაში ამბობენ, თებერვლიდან საერთოდ აღარ იქნება. იმ ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში მხოლოდ ყვითელი მიკროავტობუსით მგზავრობდნენ, სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში, მგზავრობა უძვირდებათ. არსებული ტარიფი 80 თეთრია, დღის განმავლობაში მეორე და ყოველი მომდევნო მგზავრობა კი 65 თეთრი ღირს. ანუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელით, თქვენი ხარჯი ახლა არის 1,45 ლარი, კალაძის ინიციატივის შემდეგ კი 2 ლარი გახდება. თუმცა, თუ ორივე გზაზე გჭირდებათ ერთდროულად ორი ტრანსპორტის გამოყენება, მაგალითად, მეტრო და ყვითელი მიკროავტობუსი, ამ შემთხვევაში მგზავრობა გაგიიაფდებოდათ, თუმცა ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ ყვითელი მიკროავტობუსები საერთოდ აღარ იქნება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატარიფო ცვლილება მგზავრების საფასურის გაძვირებასა თუ გაიაფებაზე ინდივიდუალურად მოქმედებს. შესაბამისად, რთულია ყველა მოდელის ზუსტად გამოთვლა. ჩვენ ყველაზე ხშირად გამოყენებადის სავარაუდო შედეგები ვიანგარიშეთ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მგზავრობა, სავარაუდოდ, გაიაფდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღის განმავლობაში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. მათთვის კი, ვინც ამჟამად მგზავრობისთვის 50-თეთრიან სატრანსპორტო საშუალებას იყენებს და თვის განმავლობაში, საშუალოდ, 22 დღე მგზავრობს, ახალი სატარიფო სისტემით მგზავრობა ყველა შემთხვევაში ძვირდება, გარდა წლიური, 250-ლარიანი ულიმიტო პაკეტისა.
მაღალი ინფლაციისა და არსებული ეკონომიკის პირობებში, რთულია იმის თქმა, რომ ბევრი ადამიანი შეძლებს ერთბაშად 250 ლარის გადახდას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი მოქალაქეების ნაწილი პერიოდულად ტაქსითაც მგზავრობს, შესაბამისად, შესაძლოა ერთწლიან აბონემენტში წინმსწრებად 250 ლარი არ გადაიხადონ.
კომენტარები