COVID-19-ის გადატანა სპერმას აზიანებს, თუმცა ვირუსი მისი გავლით არ ვრცელდება — კვლევა
შესაძლოა, COVID-19-ის სიმპტომურმა გამოვლენამ სპერმის ხარისხი და მასში სპერმატოზოიდების კონცენტრაცია თვეობით შეამციროს. მიგნებები ჟურნალ Fertility and Sterility-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში 120 აუცრელი კაცის ნიმუში შეისწავლეს, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელი გახლდათ. ნიმუშები COVID-19-ის გადატანიდან და სიმპტომების გაქრობიდან საშუალოდ 52 დღის შემდეგ აიღეს.
კარგი ამბავი ისაა, რომ მეცნიერებს სპერმაში SARS-CoV-2-ის არსებობის არანაირი ნიშანი არ შეუმჩნევიათ, რაც მიანიშნებს, რომ COVID-19 სპერმით არ გადადის. მიუხედავად ამისა, გრიპის ვირუსის მსგავსად, მისი დაზიანება კორონავირუსსაც შეუძლია. გრიპის შემთხვევაში, ამას სხეულის მაღალი ტემპერატურა განაპირობებს, თუმცა COVID-19-ის კუთხით მექანიზმი ნათელი მაინც არ არის. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იგი იმუნურ რეაქციას უკავშირდებოდეს.
კოვიდით ინფიცირებიდან ერთი თვის შემდეგ, სპერმაში სპერმატოზოიდების კონცენტრაცია შემცირებული მონაწილეთა 37 პროცენტს ჰქონდა, 60 პროცენტში კი გაუარესება დაქვეითებული მობილობით გამოიხატებოდა.
ინფიცირებიდან 1-2 თვის შემდეგ სპერმის კონცენტრაცია დაახლოებით 29 პროცენტს ჰქონდა შემცირებული, დაქვეითებული მობილობა კი კაცების 37 პროცენტში შენიშნეს.
საბოლოოდ, ინფიცირებიდან ორი თვის შემდეგ სპერმატოზოიდების კონცენტრაცია შედარებით დაბალი მხოლოდ კაცების 6 პროცენტში გახლდათ, შემცირებული მობილობა კი დაახლოებით მონაწილეთა მეოთხედს აღენიშნებოდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მინიმუმ სამი თვე იქნება საჭირო იმისათვის, რომ სპერმა კვლავ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საკვლევი ჯგუფი მცირე იყო, კვლევის შეზღუდვებს კი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
COVID-19-ის ინფექციასა და ფერტილობის კავშირის შესახებ დამატებითი კვლევების ჩატარება იქნება საჭირო, თუმცა კი მიღებული მონაცემები მაინც საკმარისია იმაში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად, რომ COVID-19-თან თამაში არ ღირს და მისგან თავდასაცავად ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას უნდა მივმართოთ.
კომენტარები