ერევნის მერი გადააყენეს, ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს
პირველად სომხეთის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ერევნის მერს საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა. ოდესღაც ფაშინიანის ახლო მოკავშირე, ჰაიკ მარუტიანი სომხეთის დედაქალაქის მერი 2018 წლიდან იყო.
44 ხმით 10-ის წინააღმდეგ, ერევნის მერის ყოფილი მოადგილე, ჰრაჩია სარგსიანი მარუტიანის ნაცვლად აირჩიეს.
ჰაიკ მარუტიანმა მერად ყოფნისას ბოლო გამოსვლაში მკაცრად გააკრიტიკა სომხეთის პოსტრევოლუციური მთავრობა — ოფიციალური პირები დაადანაშაულა, რომ მერიის იმ თანამშრომლების გათავისუფლებას სთხოვდნენ, რომლებიც Facebook-ზე "ცუდ" კომენტარებს წერდნენ, ან ცუდ პოსტებს "ალაიქებდნენ". ასევე, თქვა, რომ ისინი თავიანთი თავებისთვის, მეგობრებისა და ნათესავებისთვის განსაკუთრებულ პრივილეგიებს მოითხოვდნენ.
"მოდით, ეს ყვავილების საწოლი აქ დავდგათ, მივცეთ მშენებლობის უფლება, მივცეთ [შენობაზე] სართულების დამატების უფლება, ეს მიწა გავაფართოვოთ და სხვა", — თქვა ყოფილმა მერმა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომლებსაც სავარაუდოდ იღებდა.
მისი თქმით, ყველა შემთხვევაში მისგან პასუხი ერთი და იგივე იყო — "სანამ მე აქ ვარ, ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდება".
16 დეკემბერს სომხეთის მმართველი პარტია, სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ერევნის საკრებულოში უმრავლესობა აქვს, მარუტიანის გადაყენება Facebook-პოსტით გაამართლა და პარტიიდან მისი წასვლის მაგალითი მოიყვანა. მათი თქმით, მარუტიანმა არ დაიცვა საარჩევნო პროგრამა, ასევე, ვერ აღასრულა თავისი "მისია", რომ "ერევნის მუნიციპალიტეტში სისტემური კორუფცია აღმოეფხვრა".
ყოფილი მერის თქმით, პარტია 2020 წლის დეკემბერში დატოვა.
მარუტიანმა პარტიის დატოვების მიზეზად ოფიციალური პირების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაასახელა. მისი თქმით, ეს "რევოლუციური" ქალაქის ადმინისტრაციისთვის შეუფერებელი იყო.
"ეს ხალხი რევოლუციის პრივატიზებას ცდილობს, ცდილობენ, რომ სამოქალაქო ხელშეკრულება რევოლუციური ღირებულებების ერთადერთ მატარებლად და მემკვიდრედ აქციონ. ეს ჩემთვის მიუღებელია", — თქვა მან.
ქალაქის მერიაში სამოქალაქო ხელშეკრულების მიერ მართული ფრაქციის, ჩემი ნაბიჯის წევრებმა, გრიგორ იერიციანმა და გაიანე ვარდანიანმა მარუტიანის გადაყენების გამო თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ჩემი ნაბიჯის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა საკრებულოში, ვაჰე გევორგიანმა ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებების გამო, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს ზოგიერთ წევრს მარუტიანის წინააღმდეგ ხმის მიცემა აიძულეს, მისი გადაყენება დაგმო.
21 დეკემბერს მერიაში სიტყვით გამოსვლისას გრიგორ იერიციანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის მერის გადაყენებას ხმას არ მისცემდა, ფრაქციის ხელმძღვანელი, არმენ გალჯიანი იმ საბჭოს ფულადი სახსრების გაყინვით დაემუქრა, რომელსაც იერიციანი ხელმძღვანელობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია, ინფორმირებულ მოქალაქეთა გაერთიანებამ ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე მარუტიანის ბრალდებებთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივარი შეიტანა.
მართალია, საკრებულოს წევრებმა ლუისის ფრაქციიდან, რომელიც სომხეთის ლიბერალურ ოპოზიციურ პარტიასთანაა დაკავშირებული, მარუტიანის გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, მათ მაინც ღიად გააკრიტიკეს ყოფილი მერის თანამდებობაზე ყოფნის ვადა და თქვეს, რომ მან გადამწყვეტი რეფორმების განხორციელება ვერ შეძლო.
"ჰაიკ მარუტიანი სამოქალაქო ხელშეკრულების პარტიაში ოპორტუნისტულად გაწევრიანდა და მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, იმავე გზით დატოვა", — განაცხადა საკრებულოს წევრმა ლუისიდან, დავით კაჯაკიანმა.
ზოგიერთმა პოლიტიკურმა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ჰაიკ მარუტიანი, შესაძლოა, ოპოზიციაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ გამოჩნდეს.
"[მარუტიანისადმი] ფართო საჯარო ყურადღება კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს, რომ ის, შესაძლოა, ნამდვილი საფრთხე იყოს ფაშინიანისთვის", — დაწერა Civilnet-ის ჟურნალისტმა, ემილიო კრიკიომ საკუთარ Twitter-ზე.
როგორც ინფორმირებული მოქალაქეების გაერთიანების პროექტის კოორდინატორმა OC Media-ს განუცხადა, მარუტიანის გადაყენება სამოქალაქო ხელშეკრულების გუნდსა და უფრო ფართო რევოლუციურ გუნდს შორის დაპირისპირების შედეგია.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები